მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რა უპირატესობები დაკარგა საქართველოს საინვესტიციო გარემომ?

5ed3ac1052080
BM.GE
31.05.20 17:06
1397
„იმისთვის, რომ ინვესტიციები მოიზიდო, მსოფლიო ბიზნეს რუკაზე ჩაეწერო, საჭიროა, რაღაცეები დათმო, ამ დროს გარკვეული მოქნილობაა აუცილებელი“, - ამის შესახებ BLC Law Office პარტნიორმა ქეთი ქვარცხავამ საქართველოს საინვესტიციო გარემოზე, „Forbes კვირასთან“ საუბრისას განაცხადა.

„ჩვენ თავს ვიწონებდით რამდენიმე რაღაცით: ერთი იყო დაბალი გადასახადები, მეორე ადმინისტირების დაბალი მოთხოვნები, მარტივი ლიცენზირების მოთხოვნები, წვდომა მთავრობასთან და შემდეგ, საინვესტიციო დავების სწრაფი გადაწყვეტის მექანიზმი.

გადასახადებს რაც შეეხება, ის უპირატესობა, რომელიც დაბალი გადასახადების კუთხით, 12-13 წლის წინ გვქონდა, აღარ ითვლება უპირატესობად, რადგან ქვეყნების უმეტესობამ გადასახადების ბალანსი დაიჭირა იქ, სადაც ჩვენ ვდგავართ, ანუ ყველაზე დაბალი გადასახადებით თავს ვერ მოვიწონებთ.

მეორე - ლიცენზირებისა და ნებართვების მომენტი გაართულა PPP (კერძო-საჯარო პარტნიორობის შესახებ) კანონმა, რადგან მანამდე უმეტესობა საქმიანობისა ლიცენზიებსა და ნებართვებს აღარ საჭიროებდა“, - განაცხადა ქვარცხავამ და დასძინა, რომ კერძო-საჯარო პარტნიორობის შესახებ კანონმა რიგი პროექტების განხორციელება გააჭიანურა.

„ჩვენ ველოდით სახელმწიფოსა და კერძო სექტორს შორის თანამშორმლობის ნორმებს, რომელიც 2018 წელს მივიღეთ, რამაც პირიქით, იმის ნაცვლად, რომ გაემარტივებინა ურთიერთობები, გაართულა სიტუაცია და ყველა ის ნებართვა, თუ პროცედურა, რომელსაც მოიცავს ინვესტიციების განხორციელება, გახდა უფრო რთული, ვიდრე აქამდე იყო“, - აღნიშნა მან.

საინვესტიციო გარემოს შეფასებისას იურისტმა შენიშვნები „სახელმწიფო ქონების შესახებ“ კანონთან დაკავშირებითაც გამოთქვა.

„კანონი, რომელიც ინვესტორებს ძალიან არ მოსწონთ, როცა გებულობენ და ვერც ხვდებიან ამის მიზეზს, ეს არის “სახელმწიფო ქონების შესახებ“ კანონთან დაკავშირებული პრობლემა, რომელიც მოიცავს ისეთ მუხლსაც, რომლის მიხედვით, თუ ინვესტიცია არ განხორციელდა ბოლომდე, სახელმწიფო ქონების შესყიდვის შემდეგ, ანუ თუ სახელმწიფომ არ ჩათვალა, რომ ბოლომდე გაქვს ინვესტიცია განხორციელებული, ასეთ შემთხვევაში სახელმწიფოს შეუძლია მთელი ინვესტიცია ისე წაიღოს, ქონება ისე დაიბრუნოს მთელი დანახარჯით, რომ არაფერი აუნაზღაუროს ინვესტორს“, - განაცხადა ქეთი ქვარცხავამ.