04.თებერვალი .2020 13:10

რა წერია უსაფრთხოების აუდიტის დასკვნაში მინდელის შახტის შესახებ?

views 387
უკან

ტყიბულის ქვანახშირის შახტების მართვა 2019 წლის ბოლოს "საქართველოს ინდუსტრიულმა ჯგუფმა" სიმბოლურ ფასად ახალ კომპანიას - Steel International Trade Company-ის გადააბარა.

ტყიბულის შახტები ერთ წელზე მეტი ხნის განმავლობაში გაჩერებული იყო, რაც შახტაზე მომხდარ ტრაგიკულ მოვლენას უკავშირდებოდა. 2018 წლის აპრილში ტყიბულის შახტში მომხდარ უბედურ შემთხვევას 6 მეშახტე ემსხვერპლა. საწარმომ მუშაობა დროებით შეაჩერა, თუმცა შემდგომ პროცესი კვლავ განახლდა, რასაც ივლისში კიდევ ერთი ტრაგედია მოყვა. 2018 წლის ივლისში სამუშაო პროცესის დროს კიდევ 4 ადამიანი დაიღუპა.

მომხდარის შემდეგ საწარმოს ფაქტობრივად შეჩერდა, საქართველოს ჯანდაცვისა და შრომის სამინისტრომ შახტების უსაფრთხოების შესასწავლად დაიქირავა გერმანული საკონსულტაციო ორგანიზაცია DMT, რომელმაც ტყიბულში სამუშაო პროცესი და შახტებში არსებული უსაფრთხოების სისტემების აუდიტი ჩაატარა.

სახელმწიფომ აღნიშნული დოკუმენტის შექმნაზე 58,000 ევრო დახარჯა. უსაფრთხოების აუდიტის დოკუმენტი 2019 წლის იანვარში შეიქმნა, თუმცა ის საჯარო მხოლოდ ახლახანს გახდა.

რა წერია უსაფრთხოების აუდიტის დასკვნაში?

დოკუმენტის მიხედვით, მინდელის შახტში მუშაობას რამდენიმე ძირითადი რისკ-ფაქტორი ახლავს, ესენია:

• მოპოვების პროცესში მეთანისა და სხვა აირების გამოყოფა;
• ქვანახშირის მოპოვების პროცესში ახლადგათხრილი ფრონტის გვერდებსა და ჭერზე დამჭერი კონსტრუქციის სისუსტეები;
• მუშაობა მჭიდროდ შემოსაზღვრულ სივრცეებში;
• მუშაობა სიმაღლეზე, რთული საყრდენის პირობებში;
• არასტანდარტულ გარემოებებთან მუშაობა, როგორებიცაა თაღები, გვერდების
დაზიანებული ნატეხები;
• ხელის ინსტრუმენტების გამოყენება;
• სახანძრო კონტროლი;
• სავენტილაციო სისტემის დაზიანებები.

ტრაგიკულ შემთხვევებთან დაკავშირებით კი DMT-ის დასკვნაში გამოკვეთილია, როგორც პირველადი, ასევე მეორეული მიზეზები, რომლებმაც შემთხვევა განაპირობეს.

ფატალური შემთხვევის პირველადი მიზეზი:

• იმ უბანში, სადაც მოხდა აფეთქებითი სამუშაოები იყო ბუნებრივი აირი, რაც საკმარისი აღმოჩნდა მოცულობისა და კონცენტრაციის მხრივ, რომ აალებულიყო და შემდგომ აფეთქებულიყო;

• ის ფაქტი, რომ აირის აფეთქებები დაემთხვა შპურების (შპური - ვიწრო ხვრელი, რომელსაც აკეთებენ ქანებში და ავსებენ ასაფეთქებელი ნივთიერებით) აფეთქების დროს, ჩვენებების საფუძველზე ადასტურებს იმას, რომ მეთანის აალების და აფეთქების მიზეზი იყო შპურების აფეთქება.

მეორეული მიზეზი:

წესები იმისშესახებ, თუ სად უნდა დაბრუნებულიყვნენ მუშები ან საიდან უნდა
მომხდარიყო აფეთქება , გარკვეული მიზეზით ან მიზეზთა ერთობლიობით იქნა იგნორირებული.

ფატალური შემთხვევის სხვა შესაძლო მიზეზები:

• წესები იყო ზოგადი ხასიათის, რაც საშუალებას ტოვებდა, რომ მენეჯერულ პოზიციებზე მყოფ პირებს, მათი ინტერპრეტირება მოეხდინათ.
• მაღაროში ქვანახშირის მოპოვების პროცედურები არ ითვალისწინებს ქვანახშირის ნარჩენებისგან (მტვერისგან) გაწმენდის შესაბამის ზომებს ან ასაფეთქებელი ღია შპურის მთელ სიგრძეზე მეთანის შემცველობის შემოწმებას. ეს ქმნის შესაძლებლობას დაგროვდეს იმ მოცულობის ბუნებრივი აირის დაგროვება, რის შედეგადაც მოხდეს აფეთქებები.
• მაღაროელი ზედამხედველები და მუშები ძირითადად მაღაროს მიმდებარედ არსებული მჭიდროდ შეკრული საზოგადოების წევრები იყვნენ. შესაძლებელია გამოითქვას გონივრული ვარაუდი, რომ არსებობდა ზეწოლის ელემენტები ხელმძღვანელი პირების მხრიდან მათ დაქვემდებარებაში არსებული პირების მიმართ, რასაც პოტენციურად პირდაპირი გავლენა ექნებოდა შახტში დასაქმებულთა შემოსავლებზე.
• მაღაროს მიერ მოწოდებული ციკლის საანგარიშო პერიოდის და წარმოების არსებული დროის ბაზისური კალკულაციები აჩვენებს, რომ არსებობდა ნეგატიური ვარიაცია სამიზნე და პოტენციურ მოპოვების ტონაჟს შორის.

აუდიტის მიხედვით, ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორი, რასაც ანგარიშში ყურადღება ეთმობა არის ის, რომ მინდელის შახტზე არ ხდებოდა ინციდენტების დაფიქსირება სრულად და მათი გამოძიება, რაც ინფორმაციის ერთ-ერთი ყველაზე ღირებული წყაროა მომავალში
შემთხვევების თავიდან ასარიდებლად. დაფიქსირებული ინციდენტები ძირითადად
მძიმე შედეგით დასრულებულ შემთხვევებს უკავშირდება, რომელთა იგნორირებაც
შეუძლებელია. შედარებით მსუბუქი ინციდენტები კი არ იქნა აღრიცხული და ხელიდან
იქნა გაშვებული შესაძლებლობა დანერგილიყო უფრო უსაფრთხო სისტემები, რასაც
მომავალში შეუძლია თავიდან აიცილოს ფატალური შემთხვევები.

"DMT ანგარიშში აღნიშნავს, რომ ჯანმრთელობასა და უსაფრთხოებაზე პასუხისმგებლობა უნდა ჰქონდეს თითოეულ დასაქმებულს. ჯანმრთელობისა და უსაფრთხოების პოლიტიკის დოკუმენტი კი უნდა განსაზღვრავდეს კონკრეტულად ვის რა პასუხისმგებლობა აკისრია. დოკუმენტი მხოლოდ იმ შემთხვევაში იქნება ეფექტური, თუ რეგულარულად გადაიხედება, საჭიროებების მიხედვით, მინიმუმ, წელიწადში ერთხელ. ჯანმრთელობასა და უსაფრთხოებაზე პასუხისმგებელი ორგანო კი მომუშავე ჯგუფებთან ერთად უნდა მუშაობდეს.

ზოგად მითითებებთან ერთად, დასკვნა დეტალურად აღწერს უსაფრთხოების მისაღებ ზომებს საამფეთქებლო სამუშაოების, ვენტილაციის, ხანძრისა და აფეთქებისაგან დაცვის, სავალი გზის შეკეთების, სამთო დარტყმების და ბუნებრივი აირის აფეთქებების დროს. DMT-ის დასკვნის თანახმად, პრობლემები იკვეთება ვენტილაციის სისტემის კუთხით, რის გამოც არ ხდება მეთანის შესაბამისი განზავება, რამაც ხელი შეუწყო აფეთქებებს. ამასთან, პრობლემები ფიქსირდება აირების გამოყოფის მონიტორინგის მხრივ. მონიტორინგთან ერთად, შესაძლებელია ასევე მოხდეს მეთანის გამოტუმბვა და მისი ენერგიის წარმოებისათვის გამოყენება, რაც შეამცირებს აალების საფრთხეს. მნიშვნელოვანია, რომ აფეთქების საწინააღმდეგო დამცავი ბარიერები, როგორიცაა წყლის ბარიერები, საკმარისად დამონტაჟდეს, რადგან დღეს არსებული არ შეესაბამება სტანდარტს. ასევე, შახტა არაა გამართული ხანძარსაწინააღმდეგო მოწყობილობებით;
თვითგადარჩენის ხელსაწყო არ შეესაბამება ევროკავშირის სტანდარტს, რომელიც ითვალისწინებს, რომ ჟანგბადი 45 წუთის განმავლობაში უნდა იყოს საკმარისი რათა მეშახტემ შეძლოს ყველაზე შორეული წერტილიდანაც უსაფრთხო ადგილას გამოსვლა.

ამასთან, იმის გათვალისწინებით, რომ ქვანახშირის მოპოვების დღეს არსებული მეთოდი საკმაოდ შრომატევადი და რისკის შემცველია, DMT სთავაზობს კომპანიას ქვანახშირის მოპოვების ალტერნატიულ მეთოდებზე გადასვლას, რომლებიც იქნება მექანიზებული და მეტად უსაფრთხო მეშახტეებისათვის. დასკვნაში რამდენიმე ასეთი მეთოდია აღწერილი, ტყიბულის შახტის თავისებურებების გათვალისწინებით.

დასკვნაში არა მხოლოდ კომპანიასთან დაკავშირებული პასუხისმგებლობა, არამედ სახელმწიფო პოლიტიკის ჩავარდნებიც იკვეთება. დასკვნის ავტორების თქმით, რეგულაციები ხშირად ბუნდოვანია და პირად უსაფრთხოებაზე კონცენტრირდება. ავტორებს შეექმნათ შთაბეჭდილება, რომ კანონმდებლობა სამთო-მოპოვებით საქმიანობას სათანადოდ ვერ არეგულირებს", - ნათქვამია, შრომით უფლებებზე მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაცია EMC-ის მიერ DMT-ის დასკვნის შესახებ მომზადებულ მიმოხილვაში.

2018 წლის აუდიტორული ანგარიშიდიან ირკვევა, რომ ტყიბულის შახტების კომერციულად მართვა ვერ ხერხდებოდა. 2018 წლის განმავლობაში შახტის მმართველი კომპანიის "საქნახშირის" შემოსავალი 19.6 მილიონი ლარი, სრული ზარალი 20.9 მილიონი ლარი იყო. ზარალით დაასრულა "საქნახშირმა" საქმიანობა 2017 წელსაც, როდესაც კომპანიის შემოსავალი 32.7 მილიონი ლარი, სრული ზარალი კი 16.4 მილიონი ლარი იყო.

მსგავსი სიახლეები

ნახეთ ყველა სიახლე

ყველა