მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რამ განაპირობა ივნისში ეკონომიკის 7.2%-იანი ზრდა - განმარტება

62e396080621b
შოთა ტყეშელაშვილი
29.07.22 12:20
2288
საქსტატმა დღეს ივნისის ეკონომიკური ზრდის ანგარიში გამოაქვეყნა, დოკუმენტიდან ირკვევა, რომ გასული თვის განმავლობაში ქვეყანაში 7.2%-იანი ეკონომიკური ზრდა იყო. 2022 წლის პირველ ნახევარში ქვეყნის ეკონომიკა წინა წელთან შედარებით 10.5%-ით გაიზარდა.

კერძო სექტორის ბრუნვამ, ანუ დღგ-ის გადამხდელი საწარმოების ბრუნვამ ივნისში 11.1 მილიარდი ლარი შეადინა, რაც წინა წელთან შედარებით 20.4%-ით მეტია.

საქსტატის აღმასრულებელმა დირექტორმა, გოგიტა თოდრაძემ ეკონომიკური ზრდის მიზეზების შესახებ გამართა ბრიფინგი, რომელზეც განაცხადა, რომ სექტორების უდიდეს ნაწილში ბრუნვის მატება დაფიქსირდა. კლება შეინიშნებოდა მხოლოდ დამამუშავებელი მრეწველობის და მშენებლობის სექტორებში.

“ტრანსპორტის სექტორში ზრდის ტენდენციები დაკავშირებული იყო ძირითადად საჰაერო ტრანსპორტის ფუნქციონირებასთან, ზრდის ტენდენცია იყო ასევე სახმელეთო ტრანსპორტშიც, ტვირთის გადაზიდვის და შესაბამისი მომსახურების გაწევის მიმართულებით.

ენერგეტიკის სექტორში ზრდის ტენდენციები დაკავშირებული იყო ჰიდრეოელქტროსადგურების მიერ წარმოებული ელექტროენერგიის მოცულობის ზრდასთან. 12.3%-ით არის გაზრდილი აღნიშნული მაჩვენებელი. გაზრდილია ელექტროენერგიის ექსპორტიც, დაახლოებით 80%-ით და გაზრდილია ადგილობრივი მოხმარებაქაც დაახლოებით 15%-ით.

ზრდის ტენდენცია იყო სასტუმროებისა და რესტორნების სექტორში, რაც დაკავშირებულია საერთაშორისო ვიზიტორების მიერ განხორციელებული ვიზიტების რაოდენობის ზრდასთან. ივნისში ვიზიტორების მიერ განხორციელდა 387 ათასი ვიზიტი, მაშინ როდესაც გასულ წელს 150 ათასს არ აღემატებოდა ეს მაჩვენებელი.

ინფორმაციისა და კომუნიკაციის სექტორში ზრდა დაკავშირებული იყო კომპიუტერული პროგრამების შემუშავებასთან, ასევე საინფორმაციო საკომუნიკაციო სექტორში განხორციელებული შესაბამისი მომსახურების მოცულობის ზრდასთან.

სამთო მრეწველობის სექტორში ზრდა უკავშირდებოდა ფერადი ლითონების მადნების მოპოვებას.

ვაჭრობის სექტორში ზრდის უმთავრეს მიზეზად სახელდება ავტომობილებით და მათი ნაწილებით ვაჭრობის მოცულობის ზრდასთან. 97%-ით გაიზარდა მსუბუქი ავტომობილების რეექსტპორტი. ძირითადად აზერბაიჯანის მიმართულებით. გაზრდილია ასევე ვაჭრობა საკვები პროდუქტებით და საყოფაცხოვრებო ნაწარმით.

კლების ტენდენცია გამოვლინდა დამამუშავებელი მრეწველობის და მშენებლობის სექტორებში. დამამუშავებელი მრეწველობის სექტორში კლების ტენდენცია დაკავშირებული იყო მეტალურგიულ მრეწველობასთან, ასევე მინერალური წყლების წარმოების მოცულობის შემცირებასთან.

მშენებლობის სექტორში კლება შეინიშნებოდა სამოქალაქო სექტორში მშენებლობის შემცირებით, მაგალითად გზების, ავტობანების, ხიდების, გვირაბების მშენებლობა,”- აცხადებს გოგიტა თოდრაძე.