მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რამდენად აქვს ქვეყანას რესურსი ახალი ინვესტიციები წაახალისოს? - ლილუაშვილი

603520d666b0a
ელენე გოგბერაშვილი
23.02.21 22:00
942
მხოლოდ გასულ წელს პანდემიის გავლენით საქართველოს ეკონომიკამ დაახლოებით 4 მილიარდი ლარი დაკარგა, მთავრობის პროგნოზით, 2020-2021 წლებში ეს მაჩვენებელი დაახლოებით 8,5 მლრდ ლარი იქნება. დანაკარგი ძირითადად გამოწვეულია ტურიზმის სექტორის მდგომარეობით, რაც ასევე აისახა ეკონომიკური ზრდის პარამეტრზეც. იქიდან გამომდინარე, რომ პანდემია გაცილებით ხანგრძლივი გამოდგა და ეკონომიკის აღდგენას რამდენიმე წელი კიდევ დასჭირდება, ყოფილი პრემიერის ყოფილი მრჩეველი ეკონომიკურ საკითხებში, დეპუტატი ბექა ლილუაშვილი მთავრობას ინვესტიციების მოსაზიდად ახალი გადაწყვეტილებების მიღებას ურჩევს. ასეთი სტიმული კი შეიძლება იყოს საგადასახადო შეღავათები, რომელიც თანაბრად გავრცელდება როგორც ადგილობრივ, ისე საერთაშორისო ინვესტიციებზე.

„ეკონომიკის აღდგენის პროცესი გაგრძელდება ჩემი მოლოდინით 2021-2023 წლებშიც, ეს ის პერიოდია, რაც დასჭირდება ტურიზმს რომ აღდგეს და დაუბრუდნეს პირვანდელ მაჩვენებელს, ამიტომ ჩვენ დაგვჭირდება გადაწყვეტილებები, რომელიც ორიეტირებული იქნება და ხელს შეუწყობს ინვესტიციების მაქსიმალურად წახალისებას. სხვა ქვეყნები ამას მეტ ნაკლებად ახერხებენ დაბალი საპროცენტო განაკვეთების პოლიტიკით, რაც ხელს უწყობს ფინანსურ რესურსებზე წვდომის გაიაფებას, ჩვენ ამისი რესურსი არ გვაქვს, რადგან გვაქვს დოლარიზებული ეკონომიკა და საპროცენტო განაკვეთის შემცირება ინფლაციურ პროცესებს იწვევს. ამიტომ უნდა ვიყოთ ორიენტირებული, რომ მონეტარული პოლიტიკის სტიმულები დავაბალანსოთ ფისკალური ანუ საბიუჯეტო ღონისძიებებით. მათ შორის ვიფიქროთ ისეთ გადაწყვეტილებებზე, როგორიც არის ინვესტორებისთვის შეღავათების გაკეთება.

აქ საუბარია ახალ ინვესტიციებზე, გარკვეული მოცულობის ზემოთ, პირობითად 30 ან 50 მილიონის ზემოთ, მიუხედავად წარმომავლობისა იქნება ეს უცხოური, თუ შიდა ინვესტიცია, გავუკეთოთ შეღავათები. ეს შეღავათი აუცილებლად უნდა იქნას განხილული როგორც დროებითი ღონისძიება. პირობითად, ვინც აკეთებს ინვესტიციას 2021-2023 წლების განმავლობაში, მას მიენიჭოს რამოდენიმეწლიანი შეღავათი გადასახადების გადახდაზე. ეს შექმნის დამატებით სტიმულებს იმისთვის, რომ ინვესტიციები განხორციელდეს ქვეყანაში. რა თქმა უნდა, მაკროეკონომიკური ფუნდამენტი მნიშვნელოვანია, რაც წინაპირობაა ასეთი ინვესტიციები განხორციელდეს, თუმცა ამასთან ერთად, რადგანაც გლობალური ეკონომიკური კრიზისი მიმდინარეობს, აუცილებლად დამატებითი შთავაზებები იქნება საჭირო ინვესტორებისთვის. ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი შეღავათი შეიძლება აღმოჩნდეს, საგადასახადო შეღავათი, რომელსაც ჩვენ მათ შევთავაზებთ“, - აცხადებს ლილუაშვილი.

ლილუაშვილს ვკითხეთ, თუ რამდენად აქვს ქვეყანას რესურსი საგადასახადო შეღავათები დააწესოს, რადგან მის ამ ინიციატივასთან დაკავშირებით ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრების პოზიციები ერთმანეთს არ ემთხვევა.

ყოფილი პრემიერის ყოფილი მრჩეველიც იმ პოზიციაზეა, რომ ახალი ინვესტიციების განხორციელების წინაპირობას ქვეყნის მაკროეკონომიკური ფუნდამენტი განსაზღვრავს, თუმცა თვლის, რომ ინვესტორების დასაინტერსებლად ქვეყანას შეუძლია მათ შორის ფისკალური კონსოლიდაცია გააკეთოს, რაც არაეფექტური საგადასახადო შეღავათების გაუქმებას გულისხმობს.

„ბევრმა ქვეყანამ დაიწყო ფისკალური კონსოლიდაცია, თუმცა ამას სჭირდება სწორად გათვლა და დრო. ფისკალური კონსოლიდაცია იქნება რესურსის მოძიების წყარო. ფისკალური კონსოლიდაცია თავისი შინაარსით არის არაეფექტური საგადასახადო შეღავათების, მაგალითად იმპორტზე გარკვეული პროდუქციაზე საგადასახადო შეღავათის გაუქმება. რატომ? იმიტომ, რომ დღეს ამ შეღავათებით სარგებლობს საზოგადოების ყველა ფენა - შეძლებულიც, დაბაშემოსავლიანიც. რა თქმა უნდა, ეს არასწორია. მნიშვნელოვანია სამართლიანად გადანაწილდეს ეს პროცესი. გადასახადის შეღავათი გაუქმდეს, თუმცა ამ თანხით სოციალურად მოწყვლადი კატეგორიის ადამიანებს მივეხმაროთ და გავუზარდოთ იქნება ეს პენსია, თუ სოციალური დახმარება და მე თქვენ ან პირობითად მეტად შეძლებულმა ადამიანებმა არ ვისარგებლოთ შეღავათით, რადგან ეს არასწორია.

ფისკალური კონსოლიდაცია ერთი მხრივ და მეორე მხრივ ეკონომიკის გახნიდან გამომდინარე ეკონომიკური აქტივობა იქნება შემოსავლების წყარო ბიუჯეტში. თუმცა ამავდრულად იმისათვის, რომ ინვესტიცია მოვიზიდოთ, აუცილებლად უნდა განვიხილოთ პროდუქტიული ანუ ექსპორტზე/დასაქმებაზე ორიენტირებული დარგებისთვის შეღავათების დაწესება. ჩვენ გვაქვს ამის პრეცენდენტი, როცა FDI გრანტი გავაკეთეთ, რაც მიმართულია იქითკენ, რომ სახელმწიფომ დააფინანსოს ინვესტორის დანახარჯები სხვადასხვა მიმართულებით. აქ ვსაუბრობთ, რომ მოვახდინოთ მასშტაბიზაცია ამ პროდუქტის, რომ ეს არ იყოს მხოლოდ ქეშბექი და მაგალითად ეს იყოს გადახდილი გადასახადების უკან დაბრუნება. ერთი მხრივ, რომ არ დავაზიანოთ საგადასახადო დისციპლინა, თუმცა გადახდილი გადასახადები დავუბრუნოთ ინვესტორს უკან, რათა მის მიერ განხორციელებული ინვესტიცია საქართველოში იყოს უფრო მომგებიანი ყველა იმ რისკის მიუხედავად, რაც ქვეყანას აქვს და მან გადაწვიტოს ამ მოტივაციით პროექტის გაკეთება და დასაქმების შექმნა“, - აცხადებს ლილუაშვილი.

რამდენად შეძლებს ცნობილი პრემიერის, ცნობილი გუნდი გარდამტეხი რეფორმების გატარებას, მათ შორის პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოზიდვის თვალსაზრისით, რთულად გამოსაცნობი არ არის. ფაქტია დაძაბული პოლიტიკური პროცესები საქართველოს საინვესტიციო იმიჯზე დადებით გავლენას ვერ მოახდენს, მითუმეტეს წინ გვიდევს კონკრეტული რიცხვები, როცა გასული წლის მესამე კვარტალში ქვეყანაში FDI 23.6%-ით შემცირდა და $302.6 მილიონი დოლარი შეადგინა. ჯამურად, წლის 9 თვეში კი FDI $719 მილიონი დოლარი იყო, რაც 2019 წელთან შედარებით 24%-ით ანუ $228 მილიონი დოლარით ნაკლებია.