14.ივლისი .2022 00:00

რაჭაში განთავსების ახალი ობიექტი გაიხსნა - „შალე-პანორამა ნიკორწმინდა“ სამი ტიპის მომხმარებელზეა გათვლილი

რაჭაში განთავსების ახალი ობიექტი გაიხსნა - „შალე-პანორამა ნიკორწმინდა“ სამი ტიპის მომხმარებელზეა გათვლილი
views 1900
უკან

რაჭაში ახლად გახსნილი განთავსების ობიექტი „შალე-პანორამა ნიკორწმინდა“ პირველ სტუმრებს 16 ივლისს მიიღებს.

ახალი საოჯახო ტიპის სახლი, სოფელ ნიკორწმინდასთან რამდენიმე დღეა ამოქმედდა და 3 საძინებელს, სამზარეულოს, საერთო სივრცეს, აივანსა და კეთილმოწყობილ ეზოს აერთიანებს. „შალე-პანორამა ნიკორწმინდა“ დღეისთვის სრულად ადგილობრივ დამსვენებელზეა გათვლილი და სტუმრებს ნიკორწმინდის პეიზაჟებით გარემოში მყუდრო და კომფორტულ დასვენებას სთავაზობს.

როგორც BM.GE-სთან საუბრისას სასტუმრო სახლის თანამფლობელი თამარ გვადიბაძე ამბობს, მეუღლესთან ერთად რაჭაში განთავსების ობიექტის ამოქმედების იდეა დიდი ხანია ჰქონდა და როდესაც გასული წლის მიწურულს ეს სახლი ნახეს, მისი შეძენა და ეთნოგრაფიულ სტილში მოწყობა გადაწყვიტეს.



„მე და ჩემი მეუღლე საქართველოს მასშტაბით ხშირად ვმოგზაურობთ. ვხედავთ, რომ ამ მხრივ ძალიან განვითარებული მხარეა კახეთი, იქ ყოველი მეორე მაცხოვრებელი მცირე მეურნეობას მართავს და თავისი რეგიონის განვითარებაში შეაქვს წვლილი. ჩვენც გვინდა რაჭის განვითარებაში ჩვენი წვლილი შევიტანოთ და ჩვენი მცირე საქმიანობით რაჭა გავააქტიუროთ. მიზნად დავისახეთ მაღალი ხარისხის საქმე გვეკეთებინა. ამიტომ თითოეულ დეტალზე ვიფიქრეთ, რათა ჩვენი სტუმრებისთვის მაქსიმალურად კომფორტული და მყუდრო გარემო შეგვექმნა. ამ სახლის ნახვის შემდეგ დეკემბერში გადავწყვიტეთ აგვეღო სესხი და ჩვენი გემოვნებით სახლის მოწყობაზე დავიწყეთ ზრუნვა. საჭირო ფინანსური რესურსის მობილიზებისთვის კი პარტნიორობა ჩვენს მეგობარ ოჯახს შევთავაზეთ და ასე წამოვიწყეთ საქმიანობა“, - აღნიშნა თამარ გვადიბაძემ.



„შალე-პანორამა ნიკორწმინდას“ თანამფლობელი აღნიშნავს, რომ ასეთი სახლის  ასაშენებლად და მოსაწყობად, მინიმალურად 60-70 ათასი დოლარია საჭირო, ხოლო 1 კვ.მ.-ის მიწის ღირებულება ამ ტერიტორიაზე დაახლოებით 35 დოლარია. რაც შეეხება განთავსების ფასებს, ერთი ღამით სახლის დაჯავშნის ღირებულება 540 ლარია და ვინაიდან სამ საძინებელში შესაძლებელია ორი ადამიანის განთავსება, შესაბამისად ადამიანზე ღირებულება 90 ლარს შეადგენს. ახალი ობიექტი დასვენების მსურველებს სამი და მეტი ღამის შემთხვევაში 20%-იან ფასდაკლებას და სურვილის შემთხვევაში დიასახლისის მომსახურებასაც სთავაზობს.

"„შალე-პანორამა ნიკორწმინდა“ ხუთვარსკვლავიანი სასტუმროს ხარისხის ინვენტარით მოვაწყვეთ. დღეს ერთდროულად 6-10 ადამიანის მიღება შეგვიძლია და ძირითადად სამი ტიპის მომხმარებელზე ვართ გათვლილი - სამეგობრო შეკრებები, მცირე დაბადების დღეები, Team building შეხვედრებისთვის და საოჯახო დასვენებისთვის“, - უთხრა ახალი ობიექტის თანამფლობელმა BM.GE-ს.

თამარ გვადიბაძე ასევე ამბობს, რომ განთავსებიდან მიღებულ შემოსავალს კვლავ „შალე-პანორამა ნიკორწმინდას“ განვითარებას მოახმარენ და სრულად მოაწყობენ ეზოს, სადაც მომავალი ზაფხულისთვის კინოჩვენებების ადგილი მოეწყობა.



მსგავსი სიახლეები

ნახეთ ყველა სიახლე

ყველა