მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რამ განაპირობა იანვარში ეკონომიკის 11.5%-იანი ვარდნა - საქსტატის განმარტება

6038b9fcd1543
შოთა ტყეშელაშვილი
26.02.21 13:05
1052
საქსტატის მიერ დღეს გამოქვეყნებული წინასწარი შეფასებით, 2021 წლის იანვარში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, რეალური მთლიანი შიდა პროდუქტის (მშპ) კლებამ 11.5% შეადგინა. ეკონომიკის დარგების უმეტესობაში რთული ვითარება და ბრუნვის შემცირებაა. იანვარში დღგ-ის გადამხდელი საწარმოების ბრუნვა 5.88 მილიარდი ლარი იყო, რაც წინა წელთან შედარებით 8.1%-ით ნაკლებია. 

ეკონომიკური ვარდნის მიზეზებთან დაკავშირებით სპეციალური ბრიფინგი გამართა საქსტატის აღმასრულებელმა დირექტორმა გოგიტა თოდრაძემ; მისი განცხადებით, დარგების უმეტესობაში ბრუნვა შემცირებულია. 

"მშენებლობის სექტორში კვლავ კლების ტენდენცია შეინიშნებოდა სამოქალაქო და სპეციალიზირებული შენობა-ნაგებობების მიმართულებით. ასევე, ელექტროტექნიკური და სამონტაჟო სამუშაოების მიმართულებით. დაახლოებით, 18%-ით შემცირდა სამშენებლო მასალების იმპორტი და, დაახლოებით, 26%-ით შემცირდა ცემენტის იმპორტის მოცულობა. 

ტრანსპორტის დარგში კლების ძირითადი მიზეზი საჰაერო ტრანსპორტის მომსახურების შემცირებას უკავშირდება, ასევე ტვირთების მომსახურების მოცულობის შემცირებას და მგზავრთა რაოდენობის შემცირებას. 

სასტუმროების და რესტორნების ჯგუფში კლება ძირითადად დაკავშირებული იყო საერთაშორისო ვიზიტორების რაოდენობის შემცირებასთან და ამ სექტორში მოქმედი კომპანიებისთვის შეზღუდული სახით ფუნქციონირებასთან. მოგეხსენებათ, არსებული ვითარების გამო შეიზღუდა სასტუმროების და რესტორნების საქმიანობა. ისინი ძირითადად მზა საკვების გატანის სერვისზე იყვნენ ორიენტირებული. დაახლოებით, 94%-ით შემცირდა საერთაშორისო ვიზიტორების რაოდენობა. 

დამამუშავებელი მრეწველობის დარგში კლება ძირითადად დაკავშირებული იყო სასმელების წარმოების, ასევე სამშენებლო მასალების და ქიმიური მრეწველობის მიმართულებით. აქვე, აღსანიშნავია, რომ იანვარში თითქმის განახევრებულია აზოტოვანი სასუქების ექსპორტის მაჩვენებელი. 

ხელოვნების გართობის და დასვენების სექტორში კლების გამომწვევ მიზეზად გვევლინება როგორც აზარტულ თამაშებთან დაკავშირებული კომპანიების, ისე დასვენების, გართობის, სპორტის და კულტურული ღონისძიებების ორგანიზებით დაკავებული კომპანიების შემოსავლების შემცირება.

უძრავი ქონებით ოპერაციების სექტორში კლება დაკავშირებული იყო საცხოვრებელი სახლებისა და შენობების ყიდვა/გაყიდვისა და იჯარით გაცემით დაკავებული კომპანიების ბრუნვის შემცირებასთან. 

რაც შეეხება ზრდებს ცალკეულ დარგებში - საფინანსო საქმიანობის სექტორში ზრდის გამოწვევ მიზეზად გვევლინება კომერციულ ბანკების საპროცენტო შემოსავლების ზრდა, რაც დაკავშირებული იყო ფიზიკურ პირებზე გაცემული გრძელვადიანი სესხების მოცულობის ზრდასთან. ინფორმაციის და კომუნიკაციის სექტორში ზრდა განაპირობა საინფორმაციო და საკომუნიკაციო საქმიანობით დაკავებული კომპანიების ბრუნვის მატებამ," - განაცხადა საქსტატის დირექტორმა. 

შეგახსენებთ, 2020 წელს საქართველოში 6.1%-იანი ეკონომიკური ვარდნა იყო, რაც 1994 წლის შემდგომ რეკორდულ მაჩვენებელს წარმოადგენს. 

ეკონომიკური ზრდის უფრო დეტალურ სტატისტიკას საქსტატი მოგვიანებით გამოაქვეყნებს.