მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რამდენ მილიონს უხდის აეროპორტების გაერთიანება ავიაკომპანიებს საქართველოში ფრენისთვის?

5d94895babd41
შოთა ტყეშელაშვილი
03.10.19 09:40
1715
“საქართველოს აეროპორტების გაერთიანება” ქვეყნის ერთ-ერთი უმსხვილესი სახელმწიფო კომპანიაა. კომპანიის აქტივებში საქართველოს ხუთივე აეროპორტი შედის, რომელთაგან “აეროპორტების გაერთიანება” მხოლოდ ქუთაისის, მესტიისა და ამბროლაურის აეროპორტებს მართავს. 

“საქართველოს აეროპორტების გაერთიანება” ქვეყანაში ახალი ავიაკომპანიების ოპერირების მხარდაჭერის მიზნით, მათ სპეციალურ “მარკეტინგულ დაფინანსებას” აძლევს. 2017 წლის ფინანსური ანგარიშგების მიხედვით, აეროპორტების გაერთიანებამ ავიაკომპანიებს ჯამში 7,187,000 ლარი, 2016 წელს კი 3,157,000 ლარი გადაუხადა.

სახელმწიფოები ავიაკომპანიების დაფინანსებისთვის სხვადასხვა მექანიზმს იყენებენ, მათ შორისაა მარკეტინგული დაფინანსება, რომელიც აღნიშნული ავიაკომპანიის მიერ დანიშნულების ქვეყანაში არსებული ფრენების რეკლამირებას ხმარდება. მსგავსი "წახალისების" ფორმას სხვა ქვეყნებიც მიმართავენ და კერძო კომპანიებს ფრენების განხორციელებისთვის თანხას საავიაციო ინდუსტრიის მხარდაჭერისა და ტურიზმის ხელშეწყობის მიზნით ურიცხავენ.

თავად აეროპორტების გაერთიანება ავიაკომპანიებისთვის 7 მილიონი ლარის დაფინანსების გამოყოფას ასე განმარტავს:

“მიმართულებების მარკეტინგისა და განვითარების დანახარჯები მოიცავს ავიაკომპანიებისათვის გადახდილ წამახალისებელ ანაზღაურებას, შეთანხმებული კომპანიის მიერ განსაზღვრული სხვადასხვა წამახალისებელი პაკეტებით, რაც ორიენტირებულია ქუთაისისა და თბილისის აეროპორტების მიმართულებების რაოდენობის, სიხშირისა და/ან მგზავრთა ნაკადების გაზრდისთვის. მიმართულებების მარკეტინგისა და განვითარების აქტივობების კომპენსირებისათვის კომპანია იხდის ყოველთვიურ წამახალისებელ ანაზღაურებას ავიაკომპანიების შედეგებიდან გამომდინარე (მაგ., ახალი მიმართულებები, მგზავრთა რაოდენობა პერიოდის განმავლობაში, სიხშირე პერიოდის განმავლობაში და .შ.), რომელიც არსებითად დაკავშირებულია წამახალისებელი პაკეტების მოთხოვნებთან,”- ნათქვამია აეროპორტების გაერთიანების 2017 წლის ფინანსურ ანგარიშში.

კონფიდენციალურია ინფორმაცია იმის შესახებ თუ უშუალოდ რომელმა ავიაკომპანიამ რა მოცულობის დაფინანსება აიღო “აეროპორტების გაერთიანებისგან.”

სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს ინფორმაციით, 2019 წლის 6 თვის მდგომარეობით, გადაყვანილი მგზავრების რაოდენობის მიხედვით, საქართველოს ავიაბაზარზე პირველ ადგილზე Wizz Air-ი იმყოფება. ავიაკომპანია მხოლოდ ქუთაისის აეროპორტიდან დაფრინავს და მან 2019 წლის პირველ 6 თვეში 348,850 მგზავრი გადაიყვანა.