მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რა წერია "დროებით დოკუმენტში", რომლითაც საპენსიო ფონდის 0.5 მლრდ ლარის ინვესტირება მოხდა

5e5fce89589c2
შოთა ტყეშელაშვილი
04.03.20 19:50
2121
2020 წლის 22 იანვარს, საქართველოს საპენსიო სააგენტოს საინვესტიციო საბჭოს სხდომაზე დაამტკიცეს საინვესტიციო პოლიტიკის დოკუმენტი, რომლის საფუძველზეც მალევე 2020 წლის თებერვალში, საპენსიო სააგენტომ 560 მილიონი ლარი კომერციული ბანკების სადეპოზიტო სერტიფიკატებში გადაიტანა.

თუმცა, როგორც ირკვევა, ეს საინვესტიციო პოლიტიკის დოკუმენტი მხოლოდ დროებითია და, სავარაუდოდ, ის მხოლოდ თანხის სადეპოზიტო სერტიფიკატებში გადატანისთვის დამტკიცდა. ამაზე მიუთითებს ისიც, რომ თავად აღნიშნულ დოკუმენტში ძირითადად საუბარი სწორედ სადეპოზიტო სერტიფიკატებზეა.

ამ დოკუმენტის მიხედვით, განსაზღვრულია აქტივების მხოლოდ სამი კატეგორია, რომელშიც საპენსიო სააგენტოს თანხა შეიძლება იყოს განთავსებული. ესენია:

  • ვადიანი დეპოზიტები საქართველოს კომერციულ ბანკებში; 
  • მიმდინარე (Current) დეპოზიტები საქართველოს კომერციულ ბანკებში; 
  • საქართველოს კომერციული ბანკების სადეპოზიტო სერტიფიკატები. 

ამასთანავე, საინვესტიციო პოლიტიკით განსაზღვრულია ის ლიმიტები, რაც ინვესტირების პროცესში უნდა იქნეს დაცული. კონკრეტულად კი, საინვესტიციო პოლიტიკის დოკუმენტით, აკრძალულია ერთ კომერციულ ბანკში სადეპოზიტო სერტიფიკატების 40%-ზე მეტი იყოს განთავსებული.

“ინვესტიციები სადეპოზიტო სერტიფიკატებში, გადამეტებული რისკების თავიდან აცილების მიზნით კომერციულ ბანკებს შორის უნდა იყოს განაწილებული ისე, რომ ერთ კომერციულ ბანკში სადეპოზიტო სერტიფიკატების 40%-ზე მეტი იყოს განთავსებული.

ერთსა და იმავე კომერციულ ბანკში კონცენტრაციის რისკის თავიდან აცილების მიზნით, ბანკის კაპიტალის 20%-ზე უფრო მეტი ოდენობის თანხის სადეპოზიტო სერტიფიკატებში ინვესტირება არ არის დასაშვები.

ინვესტიცია უნდა განხორციელდეს მხოლოდ იმ საფინანსო ინსტრუმენტებში, რომელთა გამომშვები ორგანიზაციებიც შეფასებული არიან საერთაშორისო სარეიტინგო სააგენტოების - Standard & Poors-ის, Moody’s-ის, Fitch-ისა და Scope Ratings-ის მიერ. ამასთან მინიმალური შეფასება უნდა იყოს CCC და უფრო მეტი", - ნათქვამია საინვესტიციო პოლიტიკის დოკუმენტში.

თავად საპენსიო სააგენტოს განცხადებაში ნათქვამია, რომ მათი არჩევანი სადეპოზიტო სერტიფიკატზე შეჩერდა იმიტომ, რომ მას სხვა საფინანსო ინსტრუმენტებთან შედარებით უფრო მაღალი - საშუალოდ 14.9%-იანი ამონაგები აქვს.

ამასთანავე, ირკვევა, რომ საპენსიო სააგენტოს საინვესტიციო საბჭოს 2020 წლის 22 იანვრის სხდომაზე იმსჯელეს საბჭოს წევრის, დავით წიკლაურის ერთი თვის ვადით, მთავარ საინვესტიციო ოფიცრად დანიშვნის შესახებ, ხოლო 2020 წლის 24 იანვარს კი გაიმართა საპენსიო სააგენტოს სამეთვალყურეო საბჭოს სხდომა, რომელსაც ეკონომიკის და მდგრადი განვითარების მინისტრი ნათია თურნავა, ფინანსთა მინისტრი ივანე მაჭავარიანი, ჯანდაცვის მინისტრი ეკატერინე ტიკარაძე და საპენსიო სააგენტოს დირექტორის მოვალეობის შემსრულებელი გიორგი ჭიჭინაძე ესწრებოდნენ.

ამ სხდომაზე მიღებული გადაწყვეტილებით, დავით წიკლაური 2020 წლის 3 თებერვლიდან 3 მარტამდე ვადით დაინიშნა მთავარი საინვესტიციო ოფცირის მოვალეობის შემსრულებლად. 

დღესვე, საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა, კობა გვენეტაძემ BMG-ის განუცხადა, რომ საინვესტიციო პოლიტიკის საბოლოო დოკუმენტი ამ დრომდე შეთანხმების ფაზაშია. 

„საბოლოო დოკუმენტი შეთანხმების და განხილვის პროცესშია. მე ვერ გეტყვით, ზუსტად როდის მოხდება მისი დამტკიცება“, - განაცხადა სებ-ის პრეზიდენტმა კობა გვენეტაძემ. 


რა სახით მოხდება საპენსიო ფონდის თანხების ინვესტირება სრულფასოვანი საინვესტიციო პოლიტიკის დოკუმენტის მიღების შემდეგ?

დაგროვებითი პენსიების შესახებ კანონის მიხედვით, საქართველოს საპენსიო სააგენტოს ინვესტირება საინვესტიციო პოლიტიკის დოკუმენტის მიხედვით უნდა მოხდეს, თუმცა ამ დრომდე საპენსიო სააგენტოს აღნიშნული დოკუმენტი არ აქვს. საინვესტიციო პოლიტიკის დოკუმენტის შემუშავება საინვესტიციო საბჭოს ვალდებულებას წარმოადგენს, რომლის ხუთკაციანი შემადგენლობაც საქართველოს პარლამენტმა 2019 წლის 11 მაისს დაამტკიცა.

ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორი, რის გამოც, თანხის ინვესტირების დაწყება ასე გაჭიანურდა, თავად მთავარი საინვესტიციო ოფიცრის თანამდებობის ვაკანტურობაა. სააგენტომ რამდენჯერმე გამოაცხადა ამ პოსტზე კონკურსი, თუმცა, ამ დრომდე, ამ პოსტზე არავინ არის დანიშნული. 

მას შემდეგ, რაც დამტკიცდება საინვესტიციო პოლიტიკის სრულფასოვანი დოკუმენტი, საპენსიო სისტემაში ჩართულ მოქალაქეებს კიდევ ერთი არჩევანის უფლება მიეცემათ - ეს საპენსიო ანგარიშზე არსებული თანხების ინვესტირების რისკიანობის დონის განსაზღვრაა. კანონის მიხედვით, საპენსიო სააგენტო მოქალაქეებს სამ განსხვავებულ საინვესტიციო პორტფელს წარუდგენს, ესენია - ნაკლებრისკიანი, საშუალორისკიანი და მაღალრისკიანი საინვესტიციო პორტფელები. თითოეულ ამ პორტფელს განსხვავებული საინვესტიციო შემადგენლობა ექნება (ფასიან ქაღალდებს, უცხოური ვალუტის ინსტრუმენტებსა და დეპოზიტებს შორის განსხვავებული თანაფარდობები იქნება), აქედან გამომდინარე განსხვავებული იქნება თითოეული ამ პორტფელის საშუალო საპროცენტო სარგებელიც.

2019 წლის 9 დეკემბერს საქართველოს საპენსიო სააგენტოს დირექტორმა ლევან სურგულაძემ თანამდებობიდან გადადგომის სურვილი საჯაროდ დააფიქსირა. 2020 წლის 16 იანვარს კი მან თანამდებობა ოფიციალურად დატოვა, დირექტორის მოვალეობის შემსრულებლად კი მისი მოადგილე გიორგი ჭიჭინაძე დაინიშნა. პარალელურად მიმდინარეობს საჯარო კონკურსი, რომლითაც სააგენტოს ახალი დირექტორი უნდა შეირჩეს.

რა პრინციპით მიიღებენ მოქალაქეები დაზოგილ თანხებს:

კანონის მიხედვით, მოქალაქეეები თანხებს საპენსიო ასაკის მიღწევის შემდეგ, საბაზისო პენსიასთან (დღეს 220 ლარი) ერთად მიიღებენ. თანხა მათ ერთიანად ან დადგენილი გრაფიკის მიხედვით გადაეცემათ. თუმცა, ერთიან გადახდასთან დაკავშირებით გარკვეული მინიმალური შეზღუდვაც იარსებებს, რადგან საპენსიო სააგენტო ადგენს (დაადგენს) იმ მინიმალური თანხის ოდენობას, რომლის მიღებაც ერთიანი გადახდით იქნება შესაძლებელი.

თუ მოქალაქე პენსიის დადგენილი გრაფიკით გატანას აირჩევს, საპენსიო სააგენტო მოქალაქის საპენსიო ასაკის მიღწევისას შეადგენს სპეციალურ კალენდარს, რომლითაც პენსიას გასცემს. დაზოგილი თანხა გაიყოფა საპენსიო ასაკში ყოფნის საშუალო მოსალოდნელ წლებზე.

ამასთანავე, სქემის მონაწილე უფლებამოსილია შესაძლებლობის შეზღუდვის გამო პენსია მიიღოს საპენსიო ასაკის (კაცისთვის 65 წლის, ქალისთვის 60 წლის) მიღწევამდე, თუ მას მიენიჭება სათანადო სტატუსი საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად.

თუ საპენსიო სისტემის მონაწილე გარდაიცვალა, მის ინდივიდუალურ საპენსიო ანგარიშზე აღრიცხული საპენსიო აქტივების შესაბამისი თანხა გადაეცემა მის მემკვიდრეს (მემკვიდრეებს). საპენსიო აქტივების გადაცემა შეიძლება ერთიანი გადახდით ან საპენსიო აქტივების მონაწილის მემკვიდრის ინდივიდუალურ საპენსიო ანგარიშზე გადატანით, მემკვიდრის არჩევანის შესაბამისად. მონაწილის მემკვიდრის მიერ ერთიანი გადახდის არჩევის შემთხვევაში მისთვის გადასაცემი თანხა დაიბეგრება საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად.