მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რა ვალდებულებები ეკისრება კომპანიას გადახდისუუნარობის დადგომისას

5e88a026e7cfb
BM.GE
04.04.20 20:04
3199
იურიდიული ფირმა Chargeishvili Law Inn-ის (CLI) პარტნიორი, იურისტი უჩა ქირია რთულ ეკონომიკურ პერიოდში გადახდისუუნარო კომპანიების ველდებულებებზე საუბრობს და განმარტავს, რომ ეკონომიკის ექსპერტების პროგნოზით, მოსალოდნელი ეკონომიკური კრიზისის გამო, კომპანიათა უმრავლესობა ვალაუვალი, იგივე გადახდისუუნარო გახდება. როგორც იურისტი აღნიშნავს, ეს, პირველ რიგში, მცირე და საშუალო ბიზნესებს შეეხება.

რამდენად დიდია კომპანიის ხელმძღვანელის როლი გადახდისუუნარობის დადგომის შემთხვევაში და როგორ უნდა მოიქცეს კომპანია მსგავს შემთხვევაში - უჩა ქირიას მიმოხილვას bm.ge უცვლელად გთავაზობთ:

„ეკონომიკის ექსპერტების პროგნოზით, მოსალოდნელი გლობალური ეკონომიკური კრიზისის გამო შესაძლებელია ბევრი კომპანია გახდეს ვალაუვალი. ამ მხრივ ყველაზე მოწყვლადი მცირე და საშუალო ბიზნესია. ეს არის შემთხვევა, როდესაც ბიზნესი ვეღარ ახერხებს მისი ვალდებულებების, მათ შორის ფინანსური ვალდებულებების შესრულებას: ვერ გასცემს ხელფასებს, ვერ იხდის გადასახადებს, ვერ იხდის მიწოდებული პროდუქციის საფასურს, ვერ ასრულებს ხელშეკრულებით ნაკისრ ვალდებულებებს და სხვა.

საქართველოს კანონმდებლობა გადახდისუუნარობის დადგომისას კომპანიის დირექტორებს აკისრებს გარკვეულ ვალდებულებებს, რომელთა შეუსრულებლობამაც შეიძლება გამოიწვიოს, როგორც სამოქალაქო/ფინანსური ისე სისხლის სამართლებრივი პასუხიმგებლობა.

მეწარმეთა შესახებ საქართველოს კანონის- მე-9 მაუხლის მე-6 ნაწილი განსაზღვრავს კომპანიის ხელმძღვანელ პირთა ვალდებულებების ზოგად სტანდარტებს „ამ მუხლის პირველ პუნქტში მითითებული პირები და სამეთვალყურეო საბჭოს წევრები საზოგადოების საქმეებს უნდა გაუძღვნენ კეთილსინდისიერად; კერძოდ, ზრუნავდნენ ისე, როგორც ზრუნავს ანალოგიურ თანამდებობაზე და ანალოგიურ პირობებში მყოფი ჩვეულებრივი, საღად მოაზროვნე პირი, და მოქმედებდნენ იმ რწმენით, რომ მათი ეს მოქმედება ყველაზე ხელსაყრელია საზოგადოებისათვის. თუ ისინი არ შეასრულებენ ამ მოვალეობას, საზოგადოების წინაშე წარმოშობილი ზიანისთვის პასუხს აგებენ სოლიდარულად, მთელი თავისი ქონებით, პირდაპირ და უშუალოდ.“

სამართლის თეორიაში დამკვიდრებულ დირექტორთა ვალდებულებები იყოფა ზრუნვის და ერთგულების ვალდებულებებად. მეწარმეთა შესახებ საქართველოს კანონი ასევე სპეციალურად აწესებს დირექტორის ვალდებულებას იმ შემთხვევაში, თუ კომპანია გადახდისუუნარობის წინაშე დგას, ან გადახდისუუნაროა. მეწარმეთა შესახებ საქართველოს კანონის მე-9 მუხლის მე-9 პუნქტი ავალდებულებს საწარმოს ხელმძღვანელ პირებს ბრალეული გაჭიანურების გარეშე, მაგრამ საწარმოს გადახდისუუნარობის დადგომის მომენტიდან არა უგვიანეს 3 კვირისა კანონით დადგენილი წესით, მიმართონ სასამართლოს გადახდისუუნარობის საქმის გახსნის, ან ლიკვიდაციის მოთხოვნით. გადახდისუუნარობის შესახებ საქართველოს კანონით დადგენილია სპეციალური რეჟიმი იმ შემთხვევისათვის, როდესაც კომპანია ხდება ვალაუვალი/გადახდისუუნარო, რა დროსაც იცვლება ის მიზნები, რაც დადგენილია მეწარმეთა შესახებ კანონით, კერძოდ მოგების მიღების ნაცვლად საწარმოს მიზანი ხდება დავალიანების გადახდა, ხოლო იმ შემთხვევაში, თუ ეს შეუძლებელია უნდა მოხდეს კომპანიის აქტივის რეალიზაცია, რათა კანონით დადგენილი წესით სამართლიანად მოხდეს კრედიტორების დაკმაყოფილება, ხოლო დარჩენილი ქონების კომპანიის დამფუძნებლებისათვის განაწილება.

კომპანიის გადახდისუუნარობის საქმის წარმოების წესის დარღვევამ შეიძლება გამოიწვიოს კომპანიის დირექტორის პირადი პასუხიმგებლობა, როგორც ფინანსური ისე სისხლისსამართლებრივი. სწორედ დირექტორს აკისრებს კანონი ვალდებულებას ბრალეული გაჭიანურების გარეშე, მაგრამ საწარმოს გადახდისუუნარობის დადგომის მომენტიდან არა უგვიანეს 3 კვირისა, კანონით დადგენილი წესით მიმართონ სასამართლოს.

კომპანიის დირექტორებს სწორად უნდა ესმოდეთ ის პასუხიმგებლობა, რომელსაც მათ კანონი აკისრებს გადახდისუუნარობის დადგომისას, ეს არ გახლავთ ფორმალური ვალდებულება, არამედ ეს არის ვალდებულება სახელმწიფოს, კომპანიის დამფუძნებლების, კრედიტორების, თანამშროლების და იმ პარტნიორების წინაშე ვიზეც შეიძლება ნეგატიურად იმოქმედოს გადახდისუუნარობის საქმის დროულად არ დაწყებამ. ასევე ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ასეთ ვითარებაში დირექტორები მოქმედებდნენ კორპორაციული ეთიკის და მართვის საუკეთესო პრინციპების დაცვით, რაც მათ შორის გულისხმობს იმას, რომ დირექტორებმა აღნიშნულის შესახებ უნდა აცნობონ სამეთვალყურეო საბჭოს (მისი არსებობის შემთხვევაში), აქციონერებს და გაიარონ მათთან კოსულტაციები.

დირექტორებს ასევე ევალებათ, რომ აღნიშნულის შესახებ აცნობონ მათ ზედამხედველ ორგანოს/რეგულატორს ასეთის არსებობის შემთხვევაში. გარკვეული ბიზნეს სფეროებისათვის, მაგალითად საბანკო სექტორი, კანონმდებლობით ასევე დადგენილია სპეციალური წესი გადახდისუუნარობის წარმობისათვის. იმისათვის, რომ არ მოხდეს გადახდისუუნარობის მიმართვის ბრალეული გაჭიანურება, მნიშვნელოვანია დროულად დადგინდეს, რომ საწარმო არის გადახდისუუნარობის წინაშე ან უკვე გადახდისუუნაროა. ამისათვის, კი აუცილებელია დირექტორი მაღალი კორპორაციული პრინციპიების დაცვით ახორციელებდეს კომპანიის მართვას, თუ დირექტორი მხოლოდ ფორმალურად ასრულებს მის ვალდებულებებს, არის დიდი რისკი იმისა, რომ იგი ვერ მოახდენს რისკის იდენტიფიკაციას, რის გამოც შეიძლება დადგეს დირექტორის პერსონალური პასუხისმგებლობა.

როდესაც ვსაუბრობთ პასუხიმგებლობაზე იგულისხმება, როგორც ფინანსური, ისე სისხლისსამართლებრივი პასუხიმგებლობა. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 207-ე მუხლი ითვალისწინებს სასჯელის სახით ჯარიმას, ან გამოსასწორებელ სამუშაოს ვადით ერთ წლამდე, ან თავისუფლების აღკვეთას იმავე ვადით. გარდა ამისა, იმ შემთხვევაში, თუ დირექტორი არ მიმართავს სასამართლოს გადახდისუუნარობის განცხადებით ან მიმართავს ბრალეული გაჭიანურებით და აღნიშნულის გამო კომპანიას, მის კრედიტორებს, აქციონერებს ან სახელმწიფოს მიადგება ზიანი, დირექტორს შეიძლება დაეკისროს პასუხიმგებლობა დამდგარ ზიანზე.

გადახდიისუუნარობის მოთხოვნით სასამართლოსათვის მიმართვისთვის აუცილებელია შესაბამისი ფინანსური და იურიდიული დოკუმენტების მომზადება, ასევე კანონის მოთხოვნების დაცვით ინფორმაციის და განცხადების წარდგენა სასამართლოში. გარდა სასამართლოსათვის მიმართვისა მნიშვნელოვანია გადახდის უუნარობის ან გაკოტრების საქმის სასამართლოში წარმოებისას, საწარმოს ინტერესების დაცვა შესაბამისი სპეციალისტის მიერ. ჩვეულებრივ რეჟიმში საწარმოს ხელმძღვანელი პირების ამოცანას წარმოადგენს საწარმოს საქმიანობის სწორი წარმართვა და სარგებლის მიღება, ხოლო კრიზისის პერიოდში, როდესაც საწარმო დგას გადახდისუუნარობის ან გაკოტრების საშიშროების წინაშე, საწარმოს ხელმძღვანელების ამოცანები იცვლება და მათ უნდა აუზრუნველყონ გადახდისუუნარობის, ან გაკოტრების საქმის წარმოების დროულად დაწყება“, - განმარტავს იურისტი უჩა ქირია.