მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რა წინაპირობები აქვს "ნამახვანჰესის" ინვესტორს საარბიტრაჟო დავის დასაწყებად?

6140c507aa73e
დავით ჯალაღონია
15.09.21 10:49
2125
"ნამახვანჰესის" $800-მილიონიანი პროექტის მომავალი გარკვეულწილად იმ მედიაციის პროცესზე გადის, რომელიც დღეს სახელმწიფოს, არასამთავრობო სექტორსა და აქტივისტებს შორის მიმდინარეობს. აქ ევროპის ენერგეტიკული გაერთიანებაც ჩართულია და სწორედ მათ გაავრცელეს ბოლო ინფორმაცია 25 ივლისს, რომლის თანახმად, მედიაცია ახალ ფაზაზე გადავიდა, რაც უკვე პროექტის გარემოზე ზემოქმედების შეფასებას მოიცავს. რა ვითარებაა მედიაციის ფარგლებში დღევანდელი მდგომარეობით, ბოლო ინფორმაციისთვის BM.GE საკითხში ჩართულ სხვადასხვა მხარეს დაუკავშირდა.

ეკონომიკის სამინისტროში განმარტავენ, რომ მედიაციის მიმდინარე პროცესის მიზანი პროექტის გარემოზე ზემოქმედების და ხელშეკრულების დამოუკიდებელი ექსპერტების მიერ შეფასებაა, რაც მედიისა და სამოქალაქო სექტორისთვის იმთავითვე ცნობილი იყო.

"ნამახვანჰესის" მშენებლობის მოწინააღმდეგეთა მოსაზრებების მოსასმენად BM.GE "რიონის ხეობის მცველების" ლიდერს ვარლამ გოლეთიანს დაუკავშირდა. მისი განცხადებით, დეესკალაციის პროცესი უშედეგოდ დასრულდა, თავად კი მედიაციის მეორე ეტაპში აღარ მონაწილეობს, რადგან მისი თქმით, ადგილზე პროექტის ინვესტორ კომპანია "ენკასა" და აქტივისტებს შორის ისევ ყოველდღური წინააღმდეგობებია.

"დეესკალაციის ნაწილი, რომელსაც ჩვენ ვახსენებდით, რაც უნდა გადაწყვეტილიყო უშუალოდ მედიაციის პროცესის დასაწყებად და გვქონდა დაყენებული პირობები, რომელთა შორის უპირველესი იყო, ხეობის მიმართულებით გზაზე თავისუფალი გადაადგილების აღდგენა და ის, რომ პოლიციას ხელი არ შეეშალა, ვერ მიიღწა. საბოლოო ჯამში, მედიატორმა დახურა ეს ნაწილი, რადგან შეთანხმებას ვერ მივაღწიეთ ამასთან დაკავშირებით ხელისუფლებასთან; თავის მხრივ, "ენკა" უნდობლობას უცხადებს მთელ ამ პროცესს, დამოუკიდებლად მოქმედებდა და მოქმედებს ამ პროცესში და ყოველდღიურად ცდილობს სამუშაო პროცესის განახლებას. სწორედ ამ დეესკალაციის ნაწილში შეთანხმებას ვერ მივაღწიეთ და ეს ნაწილი დაიხურა", - განაცხადა გოლეთიანმა და დასძინა, რომ იგი მედიაციის პროცესში მონაწილეობის აზრს ვეღარ ხედავს.

"მედიატორი სხვა ტექნიკურ მხარეებზე გადავიდა, რაც იმას გულისხმობს, რომ საერთაშორისო კომპანია მოიწვია, რომელიც მომავალში ზოგადად პროექტს შეაფასებს, თუმცა ჩვენ პირობად ეს გვქონდა დაყენებული, რომ თუ გადავიდოდით მეორე ფაზაზე, პირველ ფაზაში დაყენებული პირობები უნდა შესრულებულიყო, რაც გულისხმობს იგივე თავისუფალი მოძრაობის აღდგენას, "ენკას" ჩართულობას პროცესში. "ენკა" უნდობლობას უცხადებს მედიაციის პროცესს, რაც თავდაყირა აყენებს ამ პროცესს მთლიანად, რადგან დეესკალაციის ნაწილს ვერ ვალაგებთ. კომპანია ცდილობს, რომ გაანაახლოს სამუშაო პროცესი ყოველდღიურ რეჟიმში და ამის გამო, ხეობაში ყოველდღიურად დაძაბული ვითარებაა.

ხეობაში ჩვეულებრივ ვდგავართ, როგორც აქამდე ვიყავით და არ ვაძლევთ შესაძლებლობას, რომ განახლდეს სამუშაო პროცესი. მედიაციის პროცესს მშვიდი გარემო სჭირდება, რომ ვისაუბროთ იმ საკითხებთან დაკავშრებით, რაც მეორე ფაზით არის გათვალისწინებული. ამას შესაბამისი გარემო სჭირდება, რაც ვერ შეიქმნა, ამიტომ ჩვენ პროცესიდან გათიშულები ვართ", - განაცხადა ვარლამ გოლეთიანმა.

კითხვაზე - ამ საკითხებთან დაკავშირებით ჰქონდა თუ არა მას მთავრობის წარმომადგენლებთან კომუნიკაცია, რიონის ხეობის მცველების ლიდერი აღნიშნავს, რომ მსგავსი რამ არ ყოფილა, რაც თავის მხრივ, პრობლემატურია.

"სწორედ ეს კომუნიკაციის ნაკლებობაა, რაც პრობლემებს იწვევს და ხელისუფლებამ დღევანდელ დღემდე ვერ დაძლია. ისინი დამოუკიდებლად იღებენ გადაწყვეტილებას, რაც საზოგადოების ინტერესს არ იზიარებს და შესაბამისად, პრობლემები არ გვარდება, ამიტომ პროტესტი ამ ნაწილში გაგრძელდება", - აღნიშნა მან.

მედიაციის პროცესზე სასაუბროდ BM.GE "ენკასაც" დაუკავშირდება, სადაც ამ ეტაპზე შეფასებებისგან თავს იკავებენ.

ენერგეტიკოსების ნაწილი კი უკვე ფლობს ინფორმაციას, რომ "ნამახვანის" ინვესტორი კომპანია საარბიტრაჟო დავის დასაწყებად ემზადება.


"ახლანდელი მდგომარეობა, რაც არის, უკიდურესად საშიშია იმით, რომ მე რა ინფორმაციაც მაქვს, ადგილზეც ვარ ნამყოფი, ინვესტორი ახლა აგროვებს დასაბუთებას საერთაშორისო საარბიტრაჟო დავისთვის - იქ მიდის, არ უშვებენ, შემდეგ ბრუნდება, ამის გადაღება, დაფიქსირება და დოკუმენტირება ხდება და ამ მასალას აგროვებს, რომ არბიტრაჟში წავიდეს. ჩემი არაპროფესიული შეფასებით, მილიარდზე მეტი არის შეწონილ მდგომარეობაში ამ ქვეყნისთვის; დღევანდელი სიტუაცია უკიდურესად სარისკოა", - აცხადებს BM.GE-სთან საუბრისას ენერგეტიკოსი, ორგანიზაციის "მსოფლიო გამოცდილება - საქართველოსთვის" დამფუძნებელი მურმან მარგველაშვილი.

შესაძლო საარბიტრაჟო დავაზე საუბრისას, საქართველოს ბიზნეს ასოციაციის აღმასრულებელი დირექტორი ლევან ვეფხვაძე აღნიშნავს, რომ თუ ეს ასე მოხდა, მაშინ არა მხოლოდ "ნამახვანჰესი", არამედ შესაძლოა, სხვა საინვესტიციო პროექტებიც დაზარალდეს.

"ყველაზე ცუდი სცენარი, რომელიც არ გვინდა განხორციელდეს, ეს იქნება, თუკი კომპანია საერთაშორისო არბიტრაჟში წავა და სარჩელს შეიტანს, რადგან ეს სარჩელი მრავალმილიონიანი იქნება და შესაბამისად, აქ საუბარი არა მხოლოდ იმაზე იქნება, კომპანიამ ამ ეტაპამდე რა დახარჯა, არამედ იმ ზიანზე, რაც მას მიადგა საქმიანი რეპუტაციის კუთხით მთელი ამ პერიოდის განმავლობაში, მისი არაკორექტულად მოხსენიების გამო ეთნიკური წარმომავლობის მხრივ, თუ სხვა. ეს ყველაფერი სამწუხაროდ, ალბათ წინ დაგვხვდება, თუ კომპანია გადაწყვეტს და არბიტრაჟში წავა. ვისურვოთ, რომ ამ ყველაზე მძიმე სცენარს ასცდეს ქვეყანა, რადგან თუკი ერთი კომპანია წავა არბიტრაჟში, დარწმუნებული ვარ, შეიძლება ხვალ და ზეგ სხვა კომპანიები წავიდნენ. გარდა ამისა, ეს ძალიან ცუდი სიგნალი იქნება იმ კომპანიებისთვის, რომელთაც სურვილი აქვთ, შემოვიდნენ და მსგავსი ტიპის პროექტები დაიწყონ, ისინი კიდევ ერთხელ დაფიქრდებიან, ღირს თუ არა საქართველოში შემოსვლა. ამიტომ ვფიქრობ, ყველაფერი უნდა გაკეთდეს, რომ ეს კომპანია დარჩეს და საქმიანობა გააგრძელოს", - მიიჩნევს ლევან ვეფხვაძე.

შეგახსენებთ, რომ რიონის ხეობაში საპროტესტო აქციების შემდეგ, პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა "ენკასთან" დადებული ხელშეკრულების შესწავლა იუსტიციის სამინისტროს დაავალა. თავის მხრივ, სამინისტრომ "ნამახვანჰესზე" ხელშეკრულების შემსწავლელი კომპანია გამოავლინა. ეს საერთაშორისო იურიდიული კომპანია - CMS Cameron McKenna Nabarro Olswang LLP-ია.