მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რა უთხრა აშშ-ის ელჩმა რეგიონული განვითარების მინისტრს - მაია ცქიტიშვილი კელი დეგნანს შეხვდა

5e4145d11047a
ინგა მურუსიძე
10.02.20 16:14
799
"ჩემზე დიდი შთაბეჭდილება მოახდინა სამუშაოს მოცულობამ, რაც ხორციელდება იმისთვის, რომ გაუმჯობესდეს საქართველოს მოსახლეობის ცხოვრება", - რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს ინფორმაციით, ამის შესახებ ამერიკის შეერთებული შტატების ელჩმა საქართველოში კელი დეგნანმა რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრ მაია ცქიტიშვილთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

გაცნობითი ხასიათის შეხვედრას სასარგებლო უწოდა და პოზიტიურად შეაფასა კელი დეგნანმა.

„შესანიშნავი შეხვედრა გვქონდა, ძალზედ ინფორმატიული. ჩემზე დიდი შთაბეჭდილება მოახდინა სამუშაოს მოცულობამ, რაც ხორციელდება იმისათვის, რომ გაუმჯობესდეს საქართველოს მოსახლეობის ცხოვრება, როგორც ადგილობრივ, ისე ცენტრალურ დონეზე, სხვადასხვა ინიციატივებით, რომელთა მიზანია ინფრასტრუქტურის გაუმჯობესება, ეს კი მოიტანს უფრო მეტ ეკონომიკურ შესაძლებლობებს და გააძლიერებს როგორც რეგიონებს, ასევე ქალაქებს. მართლაც არაჩვეულებრივი შეხვედრა იყო და მოუთმენლად ველი,რომ მომავალში გვექნება შესაძლებლობა ვისაუბრით USAID-ის პროგრამებზე, როგორიცაა მაგალითად კარგი მმართველობის ინიციატივა. ამ პროგრამის მიზანია ადგილობრივი თემების გაძლიერება და ეკონომიკის განვითარება ადგილობრივ დონეზე უფრო გამჭვირვალე პროცედურების მეშვეობით. ჩვენ უკვე ბევრი მიმართულებით ვთანამშრომლობთ და კიდევ ბევრი სფეროა, სადაც შეგვიძლია თანამშრომლობა", - აღნიშნა კელი დეგნანმა შეხვედრის შემდეგ.

თავის მხრივ, მაია ცქიტიშვილმა სტუმარს ქვეყანაში სტრატეგიული მნიშვნელობის ინფრასტრუქტურული პროექტების შესახებ მიაწოდა ინფორმაცია.

„ძალიან კარგი და ნაყოფიერი შეხვედრა გვქონდა ამერიკის ახალ ელჩთან, ქალბატონ კელი დეგნანთან. ძალიან აქტიურად გვეხმარება შეერთებული შტატები ჩვენი პროექტების განხორციელებაში, აქტიური თანამშრომლობა გვაქვს USAID-ის პროექტების ფარგლებში ადგილობრივ დონეზე, დეზენტრალიზაციის განვითარების მიმართულებით, მოსახლეობის აქტივობის გაზრდის თვალსაზრისითაც. ასევე გვაქვს კარგი პროექტი და მხარდაჭერა ელექტრონული სერვისების განვითარების მიმართულებით. საშუალება გვქონდა ელჩისთვის გაგვეცნო ის სტრატეგიულად მნიშვნელოვანი პროექტებიც, რომელიც განხორციელების პროცესშია ან დაგეგმილია და ბუნებრივია, შევთანხმდით იმაზეც, რომ ჩვენი თანამშრომლობა უნდა იყოს ძალიან აქტიური. ვფიქრობ, ძალიან კარგი და ნაყოფიერი თანამშრომლობა გველის,“ - აღნიშნა მაია ცქიტიშვილმა.