მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რა წერია ტყიბულის შახტების შესახებ გერმანელი ექსპერტების დასკვნაში – მინისტრის განმარტება

5d8e040bc1032
ლიკა გურაბანიძე
27.09.19 20:50
1529
"გერმანელი ექსპერტების მიერ საკმაოდ სოლიდური დასკვნა იყო დადებული", - ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ 2018 წელს ტყიბულში, მინდელის შახტში გერმანელი ექსპერტების ჩასვლის შემდეგ, მათ მიერ დადებულ დასკვნასთან დაკავშირებით განაცხადა.  

ეკონომიკის მინისტრის განცხადებით, ექსპერტებმა ორი ძირითადი დასკვნა წარმოადგინეს.

"ერთი ძალიან დიდი ნაწილი შრომის ორგანიზებას ეძღვნებოდა, იმიტომ რომ არასწორი შრომის ორგანიზების გამო, ხდება უბედური შემთხვევები, ხოლო მეორე ნაწილი მოდერნიზაციასთან დაკავშირებული იყო, თუ რა ინვესტიციები უნდა ჩაიდოს და რა უნდა შეიცვალოს იმისათვის, რომ შახტში (მუშაობა) უფრო უსაფრთხო გახდეს", - განაცხადა თურნავამ.

მისივე თქმით, ეს დასკვნა შახტის დღევანდელ მფლობელ კომპანია "საქნახშირს" – GIG ჯგუფს აქვს და მის შესახებ დეტალები ახალმა ინვესტორებმაც იციან. მინისტრის განცხადებით, ახალი კომპანია Steel International trade company-ი ვალდებულებას კისრულობს, რომ გერმანელების მიერ დადებულ დასკვნაში გაწერილი რეკომენდაციები გეგმაზომიერად შესრულდება.

"ახალ ინვესტორებს ძალიან მკაფიო ხედვა აქვთ, თუ როგორ შეასრულებენ იქ მოცემულ რეკომენდაციებს. ის, რომ ისინი ერთ თვეში დადებენ საინვესტიციო გეგმას და პროფკავშირებთან ერთად ინსტრუქციებს აამუშავებენ, გამომდინარეობს ამ დასკვნიდან.

ეს საინვესტიციო გეგმა და რეკომენდაციები თქვენთვის ცნობილი გახდება. ამ ეტაპზე ეს რეკომენდაციები შესრულებული არ არის და აქედან გამომდინარე, შახტებში მოპოვების პროცესი გაჩერებულია. ახალი კომპანია კისრულობს ვალდებულებას, რომ ამ რეკომენდაციებს გეგმაზომიერად ჩვენთან ერთად შეასრულებენ", - განაცხადა თურნავამ.