მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რამდენად დააკომპენსირეს ადგილობრივმა ვიზიტორებმა საერთაშორისო ტურიზმის მიმართულებით დანაკარგი?

5f6459fc41363
BM.GE
18.09.20 22:55
1030
გაეროს ტურიზმის მსოფლიო ორგანიზაციის შეფასებით, 2020 წლის პირველ ნახევარში გლობალურად საერთაშორისო ტურიზმი 65%-ით შემცირდა. ცხადია, რომ კლების უმთავრესი მიზეზი Covid-19-ით გამოწვეული პანდემიაა.

მას შემდეგ, რაც ტურისტების გადაადგილებასთან დაკავშირებული შეზღუდვები დაწესდა, სხვა ქვეყნების მსგავსად საქართველოც ადგილობრივი ტურიზმის იმედად დარჩა და გაჩნდა მოლოდინი, რომ იმ ფულის ნაწილი, რომელსაც პანდემიამდე ქართველები უცხოეთში ხარჯავდნენ ადგილობრივი ტურიზმის ინდუსტრიაში დარჩებოდა.

საქსტატის მონაცემებით, 2019 წელს საქართველოს რეზიდენტებმა ქვეყნის საზღვრებს გარეთ 2.4 მლნ ვიზიტი განახორციელეს და 2.1 მილიარდი ლარი დახარჯეს. შესაბამისად, ვიზიტზე გაწეულმა საშუალო ხარჯმა 877 ლარი შეადგინა. სტატისტიკა აჩვენებს, რომ მიმდინარე წლის პირველ კვარტალში ადგილობრივი რეზიდენტების მიერ უცხოეთში განხორციელებული ვიზიტები 7%-ით შემცირდა და 452 ათასი შეადგინა, ხოლო მეორე კვარტალში ლოქდაუნის გამო, ვიზიტები 93.5%-ით შემცირდა და მხოლოდ 36.7 ათასი შეადგინა.

რაც შეეხება ადგილობრივი ტურიზმის უახლეს ტენდენციებს, 2020 წლის პირველ ნახევარში საქართველოს რეზიდენტი ვიზიტორების ანგარიშზე ქვეყნაში განხორციელებული 5.1 მლნ ვიზიტია, ეს მონაცემი გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 22.5%-ით არის შემცირებული. სტატისტიკის მიხედვით, მიმდინარე წლის იანვარ-ივნისში 2019 წლის პირველ ნახევართან შედარებით ადგილობრივმა ვიზიტორებმა 11.3%-ით ნაკლები, 649.1 მლნ ლარი დახარჯეს, თუმცა ერთ ვიზიტზე გაწეული საშუალო ხარჯი მიმდინარე წლის პირველ კვარტალში 11.8 ლარით, ხოლო მეორე კვარტალში 24.8 ლარით გაიზარდა და იანვარ-მარტისთვის 122.3 ლარი, ხოლო აპრილ-ივნისისთვის 132 ლარი შეადგინა. აღასანიშნავია, რომ ადგილობრივ ვიზიტორებს ხარჯები ძირითადად გაეზარდათ საკვებისა და საყიდლების ნაწილში.

მოსალოდნელია, რომ მიმდინარე წლის დასაწყისთან შედარებით მესამე კვარტალში ადგილობრივი ვიზიტორების რაოდენობა გაიზრდება, თუმცა მათ მიერ გაწეული ხარჯების მოცულობა გარე ტურიზმისგან მიღებული დანაკარგების მცირე ნაწილსაც ვერ დააკომპენსირებს. საქართველოს ეროვნული ბანკის გათვლებით, 2020 წლის პირველ რვა თვეში უცხოური ტურიზმიდან შემოსავალი 78.7%-ით, $483 მლნ-მდე შემცირდა.

სტატისტიკა აჩვენებს, რომ 2019 წელს საქართველოში ვიზიტისას ერთი უცხოელი სტუმარი საშუალოდ 1 074 ლარს, ხოლო ერთი ადგილობრივი ვიზიტორი 129 ლარს ხარჯავდა. მიუხედავად იმისა, რომ ადგილობრივი ვიზიტორების რაოდენობა თითქმის ორჯერ აღემატება უცხოელ ტურისტებს, მათი უმრავლესობა საქართველოში ნათესავებისა და მეგობრების მონახულების მიზნით გადაადგილდება. ჯერჯერობით არ არის გამოქვეყნებული საქსტატის ანგარიში 2020 წლის მესამე კვარტლის მდგომარეობით, რაც შიდა ტურიზმის პიკური პერიოდის მაჩვენებლების შესახებ და ადგილობრივი მოსახლეობის დანახარჯების შესახებ ინფორმაციას გახდის ხელმისაწვდომს. სტატისტიკის გამოქვეყნებასთან ერთად გაირკვევა, თუ რამდენად დააკომპენსირეს ადგილობრივმა ვიზიტორებმა საერთაშორისო ვიზიტორების მხრიდან არსებული დანაკლისი.