მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

„რადიო ქალაქის“ პირველი ფაზის - ადმინისტრაციული შენობის გახსნა 2023 წელს იგეგმება

632b235b32d8f
ვიქტორია მღებრიშვილი
21.09.22 19:35
1828
„აჭარა ჯგუფი“ მუხიანში მდებარე „რადიო ქალაქის“ განვითარების პირველი ფაზის დასრულებას 2023 წლის ბოლოსთვის გეგმავს. კომპანიის ხელმძღვანელის ოთარ ბერიშვილის განცხადებით, პროექტის განვითარების პირველი ეტაპი შესაბამისი რეკრეაციულ სივრცეებსა და ადმინისტრაციული შენობის მოწყობას გულისხმობს.

„აჭარა ჯგუფის“ აღმასრულებელმა დირექტორმა დღეს, სასტუმრო „სტამბაში“ პროექტის წარდგენისას ჟურნალისტებთან ისაუბრა, რა დროსაც აღნიშნა, რომ პროექტის კონცეფცია და ინვესტიციები არ შეცვლილა.

„რადიოქალაქის ტერიტორია „აჭარა ჯგუფმა“ 23 მლნ ლარის ინვესტიციით, 2019 წელს შეიძინა, თუმცა შემდეგ დაიწყო პანდემია და კომპანიის მოცემულობა ძალიან შეიცვალა. წლების განმავლობაში, ჩვენ რადიოქალაქის პროექტი სრულად პოსტკოვიდურ მოცემულობას მოვარგეთ. ეს ძირითადი კონცეფციის ცვლილებას არ გულისხმობს, თუმცა პროექტის რამდენიმე ფუნქციაში გარკვეული ცვლილებები, რათა პროექტმა მუხიანს და მთელ თბილისს ეკონომიკური სარგებელი მოუტანოს და კრეატიული ინდუსტრიები კი განავითაროს.

ინვესტიციის ნაწილში ცვლილებები არ შესულა, ამ შემთხვევაში ჩვენი გეგმა ვალდებულებით გაწერილზე მეტი ინვესტიციის განხორციელებაა. პროექტის განვითარება 4 წელზე გვაქვს განაწილებული, თუმცა რადიოქალაქის პირველი ფაზის - ადმინისტრაციული შენობის გახსნა შესაბამისი სარეკრეაციო სივრცეებით 2023 წელს მოხდება.

პროექტი გააერთიანებს, როგორც რეკრეაციულ და დასასვენებელ სივრცეებს, ასევე სხვადასხვა ეკონომიკური საქმიანობის სივრცეებს. ცვლილებები რაზეც ვიმუშავეთ მოიცავს იმას, რომ უფრო მეტი შემოქმედებითი ინდუსტრიის კომპანია მოვიზიდოთ რადიო ქალაქში და ახალგაზრდების დასაქმებისთვის შევქმნათ მეტი ადგილი“, - განაცხადა ოთარ ბერიშვილმა.

“აჭარა ჯგუფმა” დღეს ასევე ახალი კომპანია D Block წარადგინა, რომელიც ჯგუფის ფარგლებში არსებულ საერთო სამუშაო სივრცეების შექმნის პროგრამებს განახორციელებს. D BLOCK-ის აღმასრულებელმა დირექტორმა ანი დაბრუნდაშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას დააზუსტა, რომ „რადიოქალაქის“ პირველი ეტაპით გათვალისწინებული სამუშაოების დასრულება 2023 წლის მეოთხე კვარტლისთვის იგეგმება.

შეგახსენებთ, რომ თბილისის მერიის მიერ გამოცხადებულ აუქციონში "აჭარა ჯგუფის" შვილობილმა კომპანიამ "ინდუსტრიული ქალაქი" 2020 წლის 11 სექტემბერს გაიმარჯვა და "რადიოქალაქში" 23 მლნ ლარი გადაიხადა. პროექტის ფარგლებში კომპანიამ 10 მილიონი დოლარი უკვე დახარჯა, მის განვითარებასთან ერთად სამომავლოდ "რადიოქალაქში" ამდენივე მოცულობის ინვესტიციის განხორციელებაა დაგეგმილი.

აღსანიშნია, რომ "რადიოქალაქის" პროექტის განხორციელება 2021 წელს იგეგმებოდა, თუმცა არსებული გეგმები პანდემიის გათვალისწინებით შეიცვალა.