მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რამდენ მილიონს უხდის აეროპორტების გაერთიანება ავიაკომპანიებს საქართველოში ფრენისთვის?

5dca7e46e8587
შოთა ტყეშელაშვილი
12.11.19 17:57
4001
“საქართველოს აეროპორტების გაერთიანება” ქვეყნის ერთ-ერთი უმსხვილესი სახელმწიფო კომპანიაა. კომპანიის აქტივებში საქართველოს ხუთივე აეროპორტი შედის, რომელთაგან “აეროპორტების გაერთიანება” მხოლოდ ქუთაისის, მესტიისა და ამბროლაურის აეროპორტებს მართავს.

“საქართველოს აეროპორტების გაერთიანება” ქვეყანაში ახალი ავიაკომპანიების ოპერირების მხარდაჭერის მიზნით, მათ სპეციალურ “მარკეტინგულ დაფინანსებას” აძლევს. 2018 წლის ფინანსური ანგარიშგების მიხედვით, აეროპორტების გაერთიანებამ ავიაკომპანიებს, ჯამში -  11,145,000 ლარი, 2017-ში - 7,187,000 ლარი, 2016 წელს კი - 3,157,000 ლარი გადაუხადა.

სახელმწიფოები ავიაკომპანიების დაფინანსებისთვის სხვადასხვა მექანიზმს იყენებენ, მათ შორისაა მარკეტინგული დაფინანსება, რომელიც აღნიშნული ავიაკომპანიის მიერ დანიშნულების ქვეყანაში არსებული ფრენების რეკლამირებას ხმარდება. მსგავსი "წახალისების" ფორმას სხვა ქვეყნებიც მიმართავენ და კერძო კომპანიებს ფრენების განხორციელებისთვის თანხას საავიაციო ინდუსტრიის მხარდაჭერისა და ტურიზმის ხელშეწყობის მიზნით ურიცხავენ.

თავად აეროპორტების გაერთიანება ავიაკომპანიებისთვის 11 მილიონი ლარის დაფინანსების გამოყოფას ასე განმარტავს:

"მიმართულებების, მარკეტინგისა და განვითარების ხარჯებში შედის წამახალისებელი საფასურები ავიაკომპანიებისათვის, რომელიც განსაზღვრულია კომპანიის მიერ დადგენილ არაექსკლუზიურ წამახალისებელ პაკეტებში და ორიენტირებულია ქუთაისისა და თბილისის საერთაშორისო აეროპორტებში მიმართულების, სიხშირისა ან/და მგზავრდა ნაკადის გაზრდაზე ავიაკომპანიების მიერ მიმართულების მარკეტინგსა და განვითარებაზე ჩატარებული სამუშაოების ასანაზღაურებლად. კომპანია ყოველთვიურ წამახალისებელ თანხას იხდის ავიაკომპანიის შედეგების მიხედვით (მაგალითად, ახალი მარშრუტები, მგზავრების რაოდენობა დროის მონაკვეთში, სიხშირეები დროის მონაკვეთში, ა.შ.), რაც არსებითად წამახალისებელი პაკეტის მოთხოვნასთანაა კავშირში", - ნათქვამია ანგარიშგებაში. 

ცნობისთვის: 2019 წლის 10 თვის მდგომარეობით, გადაყვანილი მგზავრების რაოდენობის მიხედვით, თბილისის საერთაშორისო აეროპორტი 3,255,965 მგზავრს მოემსახურა, რაც 2018 წელთან შედარებით 1%-ით ნაკლებია, რაც რუსულ ავიასანქციებთან არის დაკავშირებული. ამავე პერიოდში 40%-ით გაიზარდა მგზავრთა რაოდენობა ქუთაისის აეროპორტში და 719,324 მგზავრი შეადგინა. ამის მიზეზი ქუთაისიდან უნგრული დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანია Wizz Air-ის მიერ ფრენების რაოდენობის მატებაა. 

თავად აეროპორტების გაერთიანება შემოსავალს ძირითადად აეროპორტის მართვის მოსაკრებლიდან იღებს. 2018 წლის განმავლობაში კომპანიის მთლიანი შემოსავალი 16.9%-ით გაიზარდა და 64.16 მილიონი ლარი შეადგინა.