მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რა წერია გიორგი გახარიასთვის გაგზავნილ წერილში, რომელსაც ხელს 21 კლინიკა აწერს - ექსკლუზივი

5e625699613c9
თელარა გელანტია, შოთა ტყეშელაშვილი
06.03.20 17:32
1888
საქართველოში მოქმედმა კლინიკებმა პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას და ჯანდაცვის მინისტრ ეკატერინე ტიკარაძეს #520-ე დადგენილებით საყოველთაო ჯანდაცვის სისტემაში შესული ცვლილებების შესახებ კვლავ მიმართეს. კლინიკები მიუთითებენ იმ რისკებზე, რომელთაც ეს დადგენილება ქმნის და სახელმწიფოს მასში ცვლილებების შეტანისკენ მოუწოდებენ. BMG-იმ ექსკლუზიურად მოიპოვა აღნიშნული დოკუმენტი, რომელსაც 21 კლინიკის ხელმძღვანელი აწერს ხელს. ხელმომწერებს შორის არიან "ევექსის ჰოსპიტალები", "ავერსის კლინიკა", "ნიუ ჰოსპიტალსი", "ჯეო ჰოსპიტალსი" და სხვა დაწესებულებები. 

წერილის ადრესატთა შორის არიან ჯანდაცვის მინისტრი ეკატერინე ტიკარაძე, პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძე, ბიზნესომბუდსმენი მიხეილ დაუშვილი და სხვა პირები. 

"საქართველოს პრემიერ მინისტრს
ბატონ გ. გახარიას
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეს
ბატონ ა. თალაკვაძეს
საქართველოს სახალხო დამცველს
ქალბატონ ნ. ლომჯარიას
საქართველოს პარლამენტის ჯანმრთელობის კომიტეტის თავმჯდომარეს ბატონ დ. ხუნდაძეს
საქართველოს ბიზნესომბუდსმენს
ბატონ მ. დაუშვილს
საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა,
შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრს
ქალბატონ ეკატერინე ტიკარაძეს

ღია წერილი

პირველ რიგში, გვსურს აღვნიშნოთ, რომ ვიზიარებთ ქვეყანაში შექმნილ მდგომარეობას კორონავისურუსთან დაკავშირებით. ჩვენ ჩვენის მხრივ ვანხორციელებთ ყველა რეკომენდირებულ პრევენციულ ღონისძიებებს და ამავდროულად მზადყოფნას გამოვხატავთ საჭიროების შემთხვევაში მაქსიმალურად მხარში დავუდგეთ სახელმწიფოს ამ პრობლემის აღმოსაფხვრელად.

მოგეხსენებათ, რომ საქართველოს მთავრობის 2019 წლის 5 ნოემბრის №520 დადგენილების გამოქვეყნების შემდგომ, რომლის საფუძველზეც განხორციელდა მთელი რიგი სამედიცინო მომსახურების ანაზღაურების წესისა და ოდენობის ცვლილება, დარგობრივი ასოციაციებისა და სამედიცინო დაწესებულებების წარმომადგენლების თხოვნით განხორციელდა შეხვედრები საქართველოს პრემიერ მინისტრთან, საქართველოს ბიზნეს ომბუდსმენთან, საქართველოს პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტთან და საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროსთან.

სწორედ აღნიშნულ შეხვედრაზე საქართველოს პრემიერ მინისტრის გადაწყვეტილებით მხარეები შევთანხმდით, რომ საკითხის კრიტიკულობიდან გამომდინარე, მოხდებოდა უნივერსალური ხელმისაწვდომობის საბჭოს შექმნა, აღნიშნული კი მოემსახურებოდა იმ მიზანს, რომ შექმნილიყო პლატფორმა საყოველთაო ჯანდაცვის სახელმწიფო პროგრამის სერვისების უნივერსალური ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფისათვის, რაც, თავის თავში, ასევე, მოიაზრებდა საყოველთაო ჯანდაცვის სახელმწიფო პროგრამის ცვლილებების ინიციატივების განხილვას, როგორც საქართველოს მთავრობის №520-ე დადგენილების ფარგლებში, ასევე, მომავალში განსახორციელებელი ცვლილებების თვალსაზრისითაც.

ასევე, მოგეხსენებათ, რომ ზემოთ აღნიშნული საბჭოს ფორმატში მხოლოდ ერთი შეხვედრა შედგა, 2019 წლის დეკემბერში, რასაც მოჰყვა სამუშაო ჯგუფებთან რამდენიმე შეხვედრა და რომლის ფარგლებშიც შეთანხმებულმა სამუშაო ჯგუფებმა ძალიან მოკლე დროში წარმოუდგინა სამინისტროს დასაბუთება, თუ რატომ უნდა მომხდარიყო საქართველოს მთავრობის №520-ე დადგენილებით გათვალისწინებულ გარკვეულ სერვისებზე ტარიფების გადახედვა/მოდიფიკაცია. სამუშაო ჯგუფების მიერ შემუშავებული სტანდარტები და მათზე სამინისტროს წარმომადგენლების პოზიციები უნივერსალური ხელმისაწვდომობის საბჭოზე არ წარმოდგენილა და განხილულა (რადგან ასეთი საბჭოს სხდომა აღარ შემდგარა), თუმცა კი, აღნიშნული მკაფიოდ იყო შეთანხმებული.

მოგეხსენებათ, ტარიფების შეუსაბამობის საკითხი განსაკუთრებით მწვავედ დგას რეანიმაციის, არითმოლოგიის, კარდიოქირურგიისა და კარდიოლოგიის მიმართულებით და აღნიშნული არაერთხელ ხაზგასმით იქნა დაფიქსირებული, როგორც სამედიცინო დაწესებულებებისა და დარგობრივი ასოციაციების მიერ წარმოდგენილი წერილებში, ასევე, შეხვედრების ფორმატშიც. მიუხედავად ამისა, დღევანდელ დღემდე არ არის მიღებული არანაირი გადაწყვეტილება, რამაც უკვე საფრთხე შეუქმნა სამედიცინო დარგს, მის განვითარებას და პაციენტების ხარისხიან და კვალიფიციურ მომსახურებას.

ასევე, გვსურს, დავაფიქსიროთ ჩვენი შეშფოთება, იმასთან დაკავშირებითაც, რომ სამედიცინო წრეებში აქტიურად ვრცელდება ინფორმაცია, იმის თაობაზე რომ უახლოეს მომავალში, სამინისტროს მხრიდან კვლავ მოსალოდნელია ტარიფების ცვლილება, რომელიც შეეხება საყოველთაო ჯანდაცვის სახელმწიფო პროგრამით დაფარულ სხვა სამედიცინო მიმართულებებსაც. აღნიშნულთან დაკავშირებით შეიქმნა კიდეც გარკვეული სამუშაო ჯგუფები.

ზემოაღნიშნული უნივერსალური ხელმისაწვდომობის საბჭოს შექმნის იდეას სამედიცინო სექტორის წარმომადგენლებმა ერთხმად დავუჭირეთ მხარი, ვინაიდან მივიჩნიეთ, რომ სწორედ აღნიშნული საბჭო იქნებოდა ის პლატფორმა, რომელიც საშუალებას მისცემდა ჯანდაცვის სექტორის ყველა მხარეს, დისკუსიისა და მოსაზრებების ურთიერთგაცვლის ფორმატში მოეხდინა საყოველთაო ჯანდაცვის სახელმწიფო პროგრამის ცვლილებების ინიცირება, რომელიც, სულ მცირე, საბჭოს წევრების უმრავლესობის კონსენსუსს დაეფუძნებოდა. ჩატარებულ საბჭოს სხდომაზე შეთანხმდა, რომ უნდა მომხდარიყო ერთიანი ფორმულის შემუშავება, რომელიც მიესადაგებოდა არამარტო საქართველოს მთავრობის №520-ე დადგენილებით გათვალისწინებულ სამედიცინო სერვისებს, არამედ პროგრამით გათვალისწინებულ სხვა სერვისებსაც და რაც აგვარიდებდა მომავალში შეუთანხმებლობით გამოწვეულ გაურკვევლობებს, თუმცა, სამწუხაროდ, აღნიშნულიც ჯერ არ განხორციელებულა.

მიგვაჩნია რა, რომ წერილში დასმული საკითხები კრიტიკული მნიშვნელობისაა და საჭიროებს ძალზედ ოპერატიულ რეაგირებას. ვინაიდან, დღემდე არ გვაქვს წინსვლა აღნიშნულ საკითხებზე, წინამდებარე წერილზე ხელმომწერი სამედიცინო დაწესებულებები, მოგმართავთ თხოვნით, რათა საბჭოს ფორმატში, მისი ყველა წევრის ჩართულობით, მოვახდინოთ მიმდინარე და სამომავლო საკითხების განხილვა/გადაწყვეტა. ეს საკითხები გახლავთ:

2019 წლის დეკემბერში უნივერსალური ხელმისაწვდომობის საბჭოს პირველ და ერთადერთ შეხვედრაზე შედგენილი სამუშაო ჯგუფების მიერ წარმოდგენილი სტანდარტებისა და მათზე სამინისტროს წარმომადგენლების პოზიციების მოსმენა, მსჯელობა და გადაწყვეტილების მიღება.

საყოველთაო ჯანდაცვის სახელმწიფო პროგრამით განსაზღვრული დასაფინანსებელი სერვისებისათვის უნივერსალური ფორმულის შემუშავების ჯგუფის შექმნა.

სხვა სამედიცინო სერვისებზე მუშაობის დაწყების მიზანშეწონილობაზე მსჯელობა.

დამატებითი საკითხები, რასაც სამინისტრო ჩათვლის მიზანშეწონილად.

იმ შემთხვევაში, თუ არ მოხდება აღნიშნულ საკითხებზე დაუყოვნებლივ რეაგირება და შესაბამისი გადაწყვეტილებების მიღება, ჩვენ იძულებულები ვიქნებით კვლავ დავაბრუნოთ დღის წესრიგში 520 დადგენილების შეჩერების საკითხი.

გთხოვთ, ასევე, მხედველობაში მიიღოთ, რომ სამედიცინო დაწესებულებების წარმომადგენლები სრულად ვიაზრებთ, თუ რამდენად მნიშვნელოვანია საყოველთაო ჯანდაცვის სახელმწიფო პროგრამის საბიუჯეტო სახსრების ეფექტური და მიზნობრივი ხარჯვა, რათა აღნიშნული პროგრამის, როგორც ჩვენი ქვეყნის მნიშვნელოვანი მონაპოვარის მდგრადი შენარჩუნება/განვითარება იქნას უზრუნველყოფილი, თუმცა, ამასთან, გვწამს, რომ აღნიშნული უნდა იქნას მიღწეული პაციენტთა და სამედიცინო პერსონალის ინტერესების მაქსიმალური გათვალისწინებით, საქართველოს მოსახლეობისათვის ხარისხიან და დროულ სამედიცინო სერვისებზე ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფით. აღნიშნულ სურვილთან მიმართებით კი ჩვენი და სამინისტროს, როგორც ჩვენი ქვეყნის ჯანდაცვის პოლიტიკის განმსაზღვრელი უწყების, დამოკიდებულება სრულად ერთსულოვანია.

ვიტოვებთ საკითხზე მყისიერი რეაგირების იმედს, რისთვისაც წინასწარ გიხდით მადლობას,"- ნათქვამია წერილში.