მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რამ განაპირობა საქართველოდან თურქეთში ელექტროენერგიის ექსპორტის ზრდა?

62e910fc0ce7d
შოთა ტყეშელაშვილი
02.08.22 21:23
1127
წელს საქართველოს ელექტროენერგიის დადებითი სავაჭრო ბალანსი ჰქონდა. Galt & Taggart-ის თანახმად, წლის პირველ ნახევარში ელექტროენერგიის ექსპორტმა 55.8 მილიონი დოლარი შეადგინა, ხოლო იმპორტი 34.7 მილიონი დოლარი იყო. შესაბამისად ელექტროენერგიის დადებითმა ბალანსმა 21.1 მილიონი შეადგინა.

საქართველოსთვის ელექტროენერგიის მთავარი საექსპორტო ბაზარი თურქეთია, სადაც 2022 წელს ენერგეტიკის სექტორში რთული მდგომარეობა შეიქმნა, რასაც ტარიფის გასამმაგება მოჰყვა. მეორე მხრივ, აზერბაიჯანიდან და რუსეთიდან საქართველოს მიერ შესყიდული ელექტროენერგიის ფასის ზრდა მკვეთრი არ ყოფილა.

ივნისში თურქეთში ელექტროენერგიის ფასმა საბითუმო ბაზარზე კილოვატ საათზე 14.5 ცენტს მიაღწია, ფასის ზრდა მსოფლიო ბაზარზე ბუნებრივი აირის ფასის მატებით იყო განპირობებული. ქართველმა ექსპორტიორებმა გაზრდილი ფასით მნიშვნელოვანი სარგებელი ნახეს. მათი შემოსავალი წლის პირველ ნახევარში ისტორიულად დიდი იყო და $51.2 მილიონს შეადგენდა.

თურქეთში ელექტროენერგიის ექსპორტი მაისში დაიწყო და ის სავარაუდოდ, აგვისტოს ბოლომდე გაგრძელდება. იმის მიუხედავად, რომ თურქეთის ბაზარს მნიშვნელოვანი პოტენციალი აქვს, რეგულაციების გამო, საქართველოდან ექსპორტი შეზღუდულია იმ თვეებში, როდესაც ადგილობრივ ბაზარზე დენის იმპორტის საჭიროებაა.

გაზრდილია იმპორტის საშუალო ტარიფიც. მაგალითად, აზერბაიჯანიდან იმპორტის საფასური კილოვატ საათზე 7.5 ცენტს შეადგენდა, რაც წინა წელს არსებულ ფასთან (4.6 ცენტთან) შედარებით 62%-ით მეტია. ამ ზრდის მიუხედავად, იმპორტის საშუალო ტარიფი ექსპორტთან შედარებით ორჯერ დაბალი იყო.

საქართველოში 2022 წლის პირველ ნახევარში საბალანსო ელექტროენერგიის ტარიფი წინა წელთან შედარებით 21.9%-ით გაიზარდა და კილოვატ საათზე 5.7 ცენტი შეადგინა. ფასის ზრდის მთავარი მიზეზი იმპორტირებული ელექტროენერგიის საშუალო ტარიფის ზრდა იყო.

მთლიანობაში 2022 წლის პირველ ნახევარში საქართველოს ადგილობრივმა მოხმარებამ 7.3 ტერავატ საათი შეადგინა, რაც წინა წელთან შედარებით 9.8%-ით მეტია. გაზრდილი მოხმარება ქართული ჰიდროელექტროსადგურების მიერ გამომუშავებული ენერგიით დაბალანსდა, რადგანაც პერიოდის განმავლობაში ჰესების გამომუშავება 21%-ით გაიზარდა.

Galt & Taggart-ის მიმოხილვაში ასევე საუბარია ელექტროენერგიის ბაზრის დერეგულირების რეფორმასა და ენერგეტიკულ ბირჟაზე დღით ადრე ვაჭრობის დაწყებაზეც, რომელიც 2022 წლის 1 სექტემბრიდან უნდა ამოქმედდეს. როგორც ირკვევა, რჩება სხვადასხვა საკითხი, რომლებიც ამ რეფორმასთან არის დაკავშირებული, რომლებთან დაკავშირებით სემეკმა და სხვა უწყებებმა შესაბამისი ნორმატიული ბრძანებები უნდა გამოსცენ, რათა სექტემბერში ენერგეტიკული ბირჟის მარეგულირებელი ჩარჩო უკვე გამართული იყოს. Galt & Taggart-ის თანახმად, მაღალია ალბათობა, რომ ენერგეტიკული ბირჟის ამოქმედება კიდევ ერთხელ გადავადდეს.