მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რა უშლის ხელს ელექტრონული კომერციის განვითარებას საქართველოში - EBA-ს განცხადება

5ef7053d03560
ვიქტორია მღებრიშვილი
27.06.20 12:20
1355
ელექტრონული კომერცია COVID-19-ის პირობებში ბევრი ბიზნესისთვის გახდა თვითგადარჩენის საშუალება, - ამის შესახებ ევროპული ბიზნესასოციაციის გენერალური დირექტორის მოადგილემ მარიამ ქუჩულორიამ BMG-ს გადაცემა „ანალიტიკაში“ განაცხადა.

ევროპულ ბიზნესასოციაციში მიიჩნევენ, რომ ამ პირობებში ელექტორნული კომერციის განვითარებას ხელს რამდენიმე ფაქტორი უშლის და ამათგან უმთავრესი კანონმდებლობის არარსებობაა, რომელიც აღნიშნულ ბაზარს მოაწესრიგებს.

„ეს დარგი არაერთი სირთულის წინაშე დგას. კერძოდ არ არის შესაბამისი კანონმდებლობა, რომელიც მოაწესრიგებს კომერციულ ბაზარზე არსებულ ურთიერთობებს. არ არის შესაბამისი აღმასრულებელი მექანიზმები და არ არის შესაბამისი პროფესიული კადრები. დღეს ყურადღებას გავამახვილებდი კანონდებლობის საჭიროებაზე. სხვა ქვეყნებში ელექტრონული კომერციის შესახებ კანონი ბიზნესის თამაში წესებს, მონაწილეთა ურთიერთობებს და მომხმარებელთა უფლებებს აწესრიგებს.

ჩვენს ქვეყანაში ამ მდგომაროებას ისიც ართულებს, რომ ჩვენ არ გვაქვს მომხმარებელთა უფლებების შესახებ კანონი, რითიც ელექტრონული მომხმარებლის უფლება-მოვალეობა მოწესრიგდებოდა. ეს კი თავის მხრივ ამ დარგის განვითარებას აფერხებს, რადგან მომხმარებელში ქმნის უნდობლობის და საფრთხის განცდას და მომხმარებელი თავს იკავებს, მიმართოს ონლაინ ვაჭრობას“, - განაცხადა მარიამ ქუჩულორიამ.

მისი თქმით, ელექტრონული ვაჭრობის შესახებ კანონპროექტი უკვე შექმნილია და ევროპულმა ბიზნესასოციაციამ საქართველოს მთავრობასა და პარლამენტს საჭიროებიდან გამომდინარე მისი განხილვის დაჩქარებისთვის მიმართა.

„გარდა ამისა მნიშვნელოვანია, რომ ამ კანონმდებლობის მიღება გათვალისწინებულია ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულებით, ქვეყანას აქვს ეს ვალდებულება. ყველაზე მთავარი რატომაც ჩვენი ასოციაცია ჩაერთო ამ პროცესში, არის ის რომ ამ დარგის განუვითარებლობა ხელს უშლის კომპანიებს არა მარტო ადგილობრივ ბაზარზე წვდომაში, არამედ, ევროპულ ქვეყნებთან ვაჭრობაში. ევროპული ბიზნეს ასოციაციის მისია არის ევროპასა და საქართველოს შორის ვაჭრობისა და ინვესტიციების ხელშეწყობა და ვთვლით, რომ ამ დარგის განუვითარებლობა აფერხებს ამ ვაჭრობას.

ჩვენ შევიმუშავეთ წერილობითი პოზიცია და მივმართეთ საქართველოს მთავრობას და პარლამენტს, რომ დაჩქარდეს ამ კანონპროექტის მიღება“, - განაცხადა EBA-ს გენერალური დირექტორის მოადგილემ.

თავის მხრივ „ანალიტიკაში“ ამ კანონპროექტის მნიშვნელობაზე ისაუბრა ინტერნეტის და ელექტრონული კომერციის სამართლებრივი რეგულირების სპეციალისტმა ლევან ნანობაშვილმა და აღნიშნა, რომ კანონპროექტის მიღება ელექტრონული ვაჭრობის სფეროს უფრო გამჭირვალესა და მომხმარებლისთვის მიმზიდველს გახდის.

"მართალია, საქართველოში არის ცალკეული ნორმები, რომლებიც აწესრიგებენ ელექტორნულ კომერციასთან დაკავშირებულ საკითხებს, მაგრამ ისინი მიმოფანტულია სხვადასხვა ნორმატიულ აქტში. მაგალითად, ინვესტორს ან ჩვეულებრივ მომხმარებელს რომელსაც უნდა, გაარკვიოს თავისი უფლებები, მას ძალიან გაუჭირდება ყველა ამ ნორმატიული აქტის და კანონის მოძებნა. გარდა ამისა, ინტერნეტს და ელექტრონულ კომერციას ახასიათებს გარკვეული თავისებურებები, რაც იმ კანონმდებლობაში რაც დღეს აქვს საქართველოს ,სამწუხაროდ სათანადოდ არ არის ასახული.

საქართველოში დღეს არ მოქმედებს ზოგადი კანონი, რომელიც დაიცავდა მომხარებელთა უფლებებს. როდესაც ელექტორნულ კომერციაზე ვსაუბრობთ, ძალიან მნიშვნელოვანია რომ მომხმარებელს ჰქონდეს უსაფრთხოების განცდა, როდესაც ის კონკრეტული საიტიდან იძენს გარკვეულ მომსახურებას უნდა იცოდეს ელემენტარულად ვისთან ამყარებს ურთიერთბას.

ახალი კანონპროექტი, რომელიც საქართველოში მომზადდა და იმედია მოხდება მისი მიღება, ძალიან ბევრ სიახლეს შეიცავს და ადგენს თამაშის წესებს ამ სფეროში. ეს კანონპროექტი ეკონომიკის სამინისტროს, სხვადასხვა სახელმწიფო უწყებებისა და USAID-ის ჩართულობით მომზადდა და მოხდა მისი წარდგენა პარლამენტში. კარგი იქნება თუ მოხდება მისი განხილვა და შემდგომ მიღება“, - განაცადა ლევან ნანობაშვილმა.

ცნობისთვის, COVID-19-ის კრიზისის ფონზე, ქვეყანაში ელექტრონული კომერციით შეძენილი საქონლისა და მომსახურების ღირებულება გაზრდის ნაცვლად შემცირდა.