25.სექტემბერი .2022 10:36

“რაჭა შიდა ტურიზმის ხარჯზე მუშაობს”-ზაფხულში ჩამოსული სტუმრების 80% ქართველი იყო

“რაჭა შიდა ტურიზმის ხარჯზე მუშაობს”-ზაფხულში ჩამოსული სტუმრების 80% ქართველი იყო
views 1162
უკან

რაჭაში 2022 წლის ზაფხულის ტურისტული სეზონით ადგილობრივი ბიზნესი კმაყოფილია. როგორც ისინი ამბობენ, წელს რაჭას დამსვენებლების დიდი რაოდენობა სტუმრობდა, რაც რაჭაში ჩატარებულ ფესტივალებს უკავშირდება. მათი თქმით, მიუხედავად დამსვენებლების დიდი რაოდენობისა, რაჭაში ძირითადად მაინც ადგილობრივი დამსვენებლები ჭარბობდნენ.

“გვყავდა ბევრი სტუმარი ევროპიდან, თუმცა პროცენტულად რომ გითხრათ, 80% ქართველი იყო, 20% კი - უცხოელი. ეს ვიზიტორები იყვნენ ძირითადად პოსტსაბჭოთა ქვეყნებიდან და ევროპიდან”, - აცხადებს ჭრებალოს მარნის თანამფუძნებელი სალომე ლეკიშვილი.

ადგილობრივები ამბობენ, რომ რაჭაში დამსვენებლების რაოდენობა არაფრით ჩამოუვარდებოდა პანდემიამდელ 2019 წელს, თუმცა სახეცვლილია სტრუქტურა - რაჭა დღეს შიდა ტურიზმის ხარჯზე მუშაობს. ერთ-ერთი მიზეზი, რასაც კერძო ბიზნესი რაჭაში ვიზიტორების ზრდას უკავშირებს, გაადგილების შემცირებული დროა. საჩხერე-ონის გზამ რაჭა მცირე დროით, უქმეებზე დასვენებისთვისაც მიმზიდველი გახადა.

“მემგონი რომ 2022 წლის ზაფხულის სეზონი არაფრით არ ჩამოუვარდებოდა პანდემიამდელ პერიოდს. წლევანდელმა წელმა ეს გვანახა. ყაზახეთიდან იყვენენ და ევროპის სხვადასხვა ქვეყნებიდან, თუმცა ბალტიისპირა ქვეყნები დომინირებდა”, - ამბობს მეღვინეობა “ბარაკონის” დამფუძნებელი კახა გორდეზიანი.

ცნობისთვის, ამბროლაურის აეროპორტი აგვისტოში - 493 მგზავრს მოემსახურა. ზრდამ 2019 წელთან შედარებით 35 % შეადგინა ( 2019 წლის აგვისტო 366 მგზავრი).

რაც შეეხება 8 თვის სტატისტიკას: იანვარ- აგვისტოში ამბროლაურის აეროპორტი ჯამურად 1747 მგზავრს მოემსახურა და 2019 წელთან შედარებით მგზავრთნაკადი 48%-ით გაიზარდა(2019 წლის 8 თვის პერიოდში 1179 მგზავრი).

ზრდა ფიქსირდება რეისების რაოდენობის კუთხითაც. აგვისტოში ამბროლაურის აეროპორტში 16 რეისი შესრულდა, რაც 23 % მეტია 2019 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით (2019 წლის აგვისტო 13 რეისი).

8 თვის მონაცემებით, ამბროლაურის აეროპორტში 109 რეისი შესრულდა, რაც 31 %-იანი ზრდაა 2019 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით ( 2019 წლის 8 თვის პერიოდში 83 რეისი).



მსგავსი სიახლეები

ნახეთ ყველა სიახლე

ყველა