მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

„რაჭაში მარნისა და ვენახების მოვლისთვის ადამიანური რესურსი არ არის“ – „პატარიძის რაჭული“

645a4c7d5769c
სალომე ხიდურელი
14.05.23 23:49
721
საქართველოში ღვინის წარმოებასთან დაკავშირებულ სირთულეებზე მეღვინეობა „პატარიძის რაჭულის“ დამფუძნებელი შორენა პატარიძე საუბრობს და აღნიშნავს, რომ ამ სფეროში ფინანსებზე ხელმისაწვდომობა უნდა გაიზარდოს.

კომპანიამ გასულ წელს სოფლის განვითარების სააგენტოსგან დაფინანსება მოიპოვა და მიღებული გრანტით ახალი მარანი ააშენა, თუმცა დამფუძნებელი აღნიშნავს, რომ მსგავსი პროექტების გარეშე ბიზნესის განვითარება ძალიან რთულია.

„ბიზნესის ზრდა აუცილებელია. როდესაც ვერ ახერხებ განვითარებას და იმას, რომ წარმადობა 3000-ს ბოთლს გასცდეს, ვერც წარმადობას გაზრდი და ვერც ფასებს მოამატებ - ასე ბიზნესი არ ვითარდება. მე რომ ეს დაფინანსება არ მომეპოვებინა, 5 ქვეყნის ბაზრის იმპორტიორს მიწოდებას ვერ დავუკმაყოფილებდი.

ბანკის პროცენტებით ვერ განვითარდები. რა თქმა უნდა, არის სახელმწიფო აგროსესხი, თუმცა აქამდე რომ მიხვიდე, არის რაღაც ნაბიჯები, რაც ბიზნესმა უნდა გადადგას და სწორედ ამ ეტაპზე სჭირდება მას ხელშეწყობა. რომ არა „გრეტას“ 60 000 ლარიანი დაფინანსება, რომელიც ჩემი ბიზნესისათვის კრიტიკულად მნიშვნელოვანი იყო, 3000 ბოთლის წარმოებასაც კი ვერ შევძლებდი. უცხოური გრანტები ძალიან გვეხმარება, მაგრამ სახელმწიფო დაფინანსების მეტი პროექტი უნდა არსებობდეს“, - ამბობს შორენა პატარიძე.

მეღვინეობის დამფუძნებელი BM.GE-სთან რაჭაში კადრების დეფიციტზე ამახვილებს ყურადღებას.

„რეგიონში ძალიან მწვავე და მტკივნეული პრობლემა დგას. რაჭას სჭირდება ბევრი საწარმო, მარანი, ბიზნესი, რომ ადამიანები, ვინც აქ არიან, მათაც არ დატოვონ რეგიონი ან, საერთოდ, ქვეყანა. სწორედ ადგილობრივების იმედზეა ჩემი ბიზნესი. მინდა, რაჭაში მეტი სამუშაო ადგილი შეიქმნას, რომ არ დაიცალოს, სხვანაირად, მარნისა და ვენახების მოსავლელად ადამიანური რესურსი არ არის“, - ამბობს მეღვინე.

კიდევ ერთი გამოწვევა, რომელსაც შორენა პატარიძე ჩვენთან საუბრისას შეეხო, ქართული ბაზრის მსყიდველუნარიანობაა.

„საქართველოს მსყიდველუნარიანობა ძალიან დაბალია, განსაკუთრებით ისეთ ღვინოებზე, როგორიც ჩვენ გვაქვს. ამიტომ არა მხოლოდ გასულ წლებში არსებული ღირებულების შენარჩუნებას ვცდილობ, არამედ სურვილი მაქვს, რომ ქართულ ბაზარს კიდევ უფრო იაფად შევთავაზო ღვინო. ამით ადგილობრივი ღვინის ბაზრის განვითარებას შევუწყობ ხელს, რადგან ამ სექტორში ბევრი პრობლემაა, რასაც მხოლოდ უცხოური გრანტები ვერ უშველის, თუ მეწარმეებმაც არ შევუწყვეთ ხელი“, - ამბობს „პატარიძის რაჭულის“ დამფუძნებელი.