მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რა წერია აზარტული თამაშების რეკლამაზე TV-ების შეთავაზებაში, რომელიც პარლამენტმა არც განიხილა

61bc754733238
შოთა ტყეშელაშვილი
17.12.21 17:13
715
პარლამენტი დაჩქარებული წესით განიხილავს აზარტული თამაშების რეგულირების საკანონმდებლო პაკეტს. დღეს ცნობილი გახდა, რომ კანონპროექტიდან ამოიღეს ერთადერთი გამონაკლისიც, რაც სპორტული ღონისძიების სპონსორობის დროს, ეთერში 10-წამიანი რეკლამის გაშვების შესაძლებლობას ტოვებდა. შედეგად, სატელევიზიო სექტორში, როგორც ძირითადი საეთერო მაუწყებლების, ასევე სპორტული ტელევიზიების მიმართულებით აზარტული თამაშების ნებისმიერი სახით რეკლამირება აიკრძალება.

დღეს გამართულ საკომიტეტო სხდომაზე ტელევიზიების წარმომადგენლებმა განაცხადეს, რომ მათ შეიმუშავეს ალტერნატიული სარეგულაციო მოდელი, რომლის დანერგვასაც პარლამენტს სთავაზობენ, თუმცა ამ დოკუმენტის განხილვაზე დეპუტატებმა უარი თქვეს.

პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკის კომიტეტის თავმჯდომარის, დავით სონღულაშვილის განცხადებით, გადავადდა ცვლილებების ამოქმედების ვადაც - თუკი პირველადი პროექტით ის 2022 წლის იანვრიდან უნდა ამოქმედებულიყო, განახლებული ნორმა 2022 წლის მარტში შევა ძალაში, რასაც საპარლამენტო უმრავლესობა ტელევიზიებთან მიღწეულ დათმობად აფასებს.

ალტერნატიული სარეგულაციო მოდელი, რაც ტელევიზიებმა შეიმუშავეს შემდეგ მიმართულებებს მოიცავს:

“გთავაზობთ აზარტული თამაშობის, ტოტალიზატორის, ლოტოს, ბინგოს, აზარტული თამაშობის მოწყობის ორგანიზატორის, ტოტალიზატორის მოწყობის ორგანიზატორის, ლოტოს მოწყობის ორგანიზატორის და ბინგოს მოწყობის ორგანიზატორის შესახებ რეკლამის აკრძალვის დაწესების შესაძლო ეტაპებსა და ფორმებს:

1. მიგვაჩნია, რომ გათვალისწინებული უნდა იქნას ის ზემოთგანხილული პრინციპი, რომლის საფუძველზეც მაგარი სპირტიანი სასმელის რეკლამის აკრძალვა არა ერთბაშად, არამედ ეტაპობრივად განხორციელდა. ვინაიდან ასეთი საკანონმდებლო პრაქტიკა უკვე არსებობს, შესაძლებელია, აზარტული თამაშების კონტექსტშიც ეს მიდგომა გავავრცელოთ.

2. შესაძლებელია დაწესდეს საათობრივი შეზღუდვები (წყალგამყოფი დრო) და განისაზღვროს დღე-ღამის ის მონაკვეთი, რა პერიოდშიც დასაშვები იქნება რეკლამის განთავსება;

3. შესაძლებელია დაწესდეს შეზღუდვები რეკლამის შინაარსობრივ ნაწილზე, სადაც კონკრეტულად გაიწერება აკრძალვები, მაგალითად აიკრძალება პირდაპირი და ირიბი მოწოდებები, ფრაზები „მოდი და ითამაშე...“ „გარანტირებული მოგება...“ და ა.შ.)

4. შესაძლებელია განისაზღვროს რეკლამის დრო, რა ქრონომეტრაჟის რეკლამა იქნეს დასაშვები.

5. თუკი რეკლამის განთავსება მოხდება პროგრამაში, ასეთ შემთხვევაში გადაცემის დასაწყისში, მიმდინარეობისას ან/და დასასრულს შესაძლოა ამონათების, ან ხმოვანი სიგნალის მეშვეობით, გაფრთხილების სახით მიეთითოს, რომ შესაბამის გადაცემაში ხდება აზარტული თამაშების რეკლამირება.

6. აგრეთვე, სოციალურად პასუხისმგებლიანი რეკლამის მოთხოვნების შესაბამისად, შესაძლოა გაჟღერდეს სლოგანი, რომელიც მაყურებელს შეახსენებს აზარტული თამაშებიდან მომდინარე საფრთხეს და მოუწოდებს მათ სიფრთხილისკენ. (მაგ. გაფრთხილება, რომ პროგრამა შეიცავს აზარტული თამაშების რეკლამას, თამაში იწვევს დამოკიდებულებას და/ან სხვა).

7. მნიშვნელოვანია მედიასთან მიმართებით კანონში ცვლილების შეტანის დროს საერთაშორისო სტანდარტის გათვალისწინება.

8. საერთო ჯამში, კანონი უნდა ამოქმედდეს გონივრულ ვადაში, იმგვარად, რომ მედიას ჰქონდეს საკმარისი დრო ცვლილებებთან ადაპტაციისთვის", - ნათქვამია ტელევიზიების მიერ მომზადებულ მოდელში.

აღნიშნულ მოდელს ხელს აწერენ “ტვ პირველი”, “მთავარი”, “ფორმულა”, “კავკასია” და “რეგიონულ მაუწყებელთა ალიანსი”.

“ქართული ოცნების” მიერ შემუშავებული კანონპროექტის განმარტებითი ბარათის მიხედვით, 2021 წელს აზარტული თამაშების რეკლამების მოცულობა 30 მილიონ ლარამდე იყო. სწორედ ამდენ თანხებს დაკარგავს საქართველოს სარეკლამო ბაზარი 2022 წელს. ტელევიზიებთან ერთად შემოსავალი მოაკლდებათ სარეკლამო სტუდიებს, რადიოებს და სხვა ბიზნესებს, რომლებიც ამ სფეროში არიან ჩართული.

პარლამენტმა აზარტული თამაშების რეგულირების პაკეტს დღეს მეორე მოსმენით უყარა კენჭი. დოკუმენტი კანონად წლის ბოლომდე იქცევა.