მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რა ხდება ფარმაცევტულ ბაზარზე? - კონკურენციის სააგენტო დასკვნას წლის ბოლოს გაასაჯაროებს

617279e971181
ელენე გოგბერაშვილი
22.10.21 20:41
1015
საქართველოს კონკურენციის სააგენტო, რომელიც მესამე წელია ფარმაცევტულ ბაზარს იკვლევს, შედეგების შუალედურ ანგარიშს აღარ გამოაქვეყნებს. როგორც სააგენტოში განგვიცხადეს, ბაზრის მოკვლევის საბოლოო დასკვნა წლის ბოლოსთვის გასაჯაროვდება.

აღსანიშნავია, რომ სააგენტომ ფარმაცევტული ბაზრის მოკვლევა ჯერ კიდევ 2019 წელს დაიწყო, კონკრეტული შედეგები გასული წლის ბოლოს უნდა დაედო, თუმცა როგორც bm.ge-სთან ინტერვიუში ცოტა ხნის წინ კონკურენციის სააგენტოს ხელმძღვანელმა განმარტა, ამ პროცესში ხელი პანდემიამ შეუშალათ, ამიტომ საბოლოო შედეგის გამოქვეყნებისთვის კიდევ ერთი წელი დასჭირდათ.

როგორც გავარკვიეთ, სააგენტოს უკვე მზად აქვს მონიტორინგის ძირითადი დასკვნები და რეკომენდაციების მნიშვნელოვანი ნაწილი.

„პრაქტიკულად, დამუშავებულია საქართველოს ბაზარზე მოქმედი ყველა ძირითადი მოთამაშის მხრიდან მოწოდებული ინფორმაცია, მათ შორის, ყველაზე მსხვილი კომპანიების მონაცემები. პერიოდი 2016-2020 წლებს მოიცავს.

შეფასებული იქნება ბაზარზე არსებული ვითარება, კომპანიების პოზიციები ბაზარზე და ბაზრის არსებული სტრუქტურის გავლენა ფასწარმოქმნაზე. ასევე, შერჩეული გვაქვს 6 ძირითადი მედიკამენტის ჯგუფი და თითოეულ მათგანზე წარმოდგენილი იქნება ფასწარმოქნის ანალიზი. მონიტორინგი მოიცავს კანონმდებლობის ანალიზს და შეფასებას კონკურენციის ჭრილში. გამომდინარე აქედან, წარმოდგენილი იქნება ჩვენი რეკომენდაციების პაკეტი, რომელიც ეფუძნება საუკეთესო ევროპულ პრაქტიკას და ბაზრის ეფექტიანი რეგულირების მექანიზმებს”, - განმარტავენ კონკურენციის სააგენტოში.

აღსანიშნავია, რომ ჯერ კიდევ ერთი თვის წინ სააგენტო ბაზრის მოკვლევის შუალედური ანგარიშის გამოქვეყნებას გეგმავდა. ეს მას შემდეგ, რაც მთავრობის წევრების მხრიდან გახშირდა საჯარო განცხადებები ფარმაცევტულ პროდუქციაზე შესაძლო მაღალი ფასნამატის შესახებ.

ის, რომ „მოქალაქეები და სახელმწიფო მედიკამენტების ფასების მძევლად იქცა“ და ამ მხრივ შესაძლოა მთავრობამ მტკივნეული გადაწყვეტილებები მიიღოს, ამის შესახებ ბოლო პერიოდში პირველად 10-წლიანი გეგმის პრეზენტაციაზე ჯანდაცვის მინისტრი ეკატერინე ტიკარაძე ალაპარაკდა.

ტიკარაძის შემდეგ უკვე პრემიერი-მინისტრმა „არსებულ მოსაზრებებზე“ დაყრდნობით 2 აგვისტოს მთავრობის სხდომის დაწყებამდე განაცხადა, რომ "ზოგიერთ წამალზე 300-400%-იანი ფასნამატია დადებული კომპანიების მხრიდან, რაც მიუღებელია".

„არ არის მთლად ეკონომიკური ფაქტორებით დასაბუთებული ის მაღალი ზრდა, რაც მედიკამენტებზე ფიქსირდება“- ეს კი მიმდინარე წლის 31 აგვისტოს ეკონომიკის მინისტრმა, ნათია თურნავამ თქვა.

იმას, რაზეც მთავრობის წევრები საუბრობენ, არგუმენტირებული პასუხი 3-წლიანი მუშაობის შემდეგ კონკურენციის სააგენტომ უნდა გასცეს.

რიცხვები პოპულიზმის წინააღმდეგ - სინამდვილეში რა ფასნამატით იყიდება მედიკამენტები