მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რამდენად არის გაზრდილი საქართველოს ენერგოდამოკიდებულება რუსეთზე?

61508b576c5b5
შოთა ტყეშელაშვილი
26.09.21 18:54
2108
გასული 10 წლის განმავლობაში საქართველო ელექტროენერგიის ნეტ-ექსპორტიორი ქვეყნიდან იმპორტიორ ქვეყნად იქცა. საქართველოს ელექტრონული სისტემის კომერციული ოპერატორის მონაცემებით, ადგილობრივი გამომუშავების ჯამური მოცულობა საქართველოს ენერგომოხმარების მაჩვენებელს მკვეთრად ჩამოუვარდება - ამიტომაც ქვეყანა სულ უფრო მეტი მოცულობის უცხოურ დენს ყიდულობს.

2021 წლის 8 თვეში ელექტროენერგიის იმპორტმა 1.71 მილიარდ კილოვატ საათს მიაღწია, ეს მთლიანად 2020 წლის დენის იმპორტს 7%-ით აღემატება. სტატისტიკის მიხედვით, ქვეყანამ ყველაზე მეტი - 1.05 მილიარდი კილოვატ საათის ელექტროენერგია რუსეთიდან მიიღო, რაც რუსეთიდან დენის იმპორტის რეკორდული მოცულობაა.

2021 წელს ელექტროენერგიის იმპორტის ზრდის მთავარი განმაპირობებელი ოკუპირებულ აფხაზეთში ელექტროენერგიის მოხმარების უკონტროლო ზრდაა, რაც თავისმხრივ მაინინგის ბუმით არის გამოწვეული. მიმდინარე წლის სამი თვის მანძილზე, როდესაც ენგურჰესი სარეაბილიტაციოდ იყო გაჩერებული აფხაზეთის ელექტრომარაგება სრულად რუსულ იმპორტზე იყო დამოკიდებული, რომლის საფასურსაც “ენგურჰესის” გენერალური დირექტორის, ლევან მებონიას განმარტებით, თავად აფხაზეთი რუსეთიდან მისაღებული საბიუჯეტო დაფინანსების “გაქვითვით” იხდის. 1.05 მილიარდი კილოვატ საათის იმპორტში, რაც წელს საქართველომ რუსეთიდან მიიღო, 924 მილიონი კილოვატ საათი სწორედ აფხაზეთის ენერგომომარაგებისთვის იყო განკუთვნილი. თავისმხრივ, რეგიონში ელექტროენერგიის მკვეთრი ზრდა საქართველოს ენერგეტიკისთვის მძიმე გამოწვევას წარმოადგენს, რადგან აფხაზეთმა 2021 წლის 8 თვეში იმაზე მეტი დენი მოიხმარა, ვიდრე მთელმა თბილისმა, ხოლო რუსეთის გარდა რეგიონი დენს "ენგურჰესიდან" და "ვარდნილჰესიდან" სრულიად უფასოდ იღებს, რაც დანარჩენი საქართველოსთვის ამ სადგურების მიერ მიწოდებულ დენს ამცირებს. 

2016 წლამდე საქართველო ელექტროენერგიის ნეტ ექსპორტიორი იყო, რაც ნიშნავს, რომ ქვეყანას ექსპორტზე უფრო მეტი ელექტროენერგია გაჰქონდა, ვიდრე მეზობელი ქვეყნებისგან ყიდულობდა. სწორედ ამ თარიღის შემდგომ იწყება ელექტროენერგიის იმპორტის მნიშვნელოვანი ზრდა.

“ქართული ოცნების” თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ 2012 წელს საქართველოს ენერგოდამოკიდებულების ხარისხი რუსეთის ფედერაციაზე იყო “გაცილებით მაღალი” ვიდრე დღესაა. თუმცა, ფაქტია, რომ 2012 წელს საქართველო გაცილებით ნაკლებად იყო დამოკიდებული ელექტროენერგიის იმპორტზე, რადგანაც ქვეყანა ნეტ-ექსპორტიორი იყო. ხოლო უშუალოდ რუსეთიდან 2012 წლის განმავლობაში საქართველომ 517 მილიონი კილოვატ საათის ელექტროენერგია მიიღო, რაც 2021 წლის მხოლოდ პირველ 8 თვეში რუსეთიდან დენის იმპორტზე 2-ჯერ ნაკლებია.

რაც შეეხება ბუნებრივი გაზის სექტორს, საქართველო ყოველწლიურად 2.5 მილიარდ კუბურ მეტრზე მეტ ბუნებრივ აირს მოიხმარს. აქედან რუსეთზე საშუალოდ 180-200 მილიონი კუბური მეტრი ბუნებრივი აირი მოდის. თუმცა, 2021 წლის განმავლობაში რუსული გაზის იმპორტი განსაკუთრებულად მაღალი ტემპით - 249%-ით გაიზარდა და მან უკვე 313 მილიონი კუბური მეტრი შეადგინა. საქართველოში წელს შემოსული რუსული გაზის ჯამური ღირებულება $65.4 მილიონი დოლარია, რაც 2020 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით $40.6 მილიონით მეტია.

შესაბამისად, როგორც ელექტროენერგიის, ასევე ბუნებრივი აირის მიმართულებით, რუსეთზე დამოკიდებულება გაზრდილია.

თუ ელექტროენერგიის მოხმარება არსებული ტემპით გაგრძელდა და ქვეყანაში ნამახვანჰესის მსგავსი მნიშვნელოვანი სადგურების განვითარება მრავალი წლით შეფერხდა, მაშინ მომდევნო წლებში საქართველოს ენერგეტიკის სექტორის დამოკიდებულება მეზობელ ქვეყნებზე კიდევ უფრო მეტად გაიზრდება. ამავდროულად, გაიზრდება წნეხი საგადასახდელო ბალანსზე, რადგანაც იმპორტის გზით ქვეყნიდან უფრო დიდი სავალუტო რესურსი გავა, ხოლო FDI კი შემცირდება.