მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რამდენად გაიზარდა ბიზნესის ბრუნვა და გადახდილი გადასახადები აპრილში?

60b4e71e0028a
შოთა ტყეშელაშვილი
31.05.21 23:20
781
საქსტატმა დღეს, 2021 წლის აპრილის ეკონომიკური ზრდის ანგარიში გამოაქვეყნა - დოკუმენტის თანახმად, ეკონომიკის მოცულობა წინა წლის აპრილთან შედარებით 44.8%-ით გაიზარდა. ასეთი მაღალი ეკონომიკური ზრდა მნიშვნელოვანწილად “საბაზო ეფექტით” არის განპირობებული, რადგანაც 2020 წლის აპრილში ქვეყანაში მოქმედი ლოქდაუნის გამო ეკონომიკა 16.6%-ით შემცირდა. თუმცა, “საბაზო ეფექტის” მიუხედავად, აპრილში საქართველოს ეკონომიკის ზომა, კრიზისამდელ - 2019 წლის ეკონომიკის ზომასაც აღემატებოდა. 2019 წლის აპრილთან შედარებით ეკონომიკის ზრდამ 20.7% შეადგინა.

საქსტატი ეკონომიკური ზრდის მაჩვენებლებს დღგ-ის გადამხდელი საწარმოების ბრუნვის მიხედვით ითვლის. აპრილში ქვეყანაში მოქმედი კომპანიების ბრუნვა 8.44 მილიარდი ლარი იყო, რაც 2020 წლის აპრილში, ანუ ლოქდაუნის დროს არსებულ ბრუნვას 94%-ით აღემატებოდა. თუმცა, მატება შეიმჩნევა არამხოლოდ 2020 წელთან, არამედ 2019 წელთან მიმართებითაც. უფრო დეტალურად, 2019-2021 წლების აპრილში ბიზნესის ბრუნვა ასე იცვლებოდა:

● 2021 წ. აპრილი - დღგ-ის გადამხდელი საწარმოების ბრუნვა 8.44 მილიარდი ლარი;
● 2020 წ. აპრილი - დღგ-ის გადამხდელი საწარმოების ბრუნვა 4.24 მილიარდი ლარი;
● 2019 წ. აპრილი - დღგ-ის გადამხდელი საწარმოების ბრუნვა 6.16 მილიარდი ლარი;

შესაბამისად, 2021 წლის აპრილში საქართველოს კერძო სექტორის ბრუნვა 2020 წელთან შედარებით 94%-ით, ხოლო 2019 წელთან შედარებით კი 37%-ით მეტი იყო.

რაც შეეხება გადახდილ დღგ-ს, მატება ამ მხრივაც შეიმჩნევა:

● 2021 წ. აპრილი - ბიზნესის მიერ გადახდილი დღგ 400.4 მილიონი ლარი;
● 2020 წ. აპრილი - ბიზნესის მიერ გადახდილი დღგ 230.4 მილიონი ლარი;
● 2019 წ. აპრილი - ბიზნესის მიერ გადახდილი დღგ 322.2 მილიონი ლარი.

შესაბამისად, 2021 წლის აპრილში საქართველოს კერძო სექტორის მიერ გადახდილი დამატებული ღირებულების გადასახადის მოცულობა 2020 წელთან შედარებით 74%-ით გაიზარდა, 2019 წელთან მიმართებით კი მატება 24.2%-ია.

სხვა გადასახადებისგან განსხვავებით, აპრილში შემცირებულია გადახდილი საშემოსავლო გადასახადის მოცულობა, თუმცა, ეს 1500 ლარამდე ხელფასებზე დაწესებულ შეღავათს უკავშირდება, რის გამოც 750 ლარამდე ხელფასები სრულად, ხოლო 1500 ლარამდე ხელფასები ნახევრად არის საშემოსავლო გადასახადისგან გათავისუფლებული. აპრილში ამ გადასახადის შესრულებამ 250 მილიონი ლარი შეადგინა, რაც წინა წელთან შედარებით 12/6%-ით ნაკლებია, თუმცა ფინანსთა მინისტრის თქმით, გასული თვის განმავლობაში ქვეყანაში ხელფასი 100 ათასით მეტმა ადამიანმა აიღო, ვიდრე 2020 წლის აპრილში, გაცემული ხელფასების მოცულობა კი 38%-ით არის გაზრდილი.

აპრილში ბიზნესის მიერ გადახდილი მოგების გადასახადი 52.3 მილიონი ლარი იყო, ეს 2020 წელთან შედარებით 13.6%-ით, 2019 წელთან შედარებით კი 18.3%-ით მეტია.

რაც შეეხება აქციზის გადასახადს, აპრილში ბიზნესმა 119.8 მილიონი ლარის აქციზის გადასახადი გადაიხადა - ეს თანხა 2020 წელთან შედარებით 15.7%-ით, 2019 წელთან შედარებით კი 40%-ით მეტია.

ეკონომიკური ზრდის შესახებ დღეს გამოქვეყნებული სტატისტიკა წინასწარ ანგარიშს წარმოადგენს და ის არ შეიცავს დეტალურ ინფორმაციას იმის შესახებ თუ ეკონომიკის რომელ სექტორში რამდენი მილიარდი ლარის ბრუნვა დაფიქსირდა.