მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რა ხარვეზებით მიმდინარეობს სახელმწიფო ბიუჯეტის კანონპროექტის განხილვა პარლამენტში? - ბლოგი

5f8ebcafcb709
ეკა ციმაკურიძე
20.10.20 22:00
1233
ბოლო კანონპროექტი, რომელიც მეცხრე მოწვევის პარლამენტში განიხილება 2021 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტია. მთავრობამ შეიმუშავა ბიუჯეტის კანონპროექტი და დასამტკიცებლად პარლამენტს წარუდგინა, რაც მიზნად ისახავს პარლამენტმა შეამოწმოს რამდენად სწორად განსაზღვრა მთავრობამ პრიორიტეტები და კონკრეტულად რაში დაიხარჯება გადასახადის გადამხდელთა ფული.

პირველადი განხილვის ეტაპზე ბიუჯეტის კანონის პროექტის საკომიტეტო განხილვები ზედაპირულია. ამაზე ორი გარემოება მიუთითებს.

კომიტეტებში არ უსმენენ დარგის მინისტრებს ან მათ მოადგილეებს და აღმასრულებელი შტოს სხვა წარმომადგენლებს. ეს პროცედურა ემსახურება სწორედ ბიუჯეტის პროექტის სიღრმისეულ განხილვას, როცა დეპუტატებმა უშუალოდ ხარჯვაზე პასუხისმგებელ უწყებას უნდა ჰკითხონ, ასევე, დააფიქსირონ საკუთარი პოზიცია ბიუჯეტის ფულის ხარჯვის კონკრეტულ მიმართულებებზე, რამდენად სწორად არის განსაზღვრული პრიორიტეტი, რამდენად ადექვატურია გამოყოფილი თანხა და ა.შ.

13 კომიტეტის მიერ ჩატარებული 9 საკომიტეტო განხილვიდან მხოლოდ ერთ კომიტეტზე მოუსმინეს შესაბამისი სამინისტროების და სხვა აღმასრულებელი უწყებების წარმომადგენლებს. მხოლოდ თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტმა მოსთხოვა ანგარიში შინაგან საქმეთა სამინისტროს, თავდაცვის სამინისტროს, სახელმწიფო უსაფრთხოების და დაცვის სპეციალური სამსახურის წარმომადგენლებს.

ბიუჯეტის კანონპროექტის სიღრმისეულ განხილვას აფერხებს დეპუტატების მინიმალური ჩართულობა პროექტის განხილვის პროცესში. 10 კომიტეტის სხდომიდან მხოლოდ 3 შემთხვევაში შეიძლება ითქვას, რომ დეპუტატები მეტ-ნაკლებად აქტიურობდნენ, როცა სხდომაზე დამსწრე დეპუტატთა ნახევარმა მაინც დასვა კითხვა ან დააფიქსირა თავისი პოზიცია.

არც ერთი კითხვა არ დასმულა ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტზე. ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულების ფარგლებში საქართველო ყოველწლიურად ახდენს კანონმდებლობის ჰარმონიზებას, რომლის პრაქტიკაში დანერგვა შესაბამის ხარჯებთან არის დაკავშირებული. რამდენად ადექვატურად ითვალისწინებს მთავრობა ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულების შესრულებისთვის საჭირო ხარჯებს, პარლამენტში განხილვის საგანი არ გამხდარა. ამგვარი მიდგომა ვერ იქნება ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულების პირობების შესრულების ხელშემწყობი, რაც ევროპასთან ინტეგრაციის მიზნის მიღწევის აუციელებელი წინაპირობაა.

ოპოზიციის ჩართულობა ბიუჯეტის განხილვის პროცესში ასევე მინიმალურია. 10 საკომიტეტო სხდომიდან 5 სხდომას ოპოზიცია არ დასწრებია. დანარჩენ სხდომებს ოპოზიციის მხოლოდ 7 დეპუტატი ესწრებოდა - დამოუკიდებელი დეპუტატები და პატრიოტთა ალიანსის წარმომადგენლები.

მინიმალური იყო ასევე ბიუჯეტის პროექტის განხილვა ფრაქციებში. ამჟამად პარლამენტში 5 მსხვილი ფრაქციათა ჯგუფია შექმნილი. აქედან მხოლოდ ერთ - ევროპული საქართველოს ფრაქციების გაერთიანებულ სხდომაზე განიხილეს ბიუჯეტის კანონპროექტი და მოამზადეს შესაბამისი დასკვნა.

ამგვარი ზედაპირული განხილვა ცხადია, ამცირებს შესაძლებლობას პარლამენტმა აღმოაჩინოს ბიუჯეტში პრობლემური ხარჯები ან ხელი შეუწყოს ბიუჯეტის უფრო ეფექტურად დაგეგმვას.

წინ არის ბიუჯეტის კანონპროექტის გადამუშავებული და საბოლოო ვარიანტების განხილვის პროცესი. გასათვალისწინებელია, რომ ბიუჯეტის კანონპროექტის გადამუშავებული ვარიანტის განხილვა, დადგენილი ვადების და არჩევნების მეორე ტურის მოსალოდნელობის გათვალისწინებით, მეცხრე მოწვევის პარლამენტს მოუწევს. ახალ პარლამენტს კი განსახილველი დარჩება ბიუჯეტის კანონპროექტის საბოლოო ვარიანტი. განსხვავებით ბიუჯეტის კანონპროექტის პირველადი და გადამუშავებული ვარიანტების განხილვის პროცედურისა, საბოლოო ვარიანტი მხოლოდ საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის სხდომაზე განიხილება. სხვა კომიტეტები და ფრაქციები ამ ეტაპზე პროექტს აღარ განიხილავენ, რაც ნიშნავს, რომ დასკვნით ეტაპზე კანონპროექტის სიღრმისეული განხილვის შესაძლებლობა მინიმალურია. ამიტომ მნიშვნელოვანია, რომ მეცხრე მოწვევის პარლამენტმა ბიუჯეტის კანონპროექტის განხილვის ყველა შესაძლებლობა გამოიყენოს და უზრუნველყოს ხარჯების ეფექტური დაგეგმვა და განხილვის გამჭვირვალე პროცესი.