მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რამ განაპირობა ოქტომბერში 3.9%-იანი ეკონომიკური ვარდნა - განმარტება

5fc4af4190dbf
შოთა ტყეშელაშვილი
30.11.20 12:54
1243
საქსტატმა დღეს 2020 წლის ოქტომბრის ეკონომიკური ვარდნის ამსახველი ანგარიში გამოაქვეყნა. დოკუმენტის თანახმად,  წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, რეალური მთლიანი შიდა პროდუქტის კლებამ ოქტომბერში 3.9% შეადგინა, ხოლო 2020 წლის 10 თვის საშუალო მაჩვენებელი -5.1%-ია. გასული თვის განმავლობაში დღგ-ს გადამხდელ საწარმოთა ბრუნვა წლიურ ჭრილში მცირედით - 2.3%-ით შემცირდა და მან 7.6 მილიარდი ლარი შეადგინა. 

ეკონომიკური ზრდის ახალ მაჩვენებელთან დაკავშირებით ბრიფინგი გამართა საქსტატის აღმასრულებელმა დირექტორმა გოგიტა თოდრაძემ. მისი თქმით, ოქტომბერში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით კლება დაფიქსირდა თითქმის ყველა სექტორში, საფინანსო და სადაზღვევო სექტორების გარდა. 

კონკრეტული მიმართულებებით ეკონომიკური აქტივობის შემცირების მთავარი განმაპირობებელი ფაქტორები იყო:

"ტრანსპორტის სექტორში კლება ძირითადად საჰაერო გადაზიდვების სფეროს შემცირებას უკავშირდება, შემცირებულია, ასევე, ტვირთის სატრანსპორტო დამუშავებასთან, დასაწყობებასთან და შენახვასთან დაკავშირებული მომსახურების მოცულობა. 

სასტუმროების და რესტორნების სექტორში კლება ძირითადად დაკავშირებული იყო საერთაშორისო ვიზიტორების რაოდენობის შემცირებასთან. ოქტომბერში საერთაშორისო ვიზიტორების რაოდენობა, დაახლოებით, 93%-ით არის შემცირებული. ოქტომბერში ქვეყანაში განხორციელდა 50,000-მდე ვიზიტი, როდესაც გასულ წელს აღნიშნული მაჩვენებელი 13-14-ჯერ მეტი იყო. 

ხელოვნების გართობისა და დასვენების სექტორში კლების გამოწვევ ძირითად მიზეზად გვევლინება აზარტულ და ფულზე თამაშებთან დაკავშირებული კომპანიების ბრუნვის მოცულობის შემცირება. ასევე, სპორტის, დასვენებისა და გართობის ღონისძიებების ორგანიზებით დაკავებული კომპანიების ბრუნვის შემცირება. 

დამამუშავებელი მრეწველობის სექტორში კლება ძირითადად დაკავშირებული იყო სამშენებლო მასალების, ალკოჰოლური და უალკოჰოლო სასმელების - მათ შორის ღვინის და მინერალური წყლების წარმოების მოცულობის შემცირებასთან. შემცირდა ასევე, ფოლადისა და ფეროშენადნობების წარმოების მოცულობა, ასევე საანგერიშო პერიოდში 16%-ით შემცირდა ღვინის ექსპორტი; 10%-ით შემცირდა მინერალური წყლების ექსპორტი და 33%-ით შემცირდა აზოტოვანი სასუქების ექსპორტი. 

მშენებლობის სექტორში კვლავ კლების ტენდენცია შეინიშნება. ძირითადად, სამოქალაქო და სპეციალიზირებული სამშენებლო სამუშაოების განხორციელების მიმართულებით, როგორიცაა მაგალითად საინჟინრო ობიექტების მშენებლობა;

ელექტროტექნიკური სამუშაოების შესრულება; წყალგაყვანილობის და ჰაერის კონდიცირების სისტემების მონტაჟი. ასევე, 22%-ით შემცირდა სამშენებლო მასალების იმპორტი, მათ შორის ცემენტის იმპორტი 6.4%-ით შემცირდა. 

როგორც მოგახსენეთ საფინანსო საქმიანობის სექტორში შეინიშნებოდა ზრდის ტენდენცია, რომლის გამოწვევ ძირითად მიზეზად სახელდება კომერციული ბანკების საპროცენტო შემოსავლების ზრდა, რაც გარკვეულწილად დაკავშირებული იყო ფიზიკურ პირებზე გაცემული სესხების შემოსავლის ზრდასთან", - განაცხადა გოგიტა თოდრაძემ. 

ეკონომიკურ ზრდაზე, ასევე, უარყოფითი გავლენა მოახდინა ექსპორტის მაჩვენებლის 11.1%-იანმა შემცირებამაც.