მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რამ გამოიწვია ეკონომიკის 13.5%-იანი ვარდნა? - გოგიტა თოდრაძის განმარტება

5efaee85575e7
შოთა ტყეშელაშვილი
30.06.20 11:50
1223
საქსტატმა დღეს 2020 წლის მაისის ეკონომიკური ზრდის ამსახველი მაჩვენებლები გამოაქვეყნა. დოკუმენტის მიხედვით, გასული თვის განმავლობაში საქართველოს ეკონომიკა 2019 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 13.5%-ით შემცირდა. ეს ბოლო ათწლეულის განმავლობაში ერთ თვეში ეკონომიკური ვარდნის ერთ-ერთი ყველაზე მაღალი მაჩვენებელია. ამაზე დიდი ვარდნა მხოლოდ აპრილში იყო და ის მინუს 16.6%-ს შეადგენდა. 2020 წლის პირველ 5 თვეში კი ეკონომიკის შემცირების მაჩვენებელი 5.4%-ია. 

გამოქვეყნებულ სტატისტიკასთან დაკავშირებით ბრიფინგი გამართა სტატისტიკის ეროვნული სამსახურის უფროსმა გოგიტა თოდრაძემ. მისი განცხადებით, ზრდაზე ნეგატიური გავლენა დამატებული ღირებულების გადამხდელი საწარმოების ბრუნვის 22.2%-ით შემცირებამ იქონია, ასევე ნეგატიურად აისახა ექსპორტის შემცირებული მაჩვენებელიც.

"მშენებლობის დარგში სახელმწიფო ინფრასტრუქტურული პროექტების მიმდინარეობის მიუხედავად გამოვლინდა შემცირების ტენდენცია. შემცირება შეინიშნებოდა როგორც საცხოვრებელი და არასაცხოვრებელი შენობა-ნაგებობების მშენებლობის, ასევე სამოქალაქო და სპეციალიზირებული ობიექტების მშენებლობაში. 

დაახლოებით 39%-ით შემცირდა სამშენებლო მასალების იმპორტი, 25%-ით არის შემცირებული ცემენტის და კლინკერის იმპორტი. დამამუშავებელი მრეწველობის სექტორში კლება ძირითადად დაკავშირებული იყო სამშენებლო მასალების, ავეჯის, ასევე ტანსაცმლის და ფეხსაცმლის წარმოების მოცულობის შემცირებასთან. ასევე შესამჩნევია პურ-პროდუქტების, საკონდიტრო ნაწარმის და სასმელების წარმოების მოცულობის შემცირება. 

ვაჭრობის დარგში კლება ძირითადად დაკავშირებულია ავტომობილებით ვაჭრობის შემცირებასთან. მაისში დაახლოებით 77%-ით შემცირდა ავტომობილების რეექსპორტი. შემცირებულია ასევე ბენზინით, დიზელით და ბუნებრივი გაზით საბითუმო და საცალო ვაჭრობის სფეროს შემოსავალი. შემცირდა ვაჭრობა სამშენებლო მასალებით, საყოფაცხოვრებო ტექნიკით, ავეჯით, ვეხსაცმლითა და ტანსაცმლით. 

მნიშვნელოვანი კლება დაფიქსირდა ტურისტულ სექტორში 94%-ით შემცირდა საერთაშორისო ვიზიტორების მიერ განხორციელებული ვიზიტების რაოდენობა. სულ დაახლოებით 36 ათასი ვიზიტი განხორციელდა, როდესაც გასულ წელს ეს მაჩვენებელი 618 ათასს აღემატებოდა.

კომერციული ბანკების სექტორში შემცირება განაპირობა ბანკების საპროცენტო შემოსავლის კლებამ. ", - განაცხადა საქსტატის აღმასრულებელმა დირექტორმა გოგიტა თოდრაძემ. 

საქსტატის აღმასრულებელი დირექტორის, გოგიტა თოდრაძის ბრიფინგი ეკონომიკური ვარდნის ახალ მაჩვენებლებთან დაკავშირებით: