18.ოქტომბერი .2020 21:31

“რაც იყო, იყო” - რამდენად მოემზადა მთავრობა მეორე ტალღისთვის?

views 1542
უკან

ინფექციური საავადმყოფოს ხელმძღვანელის თენგიზ ცერცვაძის განცხადებით, დღეს ხშირად სვამენ შეკითხვებს - გამოიყენა თუ არა ჯანდაცვის სამინისტრომ და მთავრობამ გაზაფხულის და ზაფხულის მშვიდი პერიოდი, რომ მომზადებულიყო მეორე ტალღისთვის?

“ჩემი პასუხი იქნება შემდეგი - გამოიყენა და ამისთვის მზად ვართ. შეიძლება რაღაცის გაკეთება უკეთაც შეიძლებოდა და უფრო დიდი მოცულობითაც, მაგრამ რაც იყო, იყო. დღევანდელი მზადყოფნაც ჯერჯერობით სავსებით საკმარისია იმ გაზრდილი დატვირთვის გასამკლავებლად, რაც გვაქვს. საზოგადოება გააკეთებს ყველაფერს, რომ ეს დატვირთვა კიდევ უსაშველოდ არ გაიზარდოს, ჩვენ გპირდებით, რომ მოსახლეობის უსაფრთხოება იქნება დაცული და ვიძლევით გარანტიას, რომ გარდაცვალების რიცხვი იყოს მინიმალური”,- ამის შესახებ ინფექციური საავადმყოფოს ხელმძღვანელმა თენგიზ ცერცვაძემ “ტვ პირველზე” სტუმრობისას მეორე ტალღისთვის მთავრობის მზადყოფნაზე საუბრისას განაცხადა.

მისი თქმით, ჯანდაცვის სექტორში სერიოზული მობილიზაციაა გამოცხადებული.

“3 ათასზე მეტი საწოლია მობილიზებული და საჭიროების შემთხვევაში, ჯანდაცვის სამინისტრო აცხადებს, რომ შეუძლია კიდევ ერთი ამდენი საწოლის გამოთავისუფლება, ექიმების ნაკლებობა არ არის. ჯერჯერობით, ჯანდაცვის სისტემა გაზრდილ დატვირთვებს წარმატებით უმკლავდება, უფრო წარმატებით, ვიდრე ევროპის ქვეყნები, სადაც ძალიან ბევრი პაციენტი რჩება ექიმის გარეშე, ბევრია ბინაზე გარდაცვალება. ჩვენთან, თუ არ გავითვალისწინებთ 2-3 კვირიან შეფერხებას აჭარის რეგიონში, რომელიც გამსოწორებულია, ამჟამად სიტუაცია მართვადია. ტესტის გაკეთების საშუალება აქვს ყველას. 48 საათში იშვიათი გამონაკლისი გარდა არის ტესტის პასუხები”,- აცხადებს თენგიზ ცერცვაძე.