მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რამ გამოიწვია აპრილში რუსეთიდან გზავნილების 300%-იანი ზრდა

6289d75524011
მარიამ ვარადაშვილი
22.05.22 10:20
5603
მიმდინარე წლის აპრილში რუსეთიდან ფულადი გზავნილები წლიურად 300%-ით 133 მლნ დოლარამდე გაიზარდა. შედეგად ქვეყანამ გასულ თვეს რეკორდული მოცულობის, 308 მლნ დოლარის, ფულადი გზავნილი მიიღო. აპრილში რუსეთის წილი მთლიან ჩარიცხვებში 43%-ს შეადგენდა.

თიბისის მთავარი ეკონომისტი ოთარ ნადარაია აპრილში რუსეთიდან გაზრდილ გზავნილებს, მათ შორის, საქართველოში მყოფი რუსეთის მოქალაქეების გაზრდილ გადმორიცხვებს უკავშირებს. ეს თანხა აისახა როგორც ფულად გზავნილებში, ასევე ვიზიტორების დანახარჯებში.

“სახეზე გვაქვს მიგრანტების ხარჯები, რაც ძალიან მნიშვნელოვანია და ეს ტურიზმის ხარჯებში შედის. ტურიზმიდან შემოსავლების აღდგენა სწორედ ამან დააჩქარა. ასევე ვხედავთ, რომ გზავნილები გაიზარდა. გზავნილების გარკვეული ნაწილი შეიძლება იყოს მიგრანტების ხარჯები ანუ არარეზიდენტებისთვის გადმორიცხული თანხა, თუმცა ცალსახაა, რომ ფულადი შემოდინებები ძლიერია. ტურიზმს ვითვლით, როგორც სავალუტო შემოდინებებს. ასევე გზავნილებსაც ვუყურებთ, როგორც სავალუტო შემოდინებას და თუ ხდება ისე, რომ მიგრანტს ჩაერიცხა გზავნილი, მისი აქ გაწეული ხარჯი ტურიზმის დანახარჯებშიც აისახება, შედეგად გამოდის, რომ ეს თანხა ამ ორივე მაჩვენებელში აისახა”,-აცხადებს ნადარაია.

თიბისის მთავარი ეკონომისტი თვლის, რომ ამავდროულად რუსეთიდან გზავნილების ზრდაში წილი საქართველოს მოქალაქეებზეც მოდის და ზოგადად საშუალო შემოსავლების სეგმენტიდან ადგილი აქვს კაპიტალის შემოდინებას, თუმცა შესაძლოა სხვა მიზეზებსაც ჰქონდეს ადგილი. “თიბისი კაპიტალის” პროგნოზით, ფულადი გზავნილების მოცულობა მაისშიც გაიზრდება. მეტიც, ნადარაია ამბობს, რომ მაისში არსებული გზავნილები აპრილის მონაცემებსაც გადააჭარბებს, თუმცა მომდევნო თვეების პროგნოზირება რთულია.

“ჩვენი მოლოდინით წელს გზავნილები წლიურადაც გაიზრდება, რადგან მთლიან გზავნილებში რუსეთის წილი ბოლო წლებში შემცირდა, ევროკავშირის კი - გაიზარდა”,-ამბობს ნადარაია.