მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რა წერია ღია წერილში, რომლითაც კლინიკებმა გიორგი გახარიას მიმართეს? - ექსკლუზივი

5dcd4a858ab42
თამუნა ქემერტელიძე
15.11.19 10:15
25549
Bm.ge-მ ის წერილი მოიპოვა, რომლითაც სამედიცინო დაწესებულებებმა პრემიერს, ჯანდაცვის მინისტრს, პარლამენტის თავმჯდომარეს, ბიზნესომბუდსმენს, ჯანდაცვის კომიტეტსა და სახალხო დამცველს მიმართეს.

კლინიკები საყოველთაო ჯანდაცვაში შესატანი ცვლილებების 6 თვით გადავადებას ითხოვენ. მათი შეფასებით, პროგრამამ ამოქმედების დაწყების დღიდან არაერთი ცვლილება განიცადა, თუმცა იმ კლინიკებისთვის, რომლებიც პროგრამაში 2013 წელს ჩაერთნენ, სამედიცინო მომსახურების ფასების "ისტორიული მინიმუმის" ცნება 36-ე დადგენილების მიხედვით უცვლელი დარჩა და ისინი 2011-2012 წლის ფასებით მუშაობენ.

"საქართველოს მთავრობის 2019 წლის 5 ნოემბრის №520 დადგენილებით განსაზღვრული პირობების შესაბამისად ჯანდაცვის სფეროში შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე, იძულებულნი ვართ მოგმართოთ თქვენ "ღია წერილით", რათა სასწრაფოდ განხორციელდეს ამ დადგენილების ამოქმედების მინიმუმ 6 თვით გადავადება, იმისათვის რომ მოხდეს საკითხის ფართო განხილვა, რასაც არ ჰქონია ადგილი, და ისეთი ტარიფების მიღება, რომლებიც რეალურად ასახავს დღევანდელ საფინანსო-ეკონომიკურ პარამეტრებს და საქართველოს ჯანდაცვის სისტემას აარიდებს პაციენტების მომსახურების ხარისხის მკვეთრ გაუარესებას და შესაბამისად მათი უფლებების დარღვევას. მოგეხსენებათ, შეუძლებელია ისტორიული ღირებულებით მედიკამენტების, სახარჯი მასალების და კომუნალური მომსახურების შეძენა (ელ.ენერგია; წყალი; ბუნებრივი აირი და ა.შ.). 2013 წელს საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამის მოქმედი ტარიფები შემუშავებული იყო და შესაბამისად ეფუძნებოდა 2011-2012 წლებში ქვეყანაში არსებულ საფინანსო-ეკონომიკურ პარამეტრებს, მათ შორის ეროვნული ვალუტის სტაბილურობას. ზემოაღნიშნულზე წარმოგიდგენთ საქსტატის მონაცემებს და ასევე მაგალითისათვის ფასებს ძირითად მედიკამენტებზე და სახარჯ მასალებზე.



ამ ცხრილიდან ნათლად ჩანს როგორ არის გაზრდილი ელ.ენერგიის (33.24%), ბუნებრივი აირის (14.67%) ღირებულება 2013 წელთან შედარებით.

1. მედიკამენტების და სახარჯი მასალების ღირებულების ზრდის სტატისტიკა 2013-2019 წლებში:

საქსტატის მონაცემებით, ბოლო 6 წელში (2013 წლის აგვისტოდან 2019 წლის აგვისტომდე), ანტიბიოტიკებზე ფასები 76%-ით გაიზარდა. 2019 წლის აგვისტოში ანტიბიოტიკებზე ფასების წლიურმა ზრდამ დაახლოებით 11% შეადგინა,



როგორც ცხრილიდან ჩანს მხოლოდ სისხლის და სისხლის კომპონენტების ფასების ზრდამ 2019 წლის მდგომარეობით 2012 წელთან შედარებით საშუალოდ შეადგინა 40% დან 128.57%-მდე.

ვალუტის გაუფასურებით გამოწვეული ოპერაციის ღირებულების ფასთა დინამიკა.





ვალუტის გაუფასურებით გამოწვეული ოპერაციის ღირებულების ფასთა დინამიკა.



გარდა დაბალი ფასებისა, კლინიკებს ასევე უმძიმეს ტვირთად აწევს საყოველთაო დაზღვევის პროგრამით მისაღები თანხების სახელმწიფოსგან დაგვიანებით (პრაქტიკულად 5-6 თვე) მიღება, რომელიც კლინიკებისთვის შეადგენს მათი შესრულებული სამუშაოს უდიდეს ნაწილს. დაბალი მომგებიანობისა და თანხის გვიან მიღების გამო კლინიკების უმრავლესობას წარმოშობილი აქვთ პერსონალის და მომწოდებელი კომპანიების მიმართ დიდი ფინანსური ვალდებულებები (დავალიანება), რაც უკვე შეუძლებელს ხდის ტექნოლოგიების შესყიდვას მუშაობის მაღალი ხარისხის უზრუნველსაყოფად, აფერხებს ექიმების საზღვარგარეთ გაგზავნას კვალიფიკაციის ასამაღლებლად, ვეღარ უზრუნველყოფს ახალი პარტნიორების მოძიებას განვითარებულ ქვექნებში და მათ ჩამოყვანას საქართველოში ჩვენი სფეროს განსავითარებლად და ეს ყოველივე საბოლოოდ შეზღუდავს კლინიკების განვითარებას და მათ ფუნქციონირებას.

ამ ყველაფერს ემატება საქართველოს მთავრობის 2019 წლის 5 ნოემბრის №520 დადგენილება, რომელიც ჩვენი ინფორმაციით, მოწოდებული იყო კლინიკებს შორის ფასების გასათანაბრებლად, თუმცა ამის ნაცვლად კატასტროფულად შეამცირა ფასები საქართველოში ყველაზე უფრო განვითარებულ მაღალტექნოლოგიურ და მნიშვნელოავნ სამედიცინო მიმართულებებზე როგორიცაა რეანიმაციული მომსახურება, კარდიოლოგია, კარდიოქირურგია, არითმოლოგია, ნევროლოგია და ა. შ. ვინაიდან დადგენილებით განსაზღვრული ტარიფები არის სამედიცინო მომსახურების თვითღირებულებაზე გაცილებით ნაკლები.

მკურნალობის ღირებულება ინტენსიური თერაპიის I და II-III დონის ინტენსიური განყოფილებაში უწყვეტად 14,21,45 დღიან პირობებში იმდენად შემცირებულია, რომ მოსალდონელია განყოფილების ზარალიანობის გამო გამოიწვიოს მსხვილ ქალაქებში ინტენსიურის საწოლების რაოდენობის შემცირება და პაციენტების მკურნალობის ხარისხის და გამოსავლის მკვეთრად გაუარესება. შემცირება მოსალოდნელია სწორედ იმ კლინიკებში, სადაც ამჟამად ხდება პაციენტებზე ორიენტირებული მკურნალობის ჩატარება: საჭირო ინსტრუმენტალური და ლაბორატორიული კვლევების სრულად ჩატარება, ექიმებისა და საშუალო მედ პერსონალის საწოლ-ფონდთან შესაბამისი რაოდენობით უზრუნველყოფა.

სამედიცინო სახარჯი მასალები, რომლებიც გამოიყენება ისეთი მაღალტექნოლოგიური მომსახურებისათვის, როგორიც არის კარდიოქირურგია, ინტერვენციული კარდიოლოგია და არითმოლოგია, იმპორტირებულია საზღვარგარეთის მწარმოებელი ქვეყნებიდან, შესაბამისად მათი ფასები მიბმულია უცხოურ ვალუტასთან. ბოლო სამი წლის განმავლობაში ლარის გაუფასურების პირობებში ამ პროდუქციის ღირებულებამ ეროვნულ ვალუტაში კიდევ უფრო მოიმატა. აქედან გამომდინარე ჩვენთვის გაუგებარია, თუ რა გათვლებს ეფუძნება №520 დადგენილებით სამედიცინო მომსახურების ახალი ფასები, გათვლილია თუ არა არაპირდაპირი ხარჯების და ცვეთა-ამორტიზაციის რეალური მაჩვენებლები. ტარიფების განხილვა არც დარგობრივ ასოციაციებთან და არც კლინიკებთან არ მომხდარა.
ასევე გაუგებარია, რის საფუძველზეა გათვლილი და დადგენილი არითმოლოგიის ტარიფები, რადგან მარტო საიმპლანტაციო აპარატის ღირებულება დადგენილი ტარიფზე უფრო ძვირია. ამასთანავე, საყოველთაო დაზღვევის შემოღების დღიდან საქართველოს მთავრობის N36 დადგენილებით მოსარგებლეებს არ უფინანსდებათ ისეთი სასიცოცხლოდ აუცილებელი ჩარევები, როგორიცაა კარდიოვერტერ-დეფიბრილატორის, ასევე გულის რესინქრონიზატორის იმპლანტაცია და კათეტერული აბლაცია, რაც მხოლოდ ნაწილობრივ უფინანსდებოდათ საპენსიო ასაკისა და სოციალურად დაუცველ მოსახლეობას, ხოლო ახაზლგაზრდა ადამიანებს სასიცოცხლოდ საშიში არითმიებით და უეცარი სიკვდილის რისკით სახელმწიფო პირდაპირ უარს ეუბნებოდა დაფინანსებაზე. არაერთი წერილის და თხოვნის მიუხედავად, რომ მოსახლეობის ამ ნაწილისთვისაც ხელმისაწვდომი გამხდარიყო სასიცოცხლოდ აუცილებელი მკურნალობა, ეს ვერ მოხერხდა, ხოლო ახალი ტარიფებით მოსახლეობის იმ ნაწილისთვისაც შეუძლებელი გახდება აღნიშნული სერვისის მიწოდება, ვისთვისაც აქამდე ჯერ კიდევ ხელმისაწვდომი იყო.

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე ჩვენ ქვემოთ ხელის მომწერნი, დარგობრივი ასოციაცები და სამედიცინო კლინიკები გთხოვთ:

სასწრაფოდ განხორციელდეს საქართველოს მთავრობის 2019 წლის 5 ნოემბრის №520 დადგენილების ამოქმედების გადავადება მინიმუმ ექვსი (6) თვით, იმისათვის რომ მოხდეს ყველა ამ საკითხის განხილვა და ისეთი ტარიფების დამტკიცება, რომელიც რეალურად ასახავს დღევანდელ საფინანსო ეკონომიკურ პარამეტრებს.

წინამდებარე წერილში აღნიშნული საკითხების გაუთვალისწინებლობას ჩვენი აზრით მოჰყვება პაციენტებზე სამედიცინო მომსახურების ხარისხის უკიდურესად გაუარესება, მათი უფლებების დარღვევა, ასევე გამოიწვევს მთლიანად დარგის კოლაბირებას და ქვეყნიდან ისედაც მცირერიცხოვანი წამყვანი მაღალკვალიფიციური და ახალგაზრდა კადრების საზღვარგარეთ გადინებას", - ნათქვამია წერილში, რომელსაც ხელს 26 სამედიცინო დაწესებულება აწერს.