მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რა ზომები მიიღო ხელისუფლებამ იმისათვის, რომ საქართველო რუსეთის მიერ სანქციების არიდების გზად არ იქცეს?

628792c5f198f
სალომე მეცხვარიშვილი
20.05.22 22:55
1512
შს სამინისტრო გადავიდა მუშაობის განსაკუთრებულ რეჟიმზე; ფინანსთა სამინისტრომ საბაჟო გამშვებ პუნქტ „ყაზბეგში“ გაზარდა თანამშრომელთა რაოდენობა, დამატებით განთავსდა რენტგენ-სკანერები - ეს არის ამონარიდი ოფიციალური პასუხებიდან, რომელიც შს და ფინანსთა სამინისტროებმა დეპუტატ ანა ნაცვლიშვილს სადეპუტატო კითხვის პასუხად მისწერეს.

პარლამენტარი დაინტერესდა: რუსეთის მიერ უკრაინის წინააღმდეგ აგრესიული ომის დაწყების შემდეგ, რა ზომები გაატარა საქართველოს ხელისუფლებამ იმისათვის, რომ საქართველო არ გადაიქცეს რუსეთის მიერ სანქციებისთვის თავის არიდების გზად?

ფინანსთა სამინისტრო დეპუტატის პასუხად აცხადებს, რომ გარდა თანამშრომლებისა და რენტგენ-სკანერების რაოდენობის ზრდისა, საბაჟო დეპარტამენტის საბაჟო რისკების მართვის სპეციალური ჯგუფის მიერ შეიქმნა ახალი საბაჟო რისკების პროფილები სამხედრო, ორმაგი დანიშნულების, ასევე ყველა იმ პროდუქციაზე, რომელიც მოხვედრილია სანქციების სიაში.

“შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის ყველა სტრუქტურული ერთეულის მიერ, ნებისმიერი ტიპის საქონელი, როგორც სამხედრო, ისე ორმაგი დანიშნულების, ასევე ყველა ის პროდუქცია, რომელიც სანქციების მონაწილე ქვეყნების მიერ, მოხვედრილია სანქციების სიაში, ექვემდებარება მკაცრ საბაჟო კონტროლს.

აგრეთვე, საბაჟო კონტროლს ექვემდებარება რუსეთიდან და ბელარუსიდან საქართველოში შემოსული სანქცირებული საქონლის რეექსპორტი, ასევე ამავე ქვეყნების დანიშნულებით საქართველოდან სანქცირებული საქონლის რეექსპორტი (რეექსპორტისას აგრეთვე კონტროლდება სანქცირებული ფიზიკური პირები და კომპანიები).

განსაკუთრებულ კონტროლს ექვემდებარება ევროკავშირის ქვეყნებიდან, აშშ-დან, დიდი ბრიტანეთიდან და სხვა სანქციების მონაწილე ქვეყნებიდან შემოტანილი ან ამ ქვეყნების წარმოშობის სერტიფიკატის მქონე სანქცირებული საქონლის რეექსპორტი რუსეთსა და ბელარუსში ან პირიქით, რათა მაქსიმალურად აღიკვეთოს საქართველოს გამოყენებით სანქციებისაგან თავის არიდების შესაძლებლობა.

მკაცრად კონტროლდება საქართველოში გაიმპორტებული სანქცირებული საქონლის ექსპორტის შემთხვევებიც, რათა არ მოხდეს რუსული ან ბელარუსული საქონელი სანქციების მონაწილე ქვეყნებში ან პირიქით”,- ნათქვამია ფინანსთა სამინისტროს წერილში.

აქვე აღნიშნულია, რომ რუსეთ-უკრაინის ომის პერიოდში, არ იკვეთება იმპორტისა და რეექსპორტის უჩვეულო ზრდა. მათივე ცნობით, ასევე, არ გაზრდილა რუსეთში სანქცირებული საქონლის სახეობების საქართველოში იმპორტი და რუსეთ-საქართველოს საზღვარზე ტვირთბრუნვა.

ფინანსთა სამინისტრო აღნიშნავს, რომ საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე საქონლის შემოტანა/გატანა ხორციელდება საქართველოს საბაჟო საზღვართან მდებარე 20 საბაჟო გამშვები პუნქტის გავლით, სადაც საქონელი საბაჟო კონტროლს ექვემდებარება ჯამში 1050 მებაჟეოფიცრის მიერ.

რაც შეეხება შინაგან საქმეთა სამინისტროს პასუხს:

“აღსანიშნავია, რომ 2022 წლის 24 თებერვლის შემდეგ, სამინისტრომ გააძლიერა სასაზღვრო გამტარ პუნქტებში სავიზო და საპასპორტო, ასევე, საქართველოს სახელმწიფო საზღვრის, საქართველოს საზღვაო სივრცის სამართლებრივი რეჟიმის დაცვა და კონტროლი.

განვითარებული მოვლენებიდან გამომდინარე, სამინისტრო გადავიდა განსაკუთრებული მუშაობის რეჟიმზე, რათა უზრუნველყოს სასაზღვრო ზონაში, სასაზღვრო ზოლსა და სასაზღვრო გამტარ პუნქტებში დადგენილი წესების სრულყოფილი შესრულება და კონტროლი, აგრეთვე სახელმწიფო, კერძო და საზოგადოებრივი ინტერესების დაცვა”,- აცხადებს შს სამინისტრო.