მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რამ გამოიწვია საერთაშორისო ბაზარზე აზოტოვანი სასუქების გაძვირება? - „რუსთავის აზოტი“ მიზეზებზე

628cbac9114a9
ვიქტორია მღებრიშვილი
25.05.22 00:45
1612
მიმდინარე წელს საქართველომ 4 თვის განმავლობაში აზოტოვანი სასუქების იმპორტით 128.3 მლნ დოლარის შემოსავალი მიიღო, რაც გასული წლის ანალოგიური პერიოდის საექსპორტო ღირებულებას 251.2%-ით აღემატება. თუმცა სტატისტიკიდან კარგად ჩანს, რომ თავად საქონლის ექსპორტის მოცულობა არ გაზრდილა. პირიქით ამ პერიოდში საექსპორტო მოცულობა მცირედით - 4.8%-ით შემცირდა. ქვეყნიდან სხვადასხვა მიმართულებით ექსპორტზე სულ 192 541 ტონა აზოტოვანი სასუქი გავიდა. აქედან გამომდინარე შეგვიძლია ვთქვათ, რომ მიმდინარე წელს საერთაშორისო ბაზარზე აზოტოვანი სასუქი გაძვირდა.

რა ფაქტორებმა იქონიეს მიმდინარე წელს აზოტოვანი სასუქების ფასზე გავლენა და რა ტენდენციები იკვეთება დღეისთვის - ამ კითხვებით BM.GE-იმ აზოტოვანი სასუქების ერთ-ერთ მსხვილ ადგილობრივ მწარმოებელს „რუსთავის აზოტს“ მიმართა. კომპანიის დირექტორის მოადგილის ლევან ბურდილაძის შეფასებით, აზოტოვანი სასუქების რეალიზება სოფლის მეურნეობაში საგაზაფხულო სამუშაოების სეზონურობიდან გამომდინარეობს და აქტიური სეზონის პერიოდში მათი ფასი იზრდება. თუმცა ის აღნიშნა, რომ წელს მსოფლიოში სასუქის გაძვირება რამდენიმე ფაქტორმა განაპირობა.

„მიმდინარე წელი ამ მხრივ გამორჩეულია. უკრაინაში მიმდინარე ამბებმა აზოტოვანი სასუქების ბაზარზე დიდი გავლენა მოახდინა. საერთაშორისო ბაზარზე აზოტოვანი სასუქების გაძვირება რამდენიმე ფაქტორმა განაპირობა. პირველი ფაქტორი ეს პროდუქტის წარმოების ძირითადი ნედლეულის - ბუნებრივი აირის გაძვირებაა. ჩვენ აზერბაიჯანული გაზით ვმარაგდებით, თუმცა მსოფლიო ბაზარზე გაზის გაძვირებამ საქონლის თვითღირებულებაზე იმოქმედა; მეორე ფაქტორი - მიწოდების ჯაჭვში ჩავარდნებია, რაც საქონლის ფასზე აისახება; არის კიდევ ერთი გარემოება, ომის დაწყებამდე რუსეთმა საკუთარი წარმოების აზოტოვანი სასუქების ექსპორტზე შეზღუდვები დააწესა, რამაც საერთაშორისო ბაზარზე სასუქის დეფიციტი წარმოქმნა. ეს შეზღუდვა 1 მაისამდე მოქმედებდა და ბაზარზე რუსული აზოტოვანი სასუქიც წამოვიდა, თუმცა მათთვის პროდუქტის მიწოდება გამოწვევად რჩება, რადგან რუსული პორტების გადატვირთვის გამო სხვადასხვა ტვირთების შენელებული მიწოდება ხდება. ამ ფაქტორების გათვალისწინებით საერთაშორისო ბაზარზე სასუქის ფასი დაახლოებით 30%-ით გაიზარდა“, - განმარტა ლევან ბურდილაძემ.

მისი ინფორმაციით, აზოტის სასუქები სხვადასხვა ბაზარზე განსხვავებულ ფასად იყიდებოდა, საშუალო ფასი კი 400-450 დოლარი იყო. „რუსთავის აზოტის“ დირექტორის მოადგილე იმასაც აღნიშნავს, რომ დღეისთვის საერთაშორისო ბაზარზე სასუქის ფასი მცირდება. რა ნიშნულამდე დაიწევს ფასი, ლევან ბურდილაძეს ამის პროგნოზირება უჭირს.

„ბაზარზე რუსული სასუქის გამოჩენისა და საგაზაფხულო სასოფლო სამუშაოების მილევადობის გამო პროდუქტზე მოთხოვნის შემცირებამ აზოტოვანი სასუქების ფასი შეამცირა. თუმცა სადამდე ჩამოვა ფასი, რთული სათქმელია, რადგან ბუნებრივი აირის ღირებულება მაღალ ნიშნულზე რჩება“, - ამბობს „რუსთავის აზოტის“ დირექტორი.

აღსანიშნია, რომ „რუსთავის აზოტი“ წლიურად 0.5 მლნ ტონა ამონიუმის გვარჯილას აწარმოებს და პროდუქტის 90%-ზე მეტი ექსპორტზე აქვს მიმართული, 60-70 ათასი ტონა აზოტოვნი სასუქის რეალიზება კი ადგილობრივ ბაზარზე ხდება.