მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რამდენად რეალისტურია სახელმწიფო რესურსით ბავშვთა ონკოლოგიური კლინიკის შექმნა?

638db9baa9ce1
თათია ჩაფიჩაძე
05.12.22 19:50
496
ჯანდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებული ინფორმაციით, სახელმწიფო ბავშვთა ონკოლოგიური კლინიკის შექმნას და ჰემატო-ონკოლოგიური სერვისების გაფართოებას გეგმავს. ჯანდაცვის სპეციალისტების ნაწილის შეფასებით, კერძო სექტორის ჩართულობის გარეშე სახელმწიფოს წარმატებული მომსახურების გაწევა გაუჭირდება.

„საქმიანი დილის“ ეთერში ჯანდაცვის მენეჯმენტის სპეციალისტმა ვატო სურგულაძემ მაგალითად რუხის კლინიკა მოიყვანა, რომელიც დახარჯული მილიონების მიუხედავად წარმატებით ვერ ფუნქციონირებს. იგი მიიჩნევს, რომ ონკოლოგიური მიმართულებით ბავშვთა ადგილზე მკურნალობის ეფექტურობის ზრდისთვის, მაღალტექნოლოგიურ დანადგარებსა და მედიკამენტებთან ერთად, ექიმების მუდმივი გადამზადება უნდა მოხერხდეს. ერთიანი პროცესი კი სახელმწიფოსა და კერძო სექტორის ერთობლივი თანამშრომლობით არის შესაძლებელი.

„ძალიან გამიხარდება თუ აღარ იქნება მორბენალი სტრიქონები იმაზე, რომ ბავშვს ესაჭიროება უცხოეთში მკურნალობა და ყველაფერი მოხერხდება ჩვენს რეალობაში, მაგრამ ეს ძალიან რთულია ჩვენი, არც ისე მდიდარი სახელმწიფოს პირობებში. იყვნენ ისრაელში, ნახეს კლინიკები მაგრამ, ეს კლინიკები მსოფლიოს ათეულში ყოველწლიურად შედიან და ძალიან რთულია ამ შედეგის მიღწევა.

ავიღოთ ჩვენი სახელმწიფო კლინიკების მდგომარეობა რესპუბლიკური საავადმყოფოს, ონკოლოგიური ლისის ტბაზე, რომელიც სრულიად დანგრეულია. რუხში აშენებული 30 მლნ-იანი კლინიკა, რომელიც ფაქტიურად არ ფუნქციონირებს. ინფექციური საავადმყოფო, რომელსაც შენობა გამოუყვეს, მაგრამ ისევ აგრძელებენ 1955 წელს აშენებულ შენობაში მუშაობას. ეს არის ძალიან ძვირადღირებული სერვისი, ტექნოლოგიები, ყოველწლიურად ხდება ამის განახლება, თუ არ მოხდება მუდმივი ინდექსაცია ბავშვების ქვეყნიდან გაყვანა ისევ მოგვიწევს. 2021 წელს ონკოლოგიური შემთხვევების  107 ახალი შემთხვევა იყო, მეორე ადგილზეა თავის ტვინის სიმსივნეები და სხვა. როდესაც ბავშვს აქვს ავთვისებიანი სიმსივნე მშობელს არ უნდა უწევდეს საკუთარი რესურსით ფულის მოგროვება, ქვეყანამ უნდა უზრუნველყოს მათი მკურნალობა.

პირველადი ჯანდაცვა არ გვაქვს, პირველ ეტაპზე ვერ ვახერხებთ დიაგნოზის დასმას და ამიტომაც ზოგჯერ დაგვიანებულია. 2,5 მლნ იყო ონკო-ჰემატოლოგიური მიმართულებით დაფინანსება, ამ წელს 3 მილიონია, კარგია ზრდა მაგრამ რამდენად საკმარისია ეს ცალკე საკითხია. რამდენად არ ჭამს ამას ინფლაცია, მედიკამენტების ფასები და სხვა ხარჯი. ასევე მნიშვნელოვანია თანამშრომელთა ანაზღაურება, არ შეიძლება 2013 წლიდან მათ ერთიდაიგივე ხელფასი ჰქონდეთ. 

ჩემი აზრით, პროცესში აუცილებელია კერძო სტრუქტურის ჩართვა, გაფართოება, კარგი დაფინასება თუ გვინდა რეალური შედეგი მივიღოთ. მუდმივი გადამზადება კადრების, ახალი ცოდნის შეძენა, ჩვენი ექიმების წაყვანა საზღვარგარეთ და აქ შეიძლება ჩაერთოს სახელმწიფო და უზრუნველყოს მუდმივი გადამზადება. მათი მოტივაცია, ეს არ ღირს იაფი. მედიცინაში თუ ყოველდღე ახალს არ სწავლობ ჩამორჩები, ინფორმაცია, ტექნოლოგიები, მედიკამენტები - ამას თუ არ ავყვებით ავაშენებთ კლინიკას და მერე ეს კლინიკა გაჩერდება რადგან ვეღარ დავაფინანსებთ, შესაბამის კადრებს თუ ვერ მოვამზადეთ და მაშინ გადაყრილი ფული იქნება“ - განაცხადა სურგულაძემ.

საქართველოში ბავშვთა ონკოლოგიური სახელმწიფო კლინიკის და ჰემატო-ონკოლოგიური სერვისების გაფართოება იგეგმება. როგორც ჯანდაცვის სამინისტროს მიერ გასული კვირის ბოლოს გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი, ამ მიზნით უწყებაში სამუშაო ჯგუფი შეიქმნა, რომლის წევრებიც თელ-ავივში, ონკო-ჰემატოლოგიური მიმართულებით წამყვან სეხელმწიფო კლინიკებს სტუმრობდნენ. სამინისტროს წარმომადგენლებმა, კლინიკის ხელმძღვანელებთან და კლინიცისტებთან შეხედრები გამართეს და ჰემატო-ონკოლოგიური სერვისების მიმართულებით დანერგილ პრაქტიკასა და გამოცდილებას გაეცნენ. საქართველოში ბავშვთა ონკოლოგიური სახელმწიფო კლინიკის შექმნის პროცესში უწყება განვითარებული ქვეყნების გამოცდილების გაზიარებას და პროცესში უცხოელი ექსპერტების ჩართვას გეგმავს. ისრაელის შემდეგ სამუშაო ჯგუფი გერმანიის გამოცდილების გაცნობას აპირებს.