მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რა წერილი გაუგზავნა რომან ბოკერიამ გახარიას

5da0af9c9e47d
ლიკა გურაბანიძე
12.10.19 10:05
3837
"ჩვენ მოვითხოვდით, რომ როგორც მთავრობა ახორციელებს ავიაკომპანიების - Wizz Air-ის და Ryan Air-ის სუბსიდირებას, ეროვნული ავიაკომპანიისთვისაც მსგავსი სახის სუბსიდირება მომხდარიყო", - ამის შესახებ "ჯორჯიან ეარვეისის" გენერალურმა დირექტორმა რომან ბოკერიამ  "საქმის კურსში" განაცხადა.  


მისი ინფორმაციით, საქართველოს მთავრობა არაპირდაპირი სუბსიდირების გზით Wizz Air-ს - 25 მლნ-ით, Ryan Air-ს კი - 32 მილიონით აფინანსებს,  ხოლო "ჯორჯიან ეარვეისის" შემთხვევაში ეს თანხა 0-ია.


როგორც რომან ბოკერიამ "საქმის კურსში" განაცხადა, 20 სექტემბერს მათ საქართველოს მთავრობას ფინანსური მხარდაჭერის თაობაზე  წერილი გაუგზავნეს. 


"ჩვენ გიორგი გახარიას პრემიერ–მინისტრობა ძალიან გაგვიხარდა, რადგან მას ავიაკომპანიაში მუშაობის გამოცდილება აქვს, როგორც თავის დროზე Lufthansa-ს ერთ-ერთ ხელმძღვანელს. ორი წერილით მივმართე მას (იგულისხმება გიორგი გახარია) – პირველი წერილით იყო ახსნა-განმარტება ჩვენი დღევანდელი პრობლემების, ხოლო მეორე წერილში იყო კონკრეტული გამოსავლის გზები შეთავაზებული. სამწუხაროდ, ჩვენი შეხვედრა ვერ შედგა, ბატონი პრემიერი ძალიან დაკავებულია. შემდეგ წერილი აპარატის უფროსს გადაეწერა, აპარატის უფროსმა მის მოადგილეს გადასცა, ხოლო მოადგილემ ეს წერილი ბიზნესომბუდსმენს გადაუგზავნა. მათ ბიზნესომბუდსმენს სთხოვეს, რომ ის გაერკვეს ჩვენ საქმიანობაში და წარმოადგინოს წინადადება. ამ საკითხზე შემდგომი კონტაქტი არ ყოფილა და იმედია, მომავალში იქნება დ რაღაცას ერთობლივად შევიმუშავებთ", - განაცხადა ბოკერიამ და დასძინა, რომ მათთვის "ნებისმიერი სახის დახმარება მისასალმებელია".


"მარკეტინგული დახმარება ერთ-ერთი მთავარია. მთავრობას უნდა აინტერესებდეს "ჯორჯიან ეარვეისი", როგორც ქვეყნის სიმბოლო და სავიზიტო ბარათი. ბოლოს და ბოლოს დროშა ვართ ქვეყნის, დავფრინავთ მთელს მსოფლიოში, ჩვენს მიმართ არანაირი დახმარება არ არსებობს, არც მარკეტინგის, არც ბრენდმენეჯმენტის მიმართულებით.  ეს მიუღებელია. გასულ წელს ჩამოვიყვანეთ 550,000 ტურისტი. პირველი შეხება ამ ტურისტებს აქვთ ჩვენი საშუალებით. ჩვენ ხშირად გვეუბნებიან, კერძო კომპანია ხართ და როგორ დაგეხმაროთო, კი ბატონო, კერძო კომპანია ვართ, მარამ დაგვეხმარონ ბრენდმენეჯმენტის, ტურისტების მოზიდვის ჭრილში... თუ იქნება დახმარების სურვილი, ფორმის გამონახვა ძალიან ადვილად შეიძლება, როგორც ეს მოხერხდა "ვიზ ეარის" შემთხვევაში", - აღნიშნა ბოკერიამ.

"ჯორჯიან ეარვეისის" გენერალური  დირექტორის შეფასებითვე, მთავრობის მხრიდან ავიაკომპანიის პრობლემები სრულადაა იგნორირებული. 


ცნობისთვის: როგორც პრემიერმინისტრმა გიორგი გახარიამ რამდენიმე დღის წინ განაცხადა, ჯერ კიდევ მამუკა ბახტაძის პრემიერობის დროს, ავიასანქციების ფონზე დაანონსებული რიგი ავიამიმართულებების სუბსიდირება არ განხორციელდება.