მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რამდენად გაძვირდება „იაფი თურქული მედიკამენტები“ - ჯანდაცვის სამინისტროს განმარტება

62d7f2b4c74f0
შოთა ტყეშელაშვილი
20.07.22 16:14
836
თურქეთში ადგილობრივი ბაზრისთვის განკუთვნილი მედიკამენტების ფასი იზრდება. ამას ითვალისწინებს რეჯეპ ტაიპ ერდოღანის მიერ 2022 წლის 7 ივლისს გამოცემული ბრძანება, რომელიც ფარმაცევტული პროდუქტების ახალ ტარიფებს ადგენს. ბრძანების მიღების საჭიროება თურქული ლირის გაუფასურებიდან გამომდინარე დადგა. ცვლილება გავლენას მოახდენს ქართულ ბაზარზეც, რადგანაც 2022 წლის იანვრიდან საქართველოში, თურქული ადგილობრივი ბაზრისთვის განკუთვნილი წამლები შემოდიოდა. "ფარმადეპოს" და "იმპექსის" სააფთიაქო ქსელების ინფორმაციით, ეს ცვლილება სარეალიზაციო ფასებს 20%-30%-ით გაზრდის. ამასთან, თავად თურქული წამლების წილი ქართულ ბაზარზე მიზერულია და ის გაყიდვების 3%-ს შეადგენს. 

თურქეთული მედიკამენტების ფასების ზრდასთან დაკავშირებით განმარტებას აკეთებს ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე ილია ღუდუშაური. მისი განცხადებით, ფასის შესაძლო ზრდის მიუხედავად, თურქული წამლები მის ალტერნატივებთან შედარებით უფრო იაფი იქნება. 

"საუბარი იმაზე, რომ თურქეთიდან შემოტანილი მედიკამენტები გაძვირდება და ძველ ნიშნულს დაუბრუნდება, არის სპეკულაცია და არ შეესაბამება სიმართლეს“, - განაცხადა ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილე ილია ღუდუშაურმა.

მისი განმარტებით, თურქეთში, მთავრობის გადაწყვეტილებით, ფარმაცევტული კურსი დაკორექტირდა, რამაც შესაძლოა მცირე გავლენა იქონიოს თურქეთიდან იმპორტირებული მედიკამენტების ფასზე და მნიშვნელოვან ცვლილებას არ ველოდებით. ამის საფუძველს გვაძლევს ის გარემოებაც, რომ 2022 წლის თებერვალში ანალოგიურ კორექტირებას ჰქონდა ადგილი, რასაც საქართველოში თურქეთიდან შემოტანილ მედიკამენტების ფასებეზე გავლენა არ მოუხდენია. თურქეთში ფარმაცევტული კურსის დაკორექტირებით არ დაიკარგება ის ეფექტი, რაც საქართველოში თურქეთიდან შემოსული მედიკამენტების ფასებთან დაკავშირებით მივიღეთ.

„მნიშვნელოვან ცვლილებებს არ ველოდებით. ის ეფექტი, რომელიც წლის დასაწყისში, თურქული ბაზრის გახსნით მივიღეთ საქართველოში მედიკამენტების ფასებთან მიმართებაში, არ დაიკარგება.

თურქეთიდან შემოტანილი მედიკამენტები კვლავ მნიშვნელოვნად იაფი იქნება, ვიდრე ეს იყო წლის დასაწყისში. ვფიქრობ, საუბარი იმაზე, რომ თურქეთიდან შემოტანილი მედიკამენტები გაძვირდება და ძველ ნიშნულს დაუბრუნდება, არის სპეკულაცია და არ შეესაბამება სიმართლეს”, - განაცხადა ილია ღუდუშაურმა.

"დღეს საქართველოს სააფთიაქო ქსელებში ხელმისაწვდომია თურქეთიდან იმპორტირებული 400-ზე მეტი დასახელების მედიკამენტი და მათი რაოდენობა ყოველდღიურად იზრდება. ფასები 60% − 80%-მდე შემცირდა. წელს, 150 000-ზე მეტმა ადამიანმა მედიკამენტებში ძველი ფასებით 79 მილიონის ნაცვლად, დაახლოებით 26 მილიონი ლარი გადაიხადა. დანაზოგი დაახლოებით 53 მილიონი ლარია," - ნათქვამია ჯანდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.