მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რა ხდება იმ შემთხვევაში, თუ პარლამენტი ბიუჯეტს ვერ დაამტკიცებს

5dd24fbee40c3
დავით ჯალაღონია
18.11.19 12:20
5641
პარლამენტმა 13 ნოემბრის პლენარულ სხდომაზე 2020 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის გადამუშავებული ვარიანტი განიხილა. დოკუმენტში, პირველ წარდგენასთან შედარებით, არსებითი ცვლილებები არ შესულა და ფინანსთა მინისტრმა ივანე მაჭავარიანმა განაცხადა, რომ გარკვეული მონაცემები მესამე წარდგენისთვის მომზადებულ ბიუჯეტის პროექტში განახლდება.

ამ სხდომის შემდეგ, 14 ნოემბერს, პარლამენტში საკონსტიტუციო ცვლილების პროექტი ჩავარდა, რომლის მიხედვით, 2020 წლის საპარლამენტო არჩევნები პროპორციული სისტემით უნდა ჩატარდეს. ამ ფაქტს საპროტესტო აქციები და "ქართული ოცნების" დეპუტატთა ერთი ნაწილის მიერ საპარლამენტო უმრავლესობის რიგების, ასევე საპარლამენტო თანამდებობების დატოვება მოჰყვა. მოვლენების ასეთი განვითარების გამო, პარლამენტის ვიცე-სპიკერმა საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა გიორგი ვოლსკიმ განაცხადა, რომ მიმდინარე პროცესები "რევოლუციურ სცენარს" ჰგავს და სახელმწიფო ბიუჯეტის ჩაგდება ქვეყნის ღალატი იქნება.

"მომავალი წლიდან მასწავლებლების დიდი ჯგუფი მიიღებს ღირსეულ ხელფასს, ასევე პოლიციელები, ჯარისკაცები, ყველა ადამიანი, ვინც ემსახურება ჩვენს უსაფრთხოებას, იზრდება დაბალი რგოლის უზრუნველყოფა ფინანსურად, მატერიალურად და ამასთან ერთად, კიდევ უამრავი ინფრასტრუქტურული პროექტი. ამ ფონზე ცალკე აღსანიშნავია საქართველოს უსაფრთხოების თემა – უძლიერესი, ინტენსიური წარმატება საერთაშორისო ასპარეზზე. ბიუჯეტის ჩაგდება არის სახელმწიფოს ღალატი, ქვეყნის ღალატი და უკან დახევა, იმის გამო, რომ იქ პიკეტირება ხდება. რევოლუციური სცენარია, განა ვერ ატყობს ვერავინ. ვატყობთ, რასაკვირველია", – განაცხადა გიორგი ვოლსკიმ.

რას ამბობს კონსტიტუცია?

თავი მეშვიდე. სახელმწიფო ფინანსები და კონტროლი
პარლამენტი სრული შემადგენლობის უმრავლესობით ყოველწლიურად იღებს საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტის კანონს;

თუ პარლამენტმა არ მიიღო სახელმწიფო ბიუჯეტი ახალი საბიუჯეტო წლის დაწყებამდე, ხარჯები დაიფარება კანონით დადგენილი წესით, წინა წლის სახელმწიფო ბიუჯეტის მიხედვით.

უფრო კონკრეტულად, რა ხდება პოლიტიკური პროცესების ისე განვითარების შემთხვევაში, თუ პარლამენტმა 2020 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის კანონი ვერ დაამტკიცა?

საქართველოს საბიუჯეტო კოდექსის შესაბამისად, სახელმწიფო ბიუჯეტის კანონის პროექტს საქართველოს პარლამენტი კენჭს უყრის არაუგვიანეს დეკემბრის მესამე პარასკევისა, კანონი კი, პარლამენტის სრული შემადგენლობის უმრავლესობით, ერთი მოსმენით მიიღება.

იმ შემთხვევაში, თუ პარლამენტი დეკემბრის მესამე პარასკევამდე ბიუჯეტს ვერ დაამტკიცებს, კოდექსი უშვებს შესაძლობლობას, რომ ბიუჯეტის პროექტის იმავე ვარიანტს ან მთავრობისა და პარლამენტის წევრთა მიერ გადამუშავებულ ვერსიას ხელახლა, 10 დღის ვადაში, მაგრამ არა უგვიანეს 31 დეკემბრისა უყარონ კენჭი.

პარლამენტმა აღნიშნული შესაძლებლობებიც თუ ვერ გამოიყენა და ბიუჯეტი მაინც ვერ დაამტკიცა, ამ შემთხვევაში 2020 წლიდან საქართველოს ფინანსთა მინისტრი, ხოლო ავტონომიურ რესპუბლიკაში შესაბამისი აღმასრულებელი ორგანო, უფლებამოსილია მხარჯავ დაწესებულებებზე ყოველთვიურად გასცეს თანხა, არაუმეტეს გასული საბიუჯეტო წლის დამტკიცებული ასიგნებების 1/12-ისა.

ცნობისთვის: პარლამენტში ბიუჯეტის მესამე წარდგენისთვის მთავრობას ვადა 30 ნოემბერს ეწურება.