13.მაისი .2020 20:05

რამდენ საათს მუშაობენ საქართველოში?

views 866
უკან

დღეს საქართველოს პარლამენტში დარეგისტრირდა კიდევ ერთი კანონპროექტი, რომელიც შრომის კოდექსში დასაქმებულთა ზეგანაკვეთური საქმიანობის დამატებით რეგულირებას ითვალისწინებს. დეპუტატების დიმიტრი ცქიტიშვილისა და სოფიო კილაძის მიერ მომზადებულ დოკუმენტში ნათქვამია, რომ დამსაქმებლის მიერ განსაზღვრული სამუშაო დროის ხანგრძლივობა არ უნდა აღემატებოდეს კვირაში 40 საათს. ხოლო, რთულ და რისკის შემცველ სამსახურებში ზეგანაკვეთების ჩათვლით, სამუშაო კვირის ხანგრძლივობა 48 საათს არ უნდა აჭარბებდეს.

სტატისტიკის ეროვნული სამსახური ყოველწლიურად ატარებს გამოკითხვას იმის შესახებ თუ რა სექტორში დასაქმებული პირები რამდენი საათის განმავლობაში მუშაობენ. ოფიციალური სტატისტიკით, ეკონომიკის 14 სექტორიდან, 12 სექტორში დასაქმებულები რეგულარულად კვირაში 40 საათზე მეტ ხანს მუშაობენ. სტატისტიკის მიხედვით, ამ სფეროებს შორისაა საჯარო სამსახურიც, სადაც ზეგანაკვეთი კვირაში 7.6 საათს შეადგენს. სასტუმროებისა და რესტორნების დარგში კი საშუალო ზეგანაკვეთი 13 საათს შეადგენს. სამშენებლო სექტორში კი ზეგანაკვეთი კვირაში 11.5 საათია. იმის გამო, რომ მშენებლობა სწორედ საშიშპირობებიან სექტორად ითვლება, დღეს წარდგენილი კანონპროექტის დამტკიცების შემთხვევაში, აქ დასაქმებულთა ზეგანაკვეთის მოცულობა 8 საათამდე შემცირდება.

რა სექტორში რამდენი საათის განმავლობაში მუშაობენ:

1 კერძო საოჯახო მეურნეობა დაქირავებული მომსახურებით - 53,9 საათი კვირაში, ზეგანაკვეთი 13,9 საათი;
2 სასტუმროები და რესტორნები - 53 საათი კვირაში, ზეგანაკვეთი 13 საათი;
3 მშენებლობა - 51,5 საათი კვირაში, ზეგანაკვეთი 11,5 საათი;
4 ვაჭრობა - 49,1 საათი კვირაში, ზეგანაკვეთი 9,1 საათი;
5 სახელმწიფო მმართველობა - 47,6 საათი კვირაში, ზეგანაკვეთი 7,6 საათი;
6 ექსტერიტორიული ორგანიზაციების საქმიანობა - 47,6 საათი კვირაში, ზეგანაკვეთი 7,6 საათი;
7 მრეწველობა - 47,3 საათი კვირაში, ზეგანაკვეთი 7,3 საათი;
8 ტრანსპორტი და კავშირგაბმულობა - 47,2 საათი კვირაში, ზეგანაკვეთი 7,2 საათი;
9 ოპერაციები უძრავი ქონებით, იჯარა და მომხმარებლისათვის მომსახურების გაწევა - 45,3 საათი კვირაში, ზეგანაკვეთი 5,3 საათი;
10 საფინანსო საქმიანობა - 43 საათი კვირაში, ზეგანაკვეთი 3 საათი;
11 ჯანმრთელობის დაცვა და სოციალური დახმარება - 42,4 საათი კვირაში, ზეგანაკვეთი 2,4 საათი;
12 კომუნალური, სოციალური და პერსონალური მომსახურების გაწევა - 41,4 საათი კვირაში, ზეგანაკვეთი 1,4 საათი;
13 განათლება - 29,9 საათი კვირაში, ზეგანაკვეთი 0 საათი;
14 სოფლის მეურნეობა, ნადირობა და მეტყევეობა, თევზჭერა, მეთევზეობა - 29,2 საათი კვირაში, ზეგანაკვეთი 0 საათი;

მეთოდოლოგია - საქსტატის გამოკვლევის მიხედვით, სამუშაო კვირის ჩვეულებრივი ხანგრძლივობა გულისხმობს ხანგრძლივი პერიოდის განმავლობაში კვირაში ყველაზე ხშირად ნამუშევარი საათების საშუალო რაოდენობას, ზეგანაკვეთურად ნამუშევარი საათების ჩათვლით.

მსგავსი შინაარსის კანონპროექტის ინიცირება დიმიტრი ცქიტიშვილმა წარსულშიც განახორციელა, მაშინ პროექტს არც ბიზნეს გაერთიანებების, არც მთავრობის და არც დეპუტატთა მხარდაჭერა არ მოუპოვებია. 

2019 წლის ოქტომბერში პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ BMG-ის კითხვაზე, დაუჭერდა თუ არა მხარს, დეპუტატების მიერ წარდგენილ მსგავს ინიციატივას მთავრობა მხარს, განაცხადა, რომ ბიზნესთან კომუნიკაციის გარეშე მსგავსი მასშტაბის ცვლილება არ განხორციელდებოდა.