23.ივლისი .2020 14:22

Radisson ბათუმი ადასტურებს, რომ COVID-19 მათ უცხოელ სტუმარს დაუდგინდა

views 3054
უკან

სასტუმრო "Radisson ბათუმში" COVID-19-ის პირველი შემთხვევა დადასტურდა. BMG-სთან საუბარში სასტუმროს გენერალური მენეჯერი ფიქრეთ იუკსელი ამბობს, რომ სტუმარი, რომელსაც ახალი კორონავირუსი დაუდგინდა, საქართველოს მოქალაქე არ არის და მან PCR ტესტი საქართველოში შემოსვლამდე, ასევე შემოსვლის შემდეგაც გაიკეთა, თუმცა, მაშინ მას ვირუსი არ აღმოაჩნდა. ბიზნეს ვიზიტორებს 72 საათში ერთხელ ევალებათ ახალი ტესტების გაკეთება, სასტუმროს ინფორმაციით, დადებითი პასუხი მხოლოდ მესამეჯერ ჩატარებულმა ტესტმა აჩვენა. 

"მე მხოლოდ შემიძლია გითხრათ, რომ სტუმარი ჩვენთან საზღვარგარეთიდან ჩამოვიდა. საქართველოში ფრენამდე მან PCR ტესტი გაიკეთა, ასევე საქართველოში ბიზნეს ვიზიტორის სტატუსით ჩამოსვლისას მან შესაბამისი რეგულაციების თანახმად ტესტი აეროპორტშიც გაიკეთა. ამ ტესტმაც უარყოფითი პასუხი უჩვენა. არსებული რეგულაციებით ბიზნეს ვიზიტორმა სამ დღეში ერთხელ უნდა გაიკეთოს ტესტი, მეორე ტესტზეც უარყოფითი პასუხი იყო, ხოლო მესამე ტესტზე კი დადებითი პასუხი გამოვლინდა. ამის შემდეგ, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანდაცვის სამინისტრომ პაციენტი დაუყოვნებლივ გადაიყვანა შესაბამის კლინიკაში. ჩვენ კი მივიღეთ ყველა შესაბამისი ზომა, რათა მოგვეხდინა დეზინფექცია იმ სივრცეების, რომლებთანაც ინფიცირებულ პირს ჰქონდა შეხება,"- BMG-სთან საუბარში განაცხადა სასტუმროს გენერალურმა მენეჯერმა ფიქრეთ იუკსელმა.

ამასთან, სასტუმროს ინფორმაციით, ინფიცირებულის თანხმლები პირები კარანტინის სივრცეში იმყოფებიან.

დღეს საქართველოში COVID-19-ის 12 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, Stopcov.ge-ს ინფორმაციით, მათ შორის გამოჯანმრთელებულია 911 და ეს მაჩვენებელი 4-ით არის გაზრდილი.