25.იანვარი .2023 20:37

რა წყაროებიდან იღებენ სასტუმროები ენერგოეფექტურობის შესახებ ინფორმაციას? - კვლევა

რა წყაროებიდან იღებენ სასტუმროები ენერგოეფექტურობის შესახებ ინფორმაციას? - კვლევა
views 430
უკან

არასამთავრობო ორგანიზაცია Georgian Environmental Outlook-მა მცირე ზომის სასტუმროებში ენერგოეფექტური ტექნოლოგიების გამოყენება გამოიკვლია. კვლევის მიზანი იყო, დაედგინათ, რა ინფორმაცია აქვთ სასტუმროების მენეჯერებსა და მფლობელებს ენერგოეფექტური მიდგომების შესახებ, რამდენად იყენებენ მათ და სამომავლოდ რამდენად გამოიყენებენ ენერგოეფექტურ ტექნოლოგიებს.

კვლევა საქართველოს ხუთ მუნიციპალიტეტში - სტეფანწმინდის, მცხეთის, ქობულეთის, ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტებსა და ქალაქ ბათუმში - სულ 26 სასტუმროში ჩატარდა და 2022 წლის დეკემბერში დასრულდა.

აღმოჩნდა, რომ სასტუმროებისთვის ენერგოეფექტურობის შესახებ ინფორმაციის ძირითადი წყარო სატელევიზიო და ონლაინ მედიაა. ზოგ შემთხვევაში კი დონორი ორგანიზაციების მიერ ჩატარებული აქტივობები, თუმცა, 26 გამოკითულიდან, ასეთი მხოლოდ 5 სასტუმროს წარმომადგენელი იყო.

"ენერგოეფექტურობის შესახებ ინფორმაციის ფლობის დონის მიხედვით შეიძლება გამოიყოს ორი ძირითადი ჯგუფი. პირველ ჯგუფს ინფორმაცია ტრენინგებიდან და სხვადასხვა ინტერნეტ თუ სატელევიზიო რესურსებიდან აქვთ. ინფორმაციის სიღრმე ენერგოეფექტურობის შესახებ ამ ჯგუფში შედარებით დიდია, საკუთარი ინტერესიდან გამომდინარე იციან ენერგოეფექტურობის, როგორც პირადი (თანხის დაზოგვა) ასევე საზოგადოებრივი და გარემოსდაცვითი მნიშვნელობების შესახებ. მეორე ჯგუფს ენერგოეფექტურობის შესახებ ინფორმაცია შედარებით დაბალი აქვს და ძირითადად ინფორმაციას ტელევიზიებიდან ან ინტერნეტ რესურსებიდან იღებენ. ზოგადად, ორივე ჯგუფი მზადაა მეტი ინფორმაცია მიიღოს ენერგოეფექტურობის შესახებ თუ ეს მათ ბიზნეს გამოადგება.

ენერგოეფექტურობის შესახებ ინფორმაციის კიდევ ერთი წყარო შრომითი მიგრაციაა სხვა ქვეყნებში. მაგალითად, თურქეთში დასაქმებული (სეზონურად) რამდენიმე რესპონდენტი ან თურქეთთან რაიმე კავშირის მქონე რესპონდენტები (ძირითადად აჭარაში), უშუალოდ ხედავენ ენერგოეფექტურ პროექტებს (მაგალითად, მზის გამათბობლებს) და მათ ეფექტურობას, ამიტომ ერთ შემთხვევაში, მზის გამათბობელი რესპონდენტმა თურქეთიდან ჩამოიტანა. ინფორმაციას იღებენ სომხეთიდანაც სადაც ასევე აქვთ მზის გამათბობლები.

დონორი ორგანიზაციების აქტივობები ასევე ზრდის ინფორმაციას ენერგოეფექტურობის შესახებ. მაგალითად, მაჭახლის ხეობაში UNDP-ის დაფინანსებით, რამდენიმე ოჯახს გადაეცა მზის წყლის გამათბობლები, ასევე სტეფანწმინდაში საერთაშორისო ორგანიზაციების დახმარებით მოხდა რამდენიმე სახლის XPS-ით დათბუნება. ამ ღონისძიებების პოზიტიური ეფექტის შესახებ კი ინფორმაცია დაბა სტეფანწმინდაში და მაჭახლის ხეობის სოფლებში სწრაფად გავრცელდა.

რესპონდენტები ყველაზე ხშირად ინტერესდებიან მზის პანელებით ელექტროენერგიის მიღებისა და წყლის გათბობის შესახებ მეტი ინფორმაციის მიღებით. ასევე აღნიშნავენ, რომ მზად არიან თანადაფინანსებით განახორციელონ მსგავსი პროექტები, რადგან საკუთარი სახსრებით ვერ შეძლებენ ენერგოეფექტური პროექტების განხორციელებას. ასევე ინტერესდებიან ენერგოეფექტურ მინებზე და სხვა საკითხებზე", - ნთქვამია კვლევაში. 

შეგახსენებთ, რომ აღნიშნული კვლევა პირველი ეტაპია პროექტისა, რომელიც 2022 წლის სექტემბერში დაიწყო და მიზნად ისახავს საქართველოში მცირე და საშუალო ზომის სასტუმროებში ენერგოეფექტური მიდგომების დანერგვასა და გავრცელების ხელშეწყობას.

კვლევა, პროექტის - „მწვანე ენერგიის ტექნოლოგიების გავრცელების დაჩქარება ტურიზმის სექტორში“ ფარგლებში ჩატარდა. აღნიშნულ პროექტს, GIZ-ის კლიმატის საერთაშორისო ინიციატივის (IKI-ის) მცირე გრანტების ფარგლებში, გერმანიის გარემოს, ბუნების დაცვის და ბირთვული უსაფრთხოების ფედერალური სამინისტროს (BMUV) ფინანსური მხარდაჭერით GEO ახორციელებს.