მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რა წონა აქვს ანაკლიის პროექტს საქართველოს სუვერენული რეიტინგისთვის? – Fitch-ის პასუხი

5da323ab0fe30
ელენე კვანჭილაშვილი
13.10.19 19:00
1464
„თუ ანაკლიის პროექტზე აქტიური მუშაობა გაგრძელდება, ეს მნიშვნელოვნად შეცვლის სურათს. თუმცა, მეორე მხრივ, ჩვენი პროგნოზი, რომელიც უკვე გაცხადებულია ამ ანგარიშში - FDI-ის მოცულობა მშპ-ის 6%-ის ფარგლებში - ვფიქრობ, რეალისტურია და მდგრადია, რადგან საინვესტიციო პროექტები არის ენერგეტიკის სექტორში და სხვა სექტორებშიც“, - ასე პასუხობს „ანალიტიკა“-ს Fitch Ratings-ის მაკროეკონომიკური განყოფილების დირექტორი მარინა სტეფანი კითხვაზე - რამდენად პრობლემურია საქართველოს სუვერენული რეიტინგის ზრდისთვის ის ფაქტი, რომ დღეს ანაკლიის პროექტი პრაქტიკულად, გაჩერებულია და ადგილიდან არ იძვრის.


Fitch Ratings-ის უახლეს ანგარიშში, რომლითაც გავლენიანმა საერთაშორისო სარეიტინგო სააგენტომ საქართველოს სუვერენული რეიტინგი გაუზარდა, ვკითხულობთ:


„2018 წელს საქართველოს მთლიან შიდა პროდუქტში პირდაპირი უცხოური ინვესტიციების (FDI) წილმა 7.4% შეადგინა, რაც 2017 წელს არსებულ 9.5%-ზე ნაკლები იყო. ამის მიზეზთა შორისაა ის გარემოება, რომ ამ წელს დასრულდა წარსულში დაწყებული მსხვილი ინფრასტრუქტურული პროექტის მშენებლობა. ჩვენი პროგნოზის მიხედვით, ინვესტიციების წილი მთლიან შიდა პროდუქტში 2019-2020 წლებში საშუალოდ 8%-მდე გაიზრდება, რასაც დამატებით შეუწყობენ ხელს თავისუფალი ვაჭრობის შესახებ გაფორმებული ხელშეკრულებები, სატრანსპორტო სექტორში მსხვილი ინფრასტრუქტურული პროექტებისა და ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის მშენებლობა."


კითხვაზე - ეყრდნობა თუ არა Fitch-ის მიერ პირდაპირი უცხოური ინვესტიციების კუთხით პროგნოზირებული მშპ-ის 6%-იანი ნიშნული მათ შორის, ანაკლიის პროექტზე დაფუძნებულ გათვლებსაც - მარინა სტეფანის ასეთი პასუხი აქვს:


„ვითვალისწინებთ, რადგან ერთი ფაზა სრულად ხვდება ჩვენი გაანგარიშების ფარგლებში, თუმცა ვფიქრობ, რომ ჩვენი შეფასება, საბოლოო ჯამში, მაინც კონსერვატიულია და შეიძლება, მომდევნო წლებში, FDI-ის მოცულობა უფრო მაღალიც იყოს“.


Fitch Ratings-ის ყოველწლიურ კონფერენციას საქართველომ წელს ოქტომბერში უმასპინძლა. ამ კონფერენციაზე გავლენიანმა საერთაშორისო სარეიტინგო კომპანიამ წარმოადგინა ანგარიში, რომლის მიხედვითაც, რამდენიმე თვის წინ, საქართველოს სუვერენული საკრედიტო რეიტინგი BB-მდე გაზარდა, რაც აქამდე არსებულ რეიტინგზე BB მინუსზე ერთი საფეხურით მაღალია. ამ შეფასებით, საინვესტიციო რეიტინგამდე საქართველოს 2 ნაბიჯი რჩება.