მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რა უთხრა EBRD-ის პირველმა ვიცე-პრეზიდენტმა გიორგი გახარიას ანაკლიის პორტის პროექტზე

5d8b09925273d
ელენე კვანჭილაშვილი
25.09.19 11:40
6183
“ჩვენ ვაცხადებთ, რომ მზად ვართ, ჩავერთოთ ანაკლიის პროექტის განხორციელებაში, თუ მივაგნებთ კომერციულად გამართულ გადაწყვეტას”, - ეს განცხადება EBRD-ის პირველმა ვიცე-პრეზიდენტმა იურგენ რიგტერინკმა „ანალიტიკასთან” ექსკლუზიურ ინტერვიუში გააკეთა, რომელსაც მაყურებელი 27 სექტემბერს tv “პირველის” ეთერში იხილავს.

EBRD-ის პირველი ვიცეპრეზიდენტი უკვე შეხვდა საქართველოს პრემიერმინისტრს გიორგი გახარიას, სადაც სხვა საკითხებთან ერთად, ანაკლიის პროექტის მნიშვნელობაც განიხილეს.

„ჯერ უნდა ვიცოდეთ, რას წყვეტს მთავრობა, რას წყვეტენ ამ პროექტის სპონსორები“ - ამბობს იურგენ რიგტერინკი და განმარტავს:

„იდეალურ სიტუაციაში, შესაძლოა, EBRD-ის მხარდაჭერა საჭირო არც გახდეს, რადგან ჩვენ განვითარების ბანკი ვართ. EBRD მხოლოდ მაშინ ერთვება საქმეში, როდესაც კომერციულ ბაზარს არსებული პოტენციალის ათვისება არ შეუძლია. ჩვენ ამას ასე ვუწოდებთ - ჩნდება დამატებითი ჩართულობის საჭიროება. ჩვენ ვუთხარით პრემიერმინისტრს, რომ თუ ანაკლიის პროექტთან მიმართებით კომერციული ბაზრის დანაკლისი ვერ შეივსება, მზად ვართ, ამ მნიშვნელოვანი პროექტის განხორციელებაში ჩვენი როლი შევასრულოთ“.

„გუშინ (იგულისხმება 23 სექტემბერი) სომხეთში მქონდა შეხვედრები - იქაურ მთავრობასთან და ბიზნესწრეებთან და ისინიც გვარწმუნებდნენ, ეს პროექტი ღირებულია არა მხოლოდ საქართველოსთვის, არამედ მთელი რეგიონისთვის“ - ყვება EBRD-ის პირველი ვიცეპრეზიდენტი „ანალიტიკასთან” ექსკლუზიურ ინტერვიუში.

კითხვაზე - რა ტიპის ჩართულობა იგულისხმება ანაკლიის პროექტში EBRD-ის მხრიდან და რას ნიშნავს უფრო კონკრეტულად კომერციულად გამართული გადაწყვეტა - EBRD-ის პირველი ვიცეპრეზიდენტი გვპასუხობს, რომ დეტალებს ჯერ ვერ გვეტყვის.

შეგახსენებთ, რომ ანაკლიის განვითარების კონსორციუმმა მთავრობას ინვესტორებთან საბოლოო შეთანხმების შესახებ ინფორმაცია 15 ოქტომბრამდე უნდა წარუდგინოს. მთავრობა ამბობს, რომ კონსორციუმმა ასევე უნდა მოაგვაროს საკუთარი კაპიტალის შევსების საკითხი, ჩაანაცვლოს „კონტი ჯგუფი“ და წარმოადგინოს ბანკებთან საბოლოო შეთანხმება, რასაც მხოლოდ ამ ბანკების სამეთვალყურეო საბჭოების თანხმობა დასჭირდება.