მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

„რადიკალური ნაბიჯების დროა“ - როგორ უნდა ვუპასუხოთ ენერგოუსაფრთხოების გამოწვევებს

623077ed8f1e6
სალომე ჭიპაშვილი
16.03.22 10:33
782
„კრიტიკულ ზღვარზე ვართ მისული და იმედი მაქვს, რადიკალური ნაბიჯები გადაიდგმება“, - ასე შეაფასა „საქმიან დილასთან“ ინტერვიუში საქართველოს ენერგეტიკიკული უსაფრთხოების გამოწვევები GREDA-ს სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარემ.

გიორგი აბრამიშვილმა არგუმენტად სტატისტიკური ინფორმაციაც მოიშველია და თქვა, რომ ამ დროისთვის საქართველოში მოხმარებული ელექტროენერგიის მესამედი იმპორტირებულია. ასევე, იმასაც გაუსვა ხაზი, რომ თბოსადგურების მიერ გამომუშავებული ელექტროენერგიის წყაროც, რეალურად, იმპორტირებული ბუნებრივი აირია.

"დღეს იმის თქმა, რომ რუსეთზე დამოკიდებულება და, ზოგადად, იმპორტულ ელექტროენერგიაზე დამოკიდებულება არც თუ ისე საშიშია, არასწორი ინტერპრეტაციაა“, - ამბობს აბრამიშვილი.

გარდა ამისა, როგორც გიორგი აბრამიშვილმა „საქმიან დილაში“ თქვა, საომარი მდგომარეობის გამო, რამდენიმე ბიზნესმენმა ქვეყანაში ინვესტირებაზე უარი თქვა, მაგრამ მათი ვინაობა და პროექტები არ დაუსახელებია.

"როცა შეიძლება, ნებისმიერ დროს შემოტრიალდეს რუსული ტანკის ლულა შენს მხარეს და შენ ამის საწინააღმდეგო ბერკეტი არ გაქვს, ბუნებრივია, მათი <ინვესტორების> დამოკიდებულება, მითუმეტეს, როცა ასობით მილიონის საკმაოდ გრძელვადიან ინვესტიციებზეა საუბარი, საიდანაც უკუგებას 15-20 წელი უნდა ელოდო“, - ამბობს გიორგი აბრამიშვილი.

ამასთან, GREDA-ს სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარის თქმითვე, ორგანიზაციის მხრიდან გაკეთდება ყველაფერი, რათა მაქსიმალურდ შეეწყოს ხელი საინვესტიციო კლიმატს და თუ ვინმე ინვესტორი დარჩა ქვეყანაში, მათი პროექტები განხორციელდეს - „მითუმეტეს, რუსეთ-უკრაინის ომი კიდევ ერთი ხელშემშლელი ფაქტორია“.

"ახლა უნდა გადაიდგას მნიშვნელოვანი ნაბიჯები და მე ამის მზაობას ეკონომიკის სამინისტროში ვხედავ", - ამბობს გიორგი აბრამიშვილი.

მისივე თქმით, ეკონომიკის მინისტრის ახალი მოადგილე რომეო მიქაუტაძე ენერგეტიკის სექტორის გამოწვევებში აქტიურად ჩაერთო და დარგში საინვესტიციო კლიმატის გამოსწორების მოლოდინი აქვთ.

„იმედს ვიტოვებ, გამოსწორდება საინვესტიციო კლიმატი და დავიწყებთ ჩვენი საკუთარი ენერგიის ათვისებას, რომელიც არათუ დღევანდელ იმპორტზე დამოკიდებულებას მოგვაშორებს, არამედ 10 წელში რომ გვექნება, იმ პრობლემასაც მოგვიხსნის და ერთი მაგდენის ექსპორტზე გატანის საშუალება იქნება. ჩვენ ბევრი საექსპორტო წიაღისეული არ გვაქვს და რაც გვაქვს, ის გამოლევადია და 10-15 წელში ეს რესურსი აღარ გვექნება, ამიტომ ახლა უნდა დავიწყოთ მუშაობა, რომ გვქონდეს მიწისქვეშა კაბელი ევროპასა და რუმინეთთან და ჩვენი მწვანე განახლებადი ენერგიის ექსპორტი განავხორციელოთ", - განაცხადა GREDA-ს სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარემ.

ცნობისთვის: GREDA ენერგეტიკაში საინვესტიციო კლიმატის მიმზიდველობის გაზრდის და მოსახლეობაში გენერაციის ობიექტების მისამართით არსებული ნეგატიური განწყობების შეცვლის მიზნით, საკანონმდებლო ცვლილებების პროექტზე მუშაობს. „სარგებლის განაწილების ფონდი“ - ასე ერქმევა, სავარაუდოდ, ფონდებს მუნიციპალიტეტებში, სადაც განახლებადი ენერგიების ინვესტორების მიერ - იქნება ეს ჰიდრო, მზე თუ ქარი - გადახდილი ქონების გადასახადიდან გარკვეული ნაწილი მოიყრის თავს და ე.წ. ზეგავლენის არეალში მცხოვრები ადგილობრივი მოსახლეობისთვის მნიშვნელოვანი პროექტების განხორციელებას მოხმარდება.