მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რამ გამოიწვია ელექტროენერგიის ექსპორტიდან მიღებული რეკორდული შემოსავალი?

6391de23d766d
მარიამ ვარადაშვილი
08.12.22 18:13
3278
2022 წლის 10 თვეში ელექტროენერგიის მოხმარება წლიურად 5.3%-ით გაიზარდა და 11.8 ტვტ.სთ შეადგინა. მოხმარებასთან ერთად ელექტროენერგიის ექსპორტიც გაიზარდა 2.5-ჯერ 1 ტვტ.სთ-მდე.

Galt & Taggart-ის ინფორმაციით, გაზრდილი მოთხოვნა (ადგილობრივი მოხმარება + ექსპორტი) ძირითადად ჰიდრო და თბოგენერაციის ზრდით დაკმაყოფილდა. ჰიდროსადგურების გენერაციის ზრდა კარგ ჰიდროლოგიას და წინა წლის დაბალ ბაზას უკავშირდება (2021 წლის დასაწყისში ენგურის რემონტი მიმდინარეობდა), ხოლო თბოსადგურების ადეკვატურ ფასად და მოცულობით მუშაობა სოციალურ გაზზე ხელმისაწვდომობის გამო იყო შესაძლებელი.

საანგარიშო პერიოდში ქვეყანამ ელექტროენერგიის ექსპორტისგან რეკორდული მოცულობის შემოსავალი მიიღო.

ორგანიზაციის ცნობით, ენერგეტიკულმა კრიზისმა და მსოფლიოში ენერგომატარებლებზე გაზრდილმა ფასებმა გავლენა ქვეყნის მთავარ საექსპორტო ქვეყანა თურქეთზე მოახდინა, სადაც ფასები გასამმაგდა.

"ერთი მხრივ, ენერგეტიკულმა კრიზისმა და მსოფლიოში ენერგომატარებლებზე გაზრდილმა ფასებმა გავლენა მოახდინა ჩვენს მთავარ საექსპორტო ქვეყანა თურქეთზე, სადაც ფასები გასამმაგდა. მეორე მხრივ, საქართველოში ელექტროენერგიის ფასები ბევრად ნაკლებად გაიზარდა, ვიდრე ექსპორტის. ამის მთავარი მიზეზი არის ელექტროენერგიის მიწოდებაში ჰიდროგენერაციის მაღალი წილი და იმპორტის ფასების შედარებით ზომიერი ზრდა. იმპორტის მთავარი მომწოდებელი ქვეყნები - რუსეთი და აზერბაიჯანი - მსოფლიო ბაზარზე თავად არიან ფასის მკარნახებლები და საქართველოს შემთხვევაშიც, თავად განსაზღვრავენ მოწოდების ფასს. ყოველივე ზემოთ ხსენებულიდან გამომდინარე, შეგვიძლია ვთქვათ, რომ ქართულმა კომპანიებმა მსოფლიო ენერგეტიკული კრიზისით ისარგებლეს",-აცხადებენ ორგანიზაციაში.

საანგარიშო პერიოდში ელექტროენერგიის ფასმა თურქულ ბაზარზე კვტ.სთ-ზე საშუალოდ 14.1 აშშ ცენტი შეადგინა. შედარებისთვის, 2021 წლის 10 თვეში საშუალო ფასი კვტ.სთ-ზე 5.1 აშშ ცენტს შეადგენდა. ყველაზე მაღალი საბაზრო ფასი დაფიქსირდა 2022 სექტემბერში - კვტ.სთ-ზე 21.3 აშშ ცენტი. ფასის ასეთი ზრდის მიზეზია მიმდინარე ენერგეტიკული კრიზისის გამო, გლობალურად გაზრდილი ბუნებრივი აირის ფასები და თურქული ბაზრის დამოკიდებულება გაზზე მომუშავე თბოელექტროსადგურებზე. საქართველოში ფასები გაცილებით ნაკლებად გაიზარდა, ამიტომ ქართველ მწარმოებლების მხრიდან ექსპორტის მიმართ მაღალი მოთხოვნა იყო.

საექსპორტო ფასების ზრდის გამო, გაზრდილმა მოთხოვნამ გამოიწვია ექსპორტის ისტორიულ მაქსიმუმამდე ასვლა. 2022 წლის 10 თვეში, ელექტროენერგიის ექსპორტი წლიურად 153.7%-ით გაიზარდა და 1.0 ტვტ.სთ შეადგინა, ხოლო ექსპორტიდან მიღებული შემოსავლები წლიურად 455.4%- ით (5.6-ჯერ) გაიზარდა და 84.3 მლნ აშშ დოლარი შეადგინა. ექსპორტის საშუალო ფასი 118.9%-ით გაიზარდა და კვტ.სთ-ზე 8.7 აშშ ცენტი შეადგინა. 2022 წლის 10 თვეში, თურქეთი იყო ექსპორტირებული ელექტროენერგიის ძირითადი მიმართულება და შეადგენდა ჯამური ექსპორტის მოცულობის 88.7% (0.9 ტვტ.სთ) და ექსპორტის ღირებულების ღირებულების 94.3%-ს (79.6 მლნ აშშ დოლარი). თურქეთის ბაზარზე გაზრდილი ფასების შესაბამისად, თურქეთში ელექტროენერგიის ექსპორტის საშუალო ფასი გაიზარდა 2.6-ჯერ და კვტ.სთ-ზე 9.2 აშშ ცენტს მიაღწია. ელექტროენერგიის ექსპორტი მაისში დაიწყო და სექტემბრის ბოლომდე გაგრძელდა.

Galt & Taggart-ის ინფორმაციით, სექტემბერში ელექტროენერგიის ექსპორტი ძალიან უჩვეულოა საქართველოსთვის, რადგან ბოლო რამდენიმე წელია აგვისტოც კი გამოაკლდა საექსპორტო თვეების სიას გაზრდილი ადგილობრივი მოხმარების გამო. ეკონომიკის სამინისტრომ 2022 წლის მოთხოვნა-მიწოდების ბალანსის დაგეგმვისას გაითვალისწინა ექსპორტის მიმართ დიდი ინტერესი და მაღალი შემოსავლის მიღების პოტენციალი და ენგურის და თბოსადგურების მუშაობის გრაფიკი ისე დაგეგმა, რომ ექსპორტის განხორციელება შესაძლებელი ყოფილიყო მაისიდან სექტემბრის ჩათვლით პერიოდში.