მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რამდენად დროულია/ნაჩქარევია იზოლაციის ვადის შემცირება? - სპეციალისტების მოსაზრებები

61e14fc279e15
მარიამ ვარადაშვილი
14.01.22 18:47
3128
საქართველოს მთავრობა იზოლაციისა და კარანტინის პერიოდს ამცირებს. ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ თამარ გაბუნიამ განაცხადა. იზოლაციის ვადების შემცირებას გაბუნია ვირუსის ახალი შტამით, "ომიკრონით" ხსნის, რომელიც ძალიან სწრაფად ვრცელდება. 17 იანვრიდან იზოლაცია/კარანტინის ვადები ასე განისაზღვრება: ასიმპტომური, მსუბუქი შემთხვევებისთვის კარანტინის ვადა იქნება 8 დღე; საშუალო და მძიმე შემთხვევების დროს კარანტინის ვადა არის მინიმუმ 10 დღე და სახეზე უნდა იყოს სიმპტომების მკვეთრი გაუმჯობესება ბოლო 24 საათის განმავლობაში.

აღსანიშნია, რომ გასული წლის ბოლოს აშშ-ის დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრმა (CDC) იზოლაციის ვადები გაანახევრა, კერძოდ, უსიმპტომო პაციენტების შემთხვევაში იზოლაციის პერიოდი 10-დან 5 დღემდე შემცირდა. 

ანესთეზიოლოგ-რეანიმატოლოგი ანი ქავთარაძე მთავრობას ურჩევს, რომ იზოლაციის ვადების შემცირება რამდენიმე დღით, მინიმუმ ერთი კვირით მაინც გადადოს, რადგან ქვეყანაში, ჯერჯერობით, "ომიკრონის" შტამი დომინანტური არ არის, შესაბამისად, ახალი წესი ვირუსის დელტა შტამით ინფიცირებულებსაც შეეხებათ. მისი განმარტებითვე, კორონავირუსის დელტა შტამით ინფიცირებულებისთვის იზოლაციის ხუთდღიანი ვადა რელევანტური არ არის, რადგან ვირუსის გადამდებლობა უფრო ხანგრძლივია.

"იზოლაციის ვადები უნდა შემცირდეს მხოლოდ და მხოლოდ მას შემდეგ, რაც არგუმენტირებული დასკვნები გვექნება დომინანუტური შტამის შესახებ ჩვენს ქვეყანაში ანუ მას შემდეგ, რაც სეკვენირების შედეგად NCDC მიიღებს ადეკვატური რაოდენობის "ომიკრონის" შტამს. ამის შემდეგ მას ექნება იმის თქმის საფუძველი, რომ ქვეყანაში დომინანტურად ცირკულირებს ომიკრონი. მერე, რა თქმა უნდა, შეუძლია მსგვავსი გადაწყვეტილების მიღება, თუმცა ამ ეტაპზე ამას დარწმუნებით ვერ ვიტყვით, რადგან ჯერ კიდევ ცირკულირებს როგორც დელტა, ასევე ომიკრონის შტამები. საზოგადოებამ აქტიურად აიტაცა (CDC) რეკომენდაციები, სადაც ომიკრონი დომინანტურ შტამად უკვე დიდი ხანია გამოცხადდა. ჩვენ ყველა ნიმუშის სეკვენირებას ვერ ვახდენთ და ეს ხდება რენდომული შერჩევით, ამიტომ გარკვეული დროს სჭირდება იმას, რომ NCDC-ს დაუგროვდეს საკმარისი ინფორმაცია, რათა შემდეგ უკვე განაზოგადოს მთელ ქვეყანაზე. კერძოდ, ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ვინც ავადდება ვირუსით უმრავლესობას "ომიკრონი" აქვს. ჩემი აზრით, მხოლოდ ამის შემდეგ უნდა მიიღონ გადაწყვეტილება იზოლაციის ვადებისა და პირობების შეცვლის შესახებ”, - აცხადებს ქავთარაძე.

ანესთეზიოლოგ-რეანიმატოლოგი ფიქრობს, რომ "ომიკრონის" შტამის ფართო გავრცელების ფონზე მთავრობამ აუცილებლად უნდა შეამციროს იზოლაციის ვადები, სხვა შემთხვევაში საკმარისი მუშახელი არ იქნება უპირველესად სამედიცინო სექტორში, თუმცა იქვე დასძენს, რომ ეს მინიმუმ ერთი კვირის შემდეგ უნდა გააკეთოს.

"სხვა შემთხვევაში სამედიცინო სექტორში კადრების სერიოზული პრობლემა შეიქმნება, სადაც ინფიცირების მაჩვენებელი ძალიან მაღალია. სხვა სარგებლზეც რომ განვაზოგადოთ, რა თქმა უნდა, იქაც დეფიციტი შეიქმნება იქ მომუშავე ადამიანების. ამიტომ, დიდი ალბათობით ამ ვადების შემცირება მოუწევთ, მაგრამ ვფიქრობ, ამ ეტაპზე ეს ნაადრევი იქნება. ვიმეორებ, ვხედავთ რომ კლინიკური გამოვლინების თვალსაზრისით, ჯერ კიდევ არის დელტას შემთხვევები და ინფიცირებულებსაც უფრო ხანგრძლივად აქვთ საკმაოდ რთული სიმპტომები. სავარაუდოდ, ერთი კვირა მაინც დასჭირდება ახალ შტამს ქვეყნის მასშტაბით კიდევ უფრო გასავრცელებლად. მით უფრო მაშინ, როცა სკოლები და საბავშვო ბაღები 17 იანვრიდან გაიხსნება”, - ამბობს ანი ქავთარაძე.

იზოლაციის და კარანტინის ვადების შემცირების მომხრეა ინფექციონისტი მაია ბუწაშვილიც და ისიც აღნიშნავს, რომ სხვა შემთხვევაში სამუშაო ძალის პრობლემა შეიქმნება.

“იზოლაციის ვადა აუცილებლად უნდა შემცირდეს, რადგან სხვაგვარად სრული კრიზისი იქნება, ვინაიდან უამრავ ადამიანს სახლში ყოფნა მოუწევს, რაც სამუშაო ადგილებზე დეფიციტს გამოიწვევს. თან "ომიკრონის" შემთხვევაში წინასაწარი კვლევები გვეუბნება, რომ უფრო ნაკლები დროის განლავლობაშია ადამიანი ვირუსის გამომყოფი და სხვების საფრთხის შემქმნელი წინამორბედ შტამებთან შედარებით”, - აცხადებს ბუწაშვილი.

საქართველოში მოქმედი იზოლაციის და კარანტინის წესების თანახმად, კორონავირუსისგან გამოჯანმრთელებულად ითვლება სიმპტომიანი პაციენტი თუ იზოლაციიდან გასულია მინიმუმ 10 დღე და დამატებით 3 უსიმპტომო დღე, ხოლო თუ დაავადება მიმდინარეობდა სრულიად უსიმპტომოდ, პაციენტი 10 დღე იმყოფება იზოლაციაში და მე-11 დღიდან იხსნება მეთვალყურეობიდან. ორივე შემთხვევაში გამოჯანმრთელებას ადასტურებს ოჯახის ექიმი.