მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რა (ვერ) გაკეთდა სწორად ჯანდაცვაში? - აკაკი ზოიძე IX მოწვევის პარლამენტს აფასებს

5f98355ee6e21
ინგა მურუსიძე
27.10.20 19:50
1082
არჩევნებამდე 4 დღე დარჩა. 31 ოქტომბერს საქართველოს მოსახლეობა ახალ, X მოწვევის პარლამენტს აირჩევს. ჯანდაცვის კომიტეტის ყოფილი თავმჯდომარე და ამჟამად ჯანდაცვის ექსპერტი აკაკი ზოიძე bm.ge-ისთან  ჯერ კიდევ მოქმედი ხელისუფლების საქმიანობას აფასებს, როგორც - საკანონმდებლო, ისე - აღმასრულებელ ჭრილში. სხვათაშორის ის „ქართული ოცნების“ იმ დეპუტატებს შორისაა, ვინც - როგორც პარტია, ისე საკანონმდებლო ორგანო მას შემდეგ დატოვა, რაც საპარლამენტო უმრავლესობამ 2020 წლის არჩევნების პროპორციული წესით ჩატარებას მხარი არ დაუჭირა.

„რა თქმა უნდა, გეგმები და სურვილები მეტი იყო, თუმცა ჩემი აზრით, მნიშვნელოვანი იყო ძალიან ბევრი რამ, რაც შევძელით. ბევრი კანონი მივიღეთ, ბევრი მოსმენა ჩავატარეთ“, - ამბობს აკაკი ზოიძე და იმ მიღწევებზე და ვერგაკეთებულ საქმეებზე საუბრობს, რომელიც მას მნიშვნელოვნად მიაჩნია.

რა გაკეთდა?

"1. პირველი და მთავარი, რაც გაკეთდა, ეს არის სრულიად აპოლიტიკური დოკუმენტის შექმნა, რომელზეც 6-7 თვე ვმუშაობდით და ჩამოვაყალიბეთ გრძელვადიანი ხედვა, რაც აისახა დოკუმენტში - "საქართველოში ჯანმრთელობის დაცვის სისტემის, შრომის და სოციალური დაცვის სფეროების განვითარების ხედვა 2030 წლისთვის". ორნაწილიანი სტრატეგია მოიცავს სოციალური დაცვის და შრომითი ურთიერთობების მოდელს, რომელიც არის აპოლიტიკური და ყველა მთავრობა უნდა დაემორჩილოს მას, რომ რეფორმების გატარება და გადაწყვეტილებების მიღება სწორედ აღნიშნული დოკუმენტით მოხდეს. ორნაწილიან დოკუმენტს არ დაუკარგავს აქტუალობა, ის დღესაც გამოიყენება.

2. მეორე და უმნიშვნელოვანესი საკითხია - "თამბაქოს კონტროლის შესახებ" კანონში შეტანილი ცვლილებები. ეს კანონი ძალიან დიდი წინააღმდეგობების მიუხედავად მივიღეთ, მის არმიღებას  ბევრი ლობისტი ჰყავდა პარლამენტში, გვეწინააღმდეგებოდა ოპოზიცია და ა.შ. შემდეგი 4 წლის განმავლობაშიც ბევრი მცდელობა იყო, რომ კანონმდებლობა შეესუსტებინათ, თუმცა არ დავუშვით. შედეგად შემცირდა თამბაქოს მოხმარება, მათ შორის ახალგაზრდებში. მნიშვნელოვანი იყო, რომ ჩვენ - პარლამენტი ვახორციელებდით კანონმდებლობის აღსრულების მონიტორინგს.

3. მნიშვნელოვანია კონსტიტუციური ცვლილებები, რომლითაც ჯანდაცვის კუთხით დეფინიცია მოხდა და შემოვიდა ტერმინი "უნივერსალური ჯანდაცვის პრინციპი", რაც თანამედროვე მსოფლიოს მიმდინარეობაა, რომ ადამიანებს ჰქონდეთ ხარისხიან ჯანდაცვაზე ხელმისაწვდომობა ანუ კონსტიტუციაში გამოიკვეთა სახელმწიფოს როლი ჯანდაცვაში. წინადადება მეტი გვქონდა, მაგრამ გადაწყდა, რომ კონსტიტუციაში ჩადებულიყო მხოლოდ დეფინიცია და დანარჩენი ასახულიყო ჯანდაცვის კანონში; ამაზეც ვმუშაობდით, თუმცა ვერ მივიყვანეთ ბოლომდე და იმედია, შემდეგი პარლამენტი ამასაც გააკეთებს. უნივერსალური ჯანდაცვის პროგრამა გვაქვს 2013 წლიდან და იცვლება ყოველ წამს, რადგან მთავრობის დადგენილებით რეგულირდება - ჩვენი შეთავაზება იყო, რომ ძირითადი პრინციპები ჩაიწეროს კანონში და ცვლილებას პარლამენტის დასტური სჭირდებოდეს. 

4. ხაზგასმით მნიშვნელოვანია დაგროვებითი პენსიის შესახებ კანონის მიღება. ის გრძელვადიანი და თაობებზე გათვლილი რეფორმაა, რომელსაც, ასევე, ბევრი მოწინააღმდეგე ჰყავდა, თუმცა მოწინააღმდეგეებს არ აქვთ ალტერნატიული იდეა, ამიტომ ამ ცვლილების მიღება აუცილებელი იყო. რამდენად სარისკოა, ეს მსჯელობის საგანია, თუმცა ჩემი აზრით, რეფორმა აბსოლუტურად დროული იყო და ალტერნატივა არ გააჩნდა.

5. სავალდებულო გახდა იმუნიზაცია. ეს საკმაოდ აქტუალური თემაა და ბავშვების დაცვას ემსახურება სხვადასხვა დაავადებებისგან. მოგეხსენებათ, სავალდებულო იმუნიზაცია ძალაშია 2019 წლის 1 იანვრიდან. 

6. ჩატარდა ბევრი მოსმენა, მათ შორის ძალიან მნიშვნელოვან საკითხზე, ხარისხიანი მედიკამენტების ხელმისაწვდომობაზე. გავაკეთეთ თემატური მოხსენება, მოვუსმინეთ ყველა დაინტერესებულ მხარეს და დაიდო აქტუალური რეკომენდაციები, რომლებიც ახლაც აქტუალურია და რაც ჩქარა გადადგამენ ამ რეკომენდაციების მიხედვით ნაბიჯებს - მით უკეთესი, რომ წამლების ხელმისაწვდომობის საკითხი მოგვარდეს. რაც შეეხება რეკომენდაციებს, ისინი 20-ზე მეტია, მათ შორისაა: წამლის სააგენტოსთან ჩამოყალიბდეს ეფექტური აღმასრულებელი სტრუქტურა კლინიკური კვლევის ინსტექტირების ფუნქციით; შეიცვალოს რეგისტრაციის, სავაჭრო ლიცენზირების ნორმები და სტანდარტები, მათ შორის სამკურნალო საშუალებების ყველა ტიპისათვის, ევროკავშირის რეკომენდაციებისა და წევრი ქვეყნების გამოცდილების გაზიარების საფუძველზე; შეიცვალოს სამკურნალო საშუალებების კლასიფიკაცია და შესაბამისი მოთხოვნები რეგისტრაციასთან დაკავშირებით და ა.შ. 

რა ვერ გაკეთდა?

1. იდეა იყო, რომ ექიმებზე ფიზიკური თუ ფსიქოლოგიური ძალადობა გახდეს დასჯადი, რათა მოხდეს ძალადობის პრევენცია. ეს იყო ძალიან მნიშვნელოვანი ინიციატივა, რომელიც ექიმებმა მოამზადეს; კანონ-პროექტი მიღებულია პირველი მოსმენით, თუმცა მეორე და მესამე მოსმენაა დარჩენილი. იმედი მაქვს, მომავალი მოწვევის პარლამენტი ამ კანონს მიიღებს. 

2. გული მწყდება იმაზე, რომ აღმასრულებელ ხელისუფლებაზე სათანადო ზედამხედველობის განხორციელება ვერ მოხერხდა. უნდა დაჩქარებულიყო იგივე მედიკამენტებზე ფინანსური ხელმისაწვდომობის რეფორმა; პირველადი ჯანდაცვის რეფორმა და ა.შ. ტემპი რომ უკეთესი ყოფილიყო, პარლამენტი მეტის გაკეთებას შეძლებდა.  

3. ასევე, ძალიან მწყდება გული იმაზე, რომ ვერ გავიტანეთ წამალდამოკიდებულთა საკითხზე ინიციატივა. მათთან მიმართებაში უნდა შეცვლილიყო მიდგომა - შეგვეთავაზებინა სერვისები, რომ გამოჯანმრთელებულიყვნენ და არა გაგვეშვა ციხეში. ძალიან დიდი წინააღმდეგობა იყო ძალოვანი სტრუქტურების მხრიდან და დაინტერესებული ჯგუფების მიერ კანონპროექტის დისკრედიტაცია მოხდა", - აცხადებს აკაკი ზოიძე.

ჯანდაცვის ყოფილი და მოქმედი მინისტრები - დავით სერგეენკო და ეკატერინე ტიკარაძე... Covid-19  

მე-10 მოწვევის პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტის ყოფილ თავმჯდომარეს covid-19-ის პანდემია და მასთან ბრძოლაში მარტიდან დღემდე აღმასრულებელი ხელისუფლების მიერ გადადგმული ნაბიჯებიც შევაფასებინეთ და ასევე, ძალიან მოკლედ "ოცნების" მთავრობის ჯანდაცვის 2 მინისტრიც, რომელთაგან ყოფილი უკვე პარლამენტარობისთვის ემზადება. აკაკი ზოიძე დავით სერგეენკოს, როგორც მინისტრს, გარკვეულწილად ტემპს უწუნებს.

"დავით სერგეენკოს მინისტრობის დროს ტემპის პრობლემა გვქონდა და ამის გამო, ჯანდაცვის კომიტეტი ვერ გაატარებდა რეფორმებს. საქმე იმაშია, რომ ერთი თემაა, დავალება მისცე სამინისტროს და მეორე თემაა, შეასრულებდა თუ არა ის დაპირებას. ტემპით უკმაყოფილოები ვიყავით, თუ როგორ უნდა განხორციელებულიყო ეს ყველაფერი. 2014 წლიდან ვსაუბრობთ პირველადი ჯანდაცვის რეფორმაზე და ჯერ არაფერი არ გაკეთებულა.

ახალი მინისტრი ეკატერინე ტიკარაძე ამბობს, რომ ამ ყველაფერს გააკეთებს; კოვიდის პანდემიის გამო დრო ცოტა იყო და მისმა მინისტრობამ სწორედ ამ პერიოდში გაიარა, ამიტომ ჯერ ვერაფერს მოვთხოვთ. იმედი მაქვს, პირველადი ჯანდაცვის და ჯანდაცვის დაფინანსების რეფორმა გატარდება. 520-ე დადგენილების მიღება საჭირო იყო, თუმცა ალბათ ბევრად ადრე უნდა გატარებულიყო ეს რეფორმა, მეტი კონსულტაციით და ყველა მონაწილისთვის ეს პროცესი  სამართლიან უნდა ყოფილიყოი“, - ამბობს აკაკი ზოიძე.

რაც შეეხება ახალ კორონავირუსს და უკვე გადადგმულ თუ გადასადგმელ ნაბიჯებს, ყოფილი დეპუტატი სახელმწიფოსთან ერთად ხაზს უსვამს საზოგადოების როლსაც.

„უკვე დიდი საქმეა, რომ შევძელით და მოვიგეთ 6 თვე. პირველი 6 თვე იყო ეფექტიანი და ამ პერიოდში, ასევე, კარგად უნდა მოვმზადებულიყავით. რაც ამ ეტაპზე ჩანს, არის ის, რომ პერსონალური დაცვის საშუალებები შემოვიდა ქვეყანაში  - ეკიპირებები და ა.შ. ტესტები შემოვიდა დროულად და ამ კუთხით ბევრი რამ ვისწავლეთ. მეორე ტალღა დაიწყო და ახლა ვნახავთ, როგორ მოვემზადეთ. ალბათ აქამდე ეგონათ, რომ სტუდენტების გამოყენება არ დასჭირდებოდათ და მათი გადამზადებაც ახლა ამიტომ დაიწყეს. ადამიანის ბუნება ასეთია - ალბათ ფიქრობდნენ, რომ ყველაფერს გააკონტროლებდნენ. დაიჯერეს ადამიანებმა, რომ ჩვენს გენეტიკას ვირუსი ვერ მოერევა; ნაწილი ამბობს, რომ კოვიდი მოგონილია და არ არსებობს, ვიღაცა სადღაცა ფულს აკეთებს და ა.შ. საბოლოოდ, დავიჯერეთ, რომ კორონავირუსი აღარ არსებობს და დავანებეთ თავი რეკომენდაციების შესრულებას. თუ მოვუხმობთ კეთილგონიერებას და ნიღაბს ვატარებთ - სიტუაცია დასტაბილურდება. თუ ამას არ გავაკეთებთ, ისეთი ესკალაცია მოხდება, სულ რომ იდეალურად მომზადებულიყო სისტემა, მაინც არაფერი ეყოფოდა“, - განაცხადა ჯანდაცვის კომიტეტის ყოფილმა თავმჯდომარემ.