მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რამ გამოიწვია საქართველოს რკინიგზის ტვირთბრუნვის ზრდა - ინტერვიუ დავით ფერაძესთან

5e05dc6ac6fdf
შოთა ტყეშელაშვილი
27.12.19 17:20
3115
საქართველოს რკინიგზა სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უმსხვილესი კომპანიაა. 2012 წლის შემდგომ, რკინიგზის მიერ გადატანილი ტვირთების მოცულობა ყოველწლიურად მცირდებოდა, 2018 წელს კი, გადაზიდვებმა მხოლოდ 10 მილიონი ტონა შეადგინა, რაც 2012 წელთან შედარებით პრაქტიკულად ორჯერ ნაკლები იყო. ამ კლების ძირითად მიზეზს ნედლი ნავთობის ტრანსპორტირების შემცირება წარმოადგენდა, რომლის ტრანზიტიც ამჟამად უმეტესად მილსადენებში არის გადართული. 2019 წელს ბოლო შვიდი წლის განმავლობაში პირველად, რკინიგზის მიერ გადაზიდული ტვირთების მოცულობა გაიზარდა, კომპანიის შემოსავალმა კი ნახევარ მილიარდ ლარს გადააჭარბა.

საქართველოს რკინიგზის CEO დავით ფერაძე Forbes Georgia-ს აღმასრულებელ დირექტორთან, გიორგი ისაკაძესთან ინტერვიუში ამბობს, რომ დღეს კომპანიისთვის ფინანსური კუთხით ერთ-ერთ მნიშვნელოვან გამოწვევას ლარის გაუფასურება წარმოადგენს.

გაუფასურების გამო მნიშვნელოვნად არის გაზრდილი იმ სესხების მომსახურების საფასური, რომელიც რკინიგზამ წლების წინ აიღო. “რომ არა ლარი-დოლარის კურსის ცვლილება, წელს კომპანია საქმიანობას 66 მილიონი ლარის წმინდა მოგებით დაასრულებდა”,- ამბობს დავით ფერაძე.

2019 წელს რკინიგზა პროგნოზის მიხედვით, 69 მილიონი ლარის ზარალით დაასრულებს, 2020 წელს კი, კომპანია 97-მილიონიან წმინდა მოგებაზე გასვლას პროგნოზირებს. რკინიგზის მიერ გაკეთებული საპროგნოზო მაჩვენებლების მიხედვით, 2020-2024 წლებში კომპანიის ფინანსური შედეგი საშუალოდ 56 მილიონი ლარის წმინდა მოგება იქნება. 2024 წლისთვის კი, კომპანია გადაზიდვების 14.5 მილიონ ტონამდე ზრდას პროგნოზირებს.

გიორგი ისაკაძის ინტერვიუ საქართველოს რკინიგზის CEO-სთან დავით ფერაძესთან

 - შეგვიძლია თუ არა, უკვე გამართულად ვისაუბროთ, მიუხედავად იმისა, რომ ჯერ კალენდარულად წლის ბოლო არ დამდგარა, გარკვეულ შედეგებზე, რომლებიც შეიძლება მცირედით შეიცვალოს, როგორც საქართველოს რკინიგზის 2019 წლის საბოლოო შედები.

"წელს საქართველოს რკინიგზაზე დაფიქსირდა საკმაოდ კარგი ზრდის ტენდენცია. წლის ჭრილში 2019 წელს, 2018-თან შედარებით ტვირთბრუნვა გაიზარდა 8%-ით - ეს არის დაახლოებით 800 ათასი ტონა ტვირთი. შესაბამისად, შემოსავალი გაგვეზარდა 28%-ით, ეს არის საკმაოდ დიდი მაჩვენებელი როგორც ჩვენს რეგიონში, ასევე - მეზობელ ქვეყნებში. აქვე მინდა აღვნიშნო საკონტეინერო გზავნილების ზრდა - დაახლოებით 37% და შემოსავლის ჭრილში ეს არის 41% დამატებითი შემოსავალი. აქვე უნდა აღინიშნოს, საქართველოს რკინიგზამ შეძლო და დაამატა 27% მშრალ ტვირთებში და 28% ნავთობპროდუქტებში. საკმაოდ რთულია დღევანდელი მდგომარეობით, დერეფანში პროდუქტების მობრუნება, საკმაოდ დიდი კონკურენციაა როგორც მილსადენი, ასევე მეზობელი ქვეყნების ტერმინალები და პორტები."

 - თანხებში და საბოლოო ბალანსში ეს როგორ აისახება 2019 წლის ბოლოსთვის?

"საქართველოს რკინიგზამ წელს მიიღო ნახევარ მილიარდზე მეტი ლარის შემოსავალი, უფრო კონკრეტულად 501 მილიონი ლარის შემოსავალი. საოპერაციო შემოსავალი გაიზარდა 15%-ით, ეს არის დაახლოებით 68 მილიონი ლარი. აქვე შემიძლია დავამატო, რომ ერთი არის ტვირთების გადაზიდვა და მეორე არის ჩვენი სერვისი - ეს არის უფრო მეტად სოციალური სერვისი, რაც მგზავრთა გადაყვანას წარმოადგენს. მგზავრთა გადაყვანაშიც 2019 წელს რეკორდული მაჩვენებლები. 3 მილიონზე მეტი მგზავრი გადავიყვანეთ წელს საქართველოს რკინიგზის საშუალებით. ამ საქმიანობიდან შემოსავალი გაიზარდა 31 მილიონ ლარამდე."

- თქვენ საუბრობდით იმ მნიშვნელოვან დეტალზე, როგორიც არის უცხოური ვალუტის კომპონენტი ამ ყველაფერში. ჩემი კითხვა ისევ საპროგნოზო მაჩვენებლებიდან მდგომარეობს: რომ გავითვალისწინოთ ლარის ვოლოტილობა და კურსის ცვალებადობა, რომელიც სხვადასხვა ფაქტორების გამო მოხდა, სტაბილური კურსის პირობებში შედარებით დაგეგმილი პროგნოზიდან გამომდინარე, რა იქნებოდა რკინიგზის მოგების მაჩვენებელი, თქვენი აზრით?

"მიუხედავად იმისა, რომ ჩვენი შემოსავლები სატვირთო გადაზიდვებიდან ძირითადად არის დოლარის ექვივალენტში, საკმაოდ დიდი სესხი აქვს აღებული 2011 წლიდან კომპანიას და, შესაბამისად, ლარის ცვლილება მოქმედებს ფულის გასავალზე. რომ არა ლარი-დოლარის კურსის ცვლილება, წელს კომპანია საქმიანობას 66 მილიონი ლარის წმინდა მოგებით დაასრულებდა."

- ტრადიციულად საქართველოს რკინიგზას წელსაც შეამოწმებს და დაააუდიტირებს რომელიმე ტოპ 4-დან?

"დიახ, გადაწყვეტილია, რომ 2019 წელს რკინიგზის აუდიტს “დიდ ოთხეულში” შემავალი KPMG ჩაატარებს." 

- რა რჩება კიდევ, რაც მნიშვნელოვანია, აღვნიშნოთ 2019 წლის მიღწევებიდან და თქვენთვის პირადად რა დარჩა ისეთი, რაც გამოწვევაა და ის მნიშვნელოვანი თემაა, რომელიც გინდოდათ შეგესრულებინათ და სხვადასხვა მიზეზების გამო ვერ მოხერხდა 2019 წელს.

"2019 წლის აპრილში კასპიის ზღვაზე ახალი საკონტეინერო გემი გაეშვა, რამაც დააჩქარა ტვირთის გადაზიდვა აღმოსავლეთიდან დასავლეთით და პირიქით. ასევე საქართველოს რკინიგზის ინიციატივით 2019 წლის 18 ოქტომბერს გაეშვა უკრაინა-საქართველოს მიმართულებით, კონკრეტულად კი ფოთის პორტის მიმართულებით ახალი საკონტეინერო გემი. კვირაში სამჯერ იმოძრავებს გემი უკრაინიდან საქართველოს მიმართულებით. კიდევ ერთი მნიშვნელოვანი რამ, რაც მოხდა არის მემორანდუმის გაფორმება ბათუმი-კონსტანცას დაკავშირება საკონტეინერო გემით. ვმუშაობთ ბულგარეთთან, კერძოდ კი ვარნის პორტთან. ასევე დაგეგმილია ევროპიდან სახმელეთო გზით - თურქეთის, ყარსის გზის გავლით - საქართველოს და ბაქოს მიმართულებით ბლოკ მატარებლების გაშვება. ეს საკმაოდ დიდი პროექტია. არსებული სიტუაციიდან გამომდინარე, ევროპაც და უკვე აღმოსავლეთიც გადამისამართებულია მულტი-მოდალურ, ანუ საკონტეინერო ტვირთებზე. როგორც ვახსენე, წელს 37%-ით გაიზარდა საკონტეინერო გზავნილები - ეს არის კარგი მაჩვენებელი, სწორი ტენდენცია და რაც შეეხება თქვენ კითხვას გამოწვევებთან დაკავშირებით, ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესია ამ ტრენდის შენარჩუნება, საკმაოდ ზრდადი ტემპია - ბოლო წლების განმავლობაში პირველი წელია, როცა საქართველოს რკინიგზამ 8%-იანი ზრდა აჩვენა. სატვირთო გადაზიდვებში და ყველაზე მნიშვნელოვანი, ჩემი გადმოსახედიდან, არის თბილისის შემოვლითი რკინიგზის პროექტის ინვესტირებული 215 მილიონის გარკვეული სახით უკან, კომპანიაში მობრუნება. შემოვლითი რკინიგზა საკმაოდ ცნობილი პროექტია ის ბოლომდე ვერ განხორციელდა, შეჩერდა 2014 წელს. სამწუხაროდ, პროექტი დაიწყო ყოველგვარი ეკონომიკური დასაბუთების გარეშე და მისი უკუგება დღეს არის ნული. საქართველოს რკინიგზას დღეს უწევს იმ სესხის დაფარვა, რომელიც პროექტის განხორციელებისთვის იყო აღებული და ის საკმაოდ მაღალი რიცხვია."

- აქვს თუ არა საქართველოს რკინიგზას მოსაზრებები, როგორ შეიძლება ამ გამოწვევასთან გამკლავება. მესმის, ეს მხოლოდ თქვენს ჭრილში ვერ გადაწყდება, მაგრამ რამდენად გაქვთ რაიმე ტიპის ვერსიები ან სცენარები მისი მოგვარებისა.

"გვაქვს რამდენიმე ვერსია, არის მოკლევადიანი და გრძელვადიანი პერსპექტივით, ვმუშაობთ მთავრობასთან და რაღაც გადაწყვეტილებას ველით, ალბათ, მომავალ წელს და პასუხები გვექნება ამასთან მიმართებით.
თქვენ უკვე ახსენეთ 2020 წელი და მაგ თემიდან ორი საკითხი გამოყავით, როგორც პოზიტივის ანუ ზრდის ტემპის შენარჩუნება, იგულისხმება აქტივობა, რამაც 8%-იანი ზრდა მისცა რკინიგზას 2019 წელს და მეორე იყო შემოვლითი რკინიგზის თემის გადაწყვეტა 2020 წელს, ცხადია, საქართველოს მთავრობასთან ერთად. რა არის 2020 წლის გეგმები ჯერ საქართველოს რკინიგზისთვის და შემდგომ მინდა უკვე განჭვრეტად გამოწვევებზე გადავიდეთ, რომლებიც თქვენ შესაძლო რისკებად მიგაჩნიათო 2020 წელს.

როგორც უკვე აღვნიშნე, პირველი ამ ტრენდის შენარჩუნებაა მნიშვნელოვანი, ახალი ტვირთების მოზიდვა, საუბარია გრძელვადიან ტვირთებზე და არა რაღაც მოკლევადიან ტვირთებზე. ახალ ტვირთს ახალი ტვირთი მოაქვს, რეგიონში სახელი უკვე მოვიხვეჭეთ, Standard & Poor’s ანგარიშის საფუძველზე, სადაც წერია, რომ საქართველოს რკინიგზა რეგიონში არის საოპერაციო შემოსავლებით პირველი, ეს საკმაოდ კარგი მაჩვენებელია ჩვენთვის.

მომხმარებლებს ვთავაზობთ პორტებთან, ტერმინალებთან ერთად ახალ სერვისებს. ადრე თუ საქართველოს რკინიგზის მომსახურება მხოლოდ უშუალოდ სარკინიგზო გადატანებთან იყო დაკავშირებული, დღეს ჩვენ შეგვიძლია ვთქვათ, რომ ვემსახურებით როგორც აზერბაიჯანში, ასევე კასპიის და შავი ზღვის აკვატორიაში ტვირთებს. დღეს გვინდა ჩვენ კლიენტს გავუმარტივოთ ტვირთის გადაზიდვა A წერტილიდან B-მდე ორმხრივი ხელშეკრულების საფუძველზე."

 - სხვა რა გამოწვევებზე და გეგმებზე შეგვიძლია ვისაუბროთ 2020 წლისთვის?

"გვინდა, როგორც ვახსენეთ ევროპიდან და აღმოსავლეთის მიმართულებით გავზარდოთ ბლოკ-მატარებლები, ასევე აღმოსავლეთიდან დასავლეთით, როგორც მოხდა წელს ნოემბერში პირველი ბლოკ მატარებელი სიენის პროვინციიდან პრაღაში ჩავიდა საქართველოს გავლით, ბაქო-თბილისი-ყარსის გავლით და თუ წელს გვქონდა 19 ბლოკ-მატარებელი ჩინეთიდან ევროპის მიმართულებით, მომავალ წელს დაგეგმილია 170 ბლოკ-მატარებელი წლის ჭრილში."

- თქვენ ახსენეთ ევროპა, აღმოვაჩინე, რომ რამდენჯერმე საქმიანი ვიზიტით იყავით ევროპაში, სავარაუდოდ ამას ეხებოდა, მაგრამ ამ ევროპაში ვიზიტმა გამახსენა ჩვენი ვალდებულებები საქართველოს რკინიგზის ჭრილში ასოცირების ხელშეკრულებასთან დაკავშირებით. ამის დროც მოდის და ამასთან დაკავშირებით რა ტიპის მზაობაა და რა საკითხებია გადასაწყვეტი?

"ასოცირების ხელშეკრულების ფარგლებში რკინიგზასთან მიმართებით დასანერგია 5 დირექტივა და 3 რეგულაცია. 2022 წელს გვიწევს ბოლო დირექტივისა და რეგულაციის დანერგვა. პროცესი დაწყებულია. 3 დირექტივა უკვე ჩაშვებულია, ველოდებით შესაბამის გადაწყვეტილებას კანონმდებლობაში, რომ შევიტანოთ. მინდა მცირე ჩამონათვალი გავაკეთო ამ დირექტივების, ეს არის: მგზავრთა უფლებები, მგზავრთა გადაყვანის წესები, მემანქანეების სერთიფიცირება, სახიფათო ტვირთების გადაზიდვის წესები და სხვა დამატებითი ახალი ნორმატივები, რომლებიც უფრო დაგვაახლოვებს ევროპასთან და საქართველოს რკინიგზა უფრო მეტი ევროპული სტანდარტებით იქნება რეგიონში ჩაშვებული."

- ტვირთბრუნვის მოცულობები, როგორც თქვენ ახსენეთ, რაც 8%-იან პოზიტივში არის გადასული 2019 წლისთვის. ეს კონკრეტულ თანხებზე უნდა აისახოს, რომელსაც შემდგომ დაააუდიტირებს შესაბამისი საერთაშორისო აუდიტორული კომპანია. რა მონაცემებზე გავდივართ და რა შედეგები გვექნება ამ კუთხით?

"საოპერაციო შემოსავლიდან ჩვენ მივიღეთ დამატებითი 65 მილიონი ლარი. ტვირთბრუნვის შემთხვევაში 8%-იან ზრდას მოჰყვა შემოსავლების 25%-იანი ზრდა. ასევე გვინდა აღვნიშნოთ, რომ EBITDA (შემოსავლები საპროცენტო განაკვეთის მომსახურებამდე, გადასახადების, ცვეთის და ამორტიზაციის თანხების გამონკლებამდე) გაიზარდა დაახლოებით 31%-ით, ეს არის დამატებითი 54 მილიონი ლარი. ტვირთბრუნვის ზრდასთან ერთად ჩვენ არ დაგვვიწყებია სოციალური საკითხი, ჩვენი მთავარი მამოძრავებელი ძალა არის ჩვენი თანამშრომლები და როგორც უკვე დავპირდით, 2019 წლის პირველი დეკემბრიდან დაახლოებით 11 ათასი თანამშრომელი მიიღებს 10%-იან სახელფასო ნამატს."

 - საერთაშორისო გამოწვევებიდან გამომდინარე ზრდის შეუქცევადი შენარჩუნებისთვის, რომელსაც თქვენ მთავარ გამოწვევად იტოვებთ 2020 წლისთვის, გაქვთ თუ არა კიდევ რაიმე კონკრეტული მიმართებები გასაკეთებელი ან გასამახვილებელი ყურადღება?

"დაწყებულია ევროპასთან მჭიდრო ურთიერთობა დიდ კომპანიებთან, როგორებიცაა: Deutsche Bahn Schenker, OBB, Schenker Cargo და სხვა. ეს კომპანიები წარმოადგენენ მამოძრავებელ ძალას ევროპაში ტვირთის გადაზიდვის მიმართულებით, საუბარია ბლოკ-მატარებლების დაყენებაზე და გაშვებაზე თურქეთის გავლით, ასევე შავი ზღვის გავლით საკონტეინერო გემის დახმარებით და მათი გადამისამართება აღმოსავლეთით. ასევე მინდა აღვნიშნო, წელს იყო 19 ბლოკ-მატარებელი ჩინეთიდან ევროპის მიმართულებით, წელს დაგეგმილია 170 ბლოკ-მატარებელი იგივე მიმართულებით."

- 2019 წლის პოზიტიური ტენდენციიდან გამომდინარე, რომელიც უკვე კონკრეტულ თანხებში ისახება, როგორც კომპანიის გენერალური დირექტორი, რას გეგმავთ, ძირითადად სად მოხდება ამ თანხების რეინვესტირება აქვს თუ არა ამასთან დაკავშირებით უკვე კომპანიას ჩამოყალიბებული მკვეთრი ხედვა 2020 წლისთვის?

"პირველ რიგში, უნდა დავფაროთ ჩვენი სასეხო ვალდებულებები, რომლებიც საკმაოდ დიდი ოდენობის არის. შემდეგი მთავარი გამოწვევა იქნება ინფრასტრუქტურის გაუმჯობესება, ეს არის სალიანდაგო, სამეურნეო, ტექნიკური მომარაგება, კავშირგაბმულობა. დანარჩენი თანხები გადამისამართდება ბიზნესის განვითარებაზე, ახალი ტვირთების მოზიდვაზე და სერვისების დანერგვაზე" 

დავით ფერაძე რკინიგზის 2019 წლის შედეგების შესახებ - ინტერვიუ