მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რაჭაში სტიქიის შედეგად დაზიანებული გზების აღდგენა ბიუჯეტიდან 35.5 მლნ ლარით ფინანსდება

6094fba650b3f
ინგა მურუსიძე
07.05.21 23:01
452
„ონში სტიქიის შედეგად დაზიანებულ ყველა ლოკაციაზე ინტენსიური სარეაბილიტაციო სამუშაო მიმდინარეობს. ეწყობა დამცავი კედლები, ნაპირდაცვითი ნაგებობები, დეზები და ტარდება სხვა ტიპის სამუშაოები. სტიქიის სალიკვიდაციო პროცესი ჯერ კიდევ შარშან დასრულდა და წელს უკვე კლიმატურმა პირობებმა საშუალება მოგვცა აქტიური რეაბილიტაცია გაგვეგრძელებინა,“ - ამის შესახებ რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა ირაკლი ქარსელაძემ რაჭაში მიმდინარე სამუშაოების დათვალიერებისას განაცხადა.

აღსანიშნავია, რომ რაჭაში სტიქიის შედეგად დაზიანებული საგზაო ინფრასტრუქტურის რეაბილიტაციას ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტი ახორციელებს. მე-2 ეტაპის სამუშაოების ფარგლებში სრულად აღდგება სტიქიის მიერ დაზიანებული გზები.

სამინისტროს ცნობით, სამუშაო ქალაქ ონიდან კურორტ შოვამდე გზის მონაკვეთზე მიმდინარეობს და საერთო ჯამში, 16 უბანზე აღდგება დაზიანებული გზები. ამ ეტაპზე, აქტიური პროცესი 8 უბანზე გრძელდება, ხოლო დანარჩენ უბნებზე დაწყებულია მოსამზადებელი სამუშაო.

ირაკლი ქარსელაძის თქმით, წლის ბოლოსთვის დაგეგმილია გზის საფარის დაგება და ნაპირდაცვითი სამუშაოს დასრულება.

რაჭაში სტიქიის შედეგად დაზიანებული საგზაო ინფარსტრუქტურის აღდგენის სამუშაო სახელმწიფო ბიუჯეტიდან 35.5 მილიონი ლარით ფინანსდება.

ინფორმაციისთვის, სტიქიამ 2020 წლის ივლისში ონი-შოვის საგზაო მონაკვეთი მნიშვნელოვნად დააზიანა. ავტოტრანსპორტის განვლადობის უზრუნველსაყოფად, სტიქიის სალიკვიდაციო სამუშაოების პირველი ეტაპი გასულ წელსვე ჩატარდა, ხოლო მეორე ეტაპის სამუშაოების შედეგად სრულად აღდგება დაზიანებული ინფრასტრუქტურა.