მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რამ განაპირობა აპრილში 44.8%-იანი ეკონომიკური ზრდა? - საქსტატის დირექტორის განმარტება

60b4916f0f335
შოთა ტყეშელაშვილი
31.05.21 11:39
4458

საქსტატმა 2021 წლის აპრილის ეკონომიკური ზრდის ანგარიში გამოაქვეყნა. დოკუმენტის თანახმად, ეკონომიკის მოცულობა წინა წლის აპრილთან შედარებით 44.8%-ით გაიზარდა. მნიშვნელოვანია გარემოებაა, რომ ასეთი მაღალი ეკონომიკური ზრდა ძირითადად ე.წ. "საბაზო ეფექტით" არის განპირობებული, რადგანაც 2020 წლის აპრილში ქვეყანაში მოქმედი ლოქდაუნის გამო ეკონომიკა 16.6%-ით შემცირდა. საქსტატის მონაცემებით, 2021 წლის პირველი 4 თვის ეკონომიკური ზრდა 8.1% იყო. 

საქსტატის მონაცემებით, აპრილში დღგ-ის გადამხელ საწარმოთა ბრუნვამ 8.44 მილიარდი ლარი შეადგინა, ეს მაჩვენებელი 2020 წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელს 93%-ით აღემატება, რაც ასევე "საბაზო ეფექტით" არის განპირობებული. ეკონომიკურ ზრდაზე ასევე დადებითი გავლენა მოახდინა ექსპორტმა, რომელიც წელს 19.6%-ით არის გაზრდილი.
 
რამ გამოიწვია აპრილში 44.8%-იანი ეკონომიკური ზრდა? - საქსტატის აღმასრულებელი დირექტორის პასუხი:

"წინა წლის შესაბამის პერიოდში იყო ვარდნა 16.6%-ით. ესეც გასათვალისწინებელია. ამასთან, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით ზრდის ტენდენცია იყო ყველა კუთხით. ასევე ზრდის ტენდენცია იყო ექსპორტის და იმპორტის კუთხითაც, რამაც ასევე დადებითი წვლილი შეიტანა შედეგებში. რამდენიმე დომინანტი დარგი გამოიყოფა - დამამუშავებელ მრეწველობაში მეტალურგია არის გააქტიურებული, ასევე გაიზარდა სამშენებლო მასალების წარმოება, რამდენიმეჯერ არის გაზრდილი ცემენტის წარმოების მაჩვენებელი.

მშენებლობის დარგში ზრდა არის არამხოლოდ საცოხვრებელი სახლების, არამედ სპეციალიზებული ნაგებობების მშენებლობაც - წყალაყვანილობის, ელექტროტექნიკური სამუშაოები. გაიზარდა იმპორტ-ექსპორტის ბრუნვა, გაიზარდა სატრანსპორტო დარგის დატვირთვაც. 51%-ით გაიზარდა საფინანსო და სადაზღვევო სექტორის გამოშვება. ვაჭრობა გააქტიურდა, მასზე დიდი გავლენა მოახდინა ავტომობილებით ვაჭრობამ, ავტოიმპორტი წინა წელთან შედარებით 86%-ით გაიზარდა, რეექსპორტი კი გაზრდილია ექვსჯერ, ესეც დადებითი წვლილის შემტანია,"- აცხადებს გოგიტა თოდრაძე.

"2021 წლის აპრილში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით ზრდა შეინიშნებოდა შემდეგ დარგებში: დამამუშავებელი მრეწველობა, მშენებლობა, ვაჭრობა, ტრანსპორტი და დასაწყობება, სასტუმროები და რესტორნები, საფინანსო და სადაზღვევო საქმიანობა, უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საქმიანობა, პროფესიული, სამეცნიერო და ტექნიკური საქმიანობა. კლების ტენდენცია დაფიქსირდა სამთომოპოვებითი მრეწველობის დარგში,"- ნათქვამია საქსტატის დოკუმენტში.