მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რამ განაპირობა ეკონომიკის 6.4%-იანი ზრდა 2019 წლის ნოემბერში - საქსტატის განმარტება

5e0b209fea87f
შოთა ტყეშელაშვილი
31.12.19 11:10
1062
2019 წლის ნოემბერში საქართველოში ბოლო წლების განმავლობაში ერთ-ერთი ყველაზე მაღალი 6.4%-იანი ეკონომიკური ზრდა დაფიქსირდა. შედეგად, 2019 წლის 11 თვის ეკონომიკური ზრდა 5.3% იყო. 

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის აღმასრულებელმა დირექტორმა გოგიტა თოდრაძემ ისაუბრა იმ ფაქტორების შესახებ, რომლებმაც ნოემბერში აღნიშნული შედეგი განაპირობა. ოფიციალური მონაცემებით, თვის განმავლობაში ბიზნესის (დღგ-ის გადამხდელი საწარმოების) ბრუნვამ 7,477,500,000 ლარი შეადგინა, რაც 2018 წელთან შედარებით 19.6%-ით მეტი იყო. როგორც ირკვევა, ერთ-ერთი ფაქტორი, რამაც გასულ თვეს შედარებით მაღალი ეკონომიკური ზრდის მიღწევას შეუწყო ხელი, სუსტი საბაზო მაჩვენებელი იყო. 2018 წლის ნოემბერში წლის განმავლობაში ერთ-ერთი დაბალი - 2.2%-იანი ზრდა დაფიქსირდა. იმის გამო, რომ ეკონომიკური ზრდა წინა წლის ანალოგიური თვის მაჩვენებელს დარდება, დაბალი საბაზო მაჩვენებელი კი პროცენტულად უფრო მაღალი ზრდის წარმოჩენას ხელს უწყობს. 

საქსტატის მონაცემებით, 2019 წლის ნოემბერში საქართველოს ეკონომიკის სექტორებს შორის კლება დაფიქსირდა უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საქმიანობების, ხელოვნების, გართობისა და დასვენების დარგებში.

საქსტატის აღმასრულებელი დირექტორის გოგიტა თოდრაძის თქმით, დამამუშავებელი მრეწველობის მიმართულებით ეკონომიკური ზრდა ძირითადად განპირობებული იყო კვების პროდუქტების და სასმელების წარმოების მოცულობის ზრდით, ასევე ზრდა შეიმჩნეოდა ქიმიური მრეწველობის მიმართულებითაც, რაც აზოტოვანი სასუქებისა და ფარმაცევტული პროდუქტების წარმოების ზრდას უკავშირდებოდა. "დაახლოებით 77%-ით გაიზარდა ნოემბერში აზოტოვანი სასუქების ექსპორტის მაჩვენებელი" - ამბობს გოგიტა თოდრაძე. 

"სამშენებლო სექტორის ზრდასთან ერთად, ზრდა შეინიშნებოდა სამშენებლო მასალების წარმოების მიმართულებითაც, განსაკუთრებით ცემენტის, ბეტონის, ასფალტ-ბეტონის წარმოების მიმართულებით. რაც შეეხება მეტალურგიულ მრეწველობას, შემცირების ტენდენცია დაფიქსირდა კვლავ, რაც აისახა მანგანუმის ექსპორტის 44%-ით შემცირებაში. ტრანსპორტის და დასაწყობების სექტორში ზრდა განპირობებული იყო ტვირთის გადაზიდვის ორგანიზებასთან და მის სატრანსპორტო დამუშავებასთან დაკავშირებული საწარმოების მოცულობის ზრდით, როგორც საგზაო, ისე სარკინიგზო მიმართულებით. რაც შეეხება მშენებლობის სექტორს, აქ ზრდის გამომწვევ მიზეზებს შორის სახელდება სამშენებლო სამუშაოების გააქტიურება, როგორც საცხოვრებელი და არასაცხოვრებელი ობიექტების მშენებლობის, ისე სამოქალაქო და სპეციალიზებული დანიშნულების სამუშაოების შესრულების მიმართულებით. მაგალითად, როგორიცაა გზების, ხიდების, გვირაბების, ასევე წყლის დამცავი ნაგებობების მშენებლობა. შემდეგი დარგი იყო ვაჭრობის სექტორი, აქ ზრდა ძირითადად დაკავშირებული იყო კვების პროდუქტების, ასევე ალკოჰოლური და უალკოჰოლო სასმელების ვაჭრობის მოცულობის ზრდასთან. რასაკვირველია, ვაჭრობის დარგში დადებით ტენდენციებზე იმოქმედა სამშენებლო მასალებით ვაჭრობის მოცულობის ზრდამ, ასევე გაიზარდა საბითუმო ვაჭრობის მაჩვენებელი ბუნებრივი აირით და ნავთობპროდუქტებით, მაგალითად, 10%-ით არის გაზრდილი ბუნებრივი აირის იმპორტის მაჩვენებელი, 20%-ით არის გაზრდილი ნავთობისა და ნავთობპროდუქტების იმპორტის მაჩვენებელი. ასევე მოგეხსენებათ, ვაჭრობის დარგზე დადებით გავლენას ახდენს ტურიზმის სექტორში განვითარებული მოვლენები. აქვე მოგეხსენებათ და ეს ციფრებიც ცნობილია თქვენთვის, 2019 წლის ნოემბერში, დაახლოებით, 12%-იანი ზრდა შეინიშნებოდა საერთაშორისო ვიზიტორების მიერ განხორციელებული ვიზიტების მიმართულებით. ზრდის მიზეზს საფინანსო საქმიანობის სექტორში განაპირობებდა კომერციული ბანკების საპროცენტო შემოსავლის ზრდა. ასევე როგორც აღვნიშნეთ კლების ტენდენცია დაფიქსირდა უძრავი ქონებით ოპერაციების სექტორში, რაც ძირითადად განპირობებული იყო უძრავი ქონების ყიდვა-გაყიდვასთან, ასევე იჯარასთან დაკავშირებული კომპანიების ბრუნვის მოცულობის შემცირებასთან. ხელოვნების, გართობის და დასვენების სექტორი, სადაც კლება შეინიშნებოდა. აქ შემცირების მიზეზებს შორის სახელდება აზარტულ და ფულზე თამაშებთან დაკავშირებული კომპანიების ბრუნვის მოცულობის შემცირება", - ამბობს გოგიტა თოდრაძე.

საქსტატი ეკონომიკური ზრდის დაზუსტებულ (კვარტალურ მაჩვენებლებს) 2020 წელს გამოაქვეყნებს.