მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რამდენად რეალურია IMF-ის პროგრამის შეფერხების რისკები სებ-ის კანონის გამო? - გვენეტაძის პასუხი

63fd36dcacafe
ალა ისპირიანი
28.02.23 12:00
677
საქართველოს პრეზიდენტმა ეროვნული ბანკის შესახებ ორგანულ კანონში პარლამენტის მიერ დაჩქარებული წესით მიღებულ კანონს ვეტო დაადო. სალომე ზურაბიშვილის შეფასებით, ეს კანონპროექტი საჭირო არ იყო. შეგახსენებთ, ახალი კანონი ეროვნულ ბანკში პირველი ვიცე-პრეზიდენტის პოსტს ამკვიდრებს. დოკუმენტის თანახმად, პირველ ვიცე-პრეზიდენტს სებ-ის პრეზიდენტის არყოფნის პირობებში პრეზიდენტის უფლებამოსილების შესრულება შეეძლება. აღსანიშნია, რომ საპარლამენტო უმრავლესობის მიერ ინიცირებული და დამტკიცებული კანონი გააკრიტიკა როგორც ეროვნულმა ბანკმა, ასევე საერთაშორისო სავალუტო ფონდმა და საქართველოში აშშ-ის ელჩმაც.

აღნიშნულ საკითხზე ეროვნული ბანკის პრეზიდენტ კობა გვენეტაძეს BMGTV-ის გადაცემა „წერტილში“ რამდენიმე კითხვა დავუსვით.

- როგორ შეიძლება ითარგმნოს 7 წელიწადში ერთხელ სხვადასხვა მიზეზით ეროვნული ბანკის, როგორც დამოუკიდებელი ინსტიტუციის ერთგვარი შეყანყალება - ნიშნავს თუ არა ეს იმას, რომ მმართველ ძალას აშინებს სრულად დამოუკიდებელი ეროვნული ბანკი?

- ეს არის უმაღლესი წარმომადგენლობითი ორგანოს ინიციატივა და ვფიქრობ, უფრო მიზანშეწონილია ახსნა-განმარტებები მათგან მოვისმინოთ და იყო კიდეც... რაც შეეხება იმას, რატომ ხდება ასე, ვფიქრობ, ამ დროს უფრო მნიშვნელოვანია დავაკვირდეთ, რა ხდება სინამდვილეში, არის თუ არა ეროვნული ბანკი დამოუკიდებელი; მაშინ როდესაც ეროვნული ბანკი არაპოპულარულ გადაწყვეტილებებს იღებს, რომლებიც ეკონომიკური თეორიების მიხედვითაც ინტერესთა კონფლიქტშია, ვთქვათ მთავრობის მოკლევადიან მიზნებთან, ეს უკვე თავისთავად ნიშნავს, რომ ეროვნული ბანკი დამოუკიდებელია. არ მინდა, ამაზე ბევრი ვისაუბრო, მაგრამ როგორც იტყვიან „საქმემან ჩვენმან წარმოგვაჩინოსო“ და თუ გადავხედავთ ეროვნული ბანკის საქმიანობას, შეფასებას იმ ნაბიჯების, რომელსაც ეროვნული ბანკი აკეთებდა, ვფიქრობ, საკმარისი საფუძველი არსებობს, რათა ვთქვათ, რომ ეროვნული ბანკი რთულ სიტუაციებში და გამოწვევებით სავსე სიტუაციებში ადეკვატურ გადაწყვეტილებს იღებდა, რომელიც საჭირო იყო და ასეთი ნაბიჯები ბევრჯერ გაკრიტიკებულა, აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლებისგან, მედიისგან, ბიზნესისგან, მაგრამ აქ მთავარი ეს არ არის; მთავარია, რამდენად ასრულებს სებ-ი იმ მოვალეობას, რთულ მისიას, რაც იმ წუთში მას აკისრია. ეს განსაკუთრებით მაშინაა მნიშვნელოვანი, როდესაც დღეს ცენტრალური ბანკის მმართველები ყველაზე არაპოპულარული ადამიანები არიან მთელ მსოფლიოში იმის გამო, რომ ინფლაციას ვერ გაუმკლავდნენ. დიახ, ჩვენ მართლა ვერ გავუმკლავდით ინფლაციას, მაგრამ ამისთვის ობიექტური მიზეზები არსებობს.

- მართლა გჯერათ, რომ საპარლამენტო უმრავლესობის ხუთმა დეპუტატმა კანონში ბუნდოვანება დაინახა და ამიტომაც მოამზადეს კანონპროექტი?

- მე რა მჯერა, ამას არ აქვს მნიშვნელობა. ჩვენი პოზიცია ამაზე ნათლად ჩამოვაყალიბეთ და ავხსენით... ის მოდელი, რომელიც არის და ის განწერა მუშაობდა და წესით, არ უნდა იყოს რაიმე საფუძველი, მომავალში არ იმუშავებს.

- ისე ამ შვიდი წლის განმავლობაში რაიმე ფორმით პრობლემა შეუქმნია სებ-ის საქმიანობისთვის იმას, რომ არ იყო პირველი ვიცეპრეზიდენტის სტატუსი?

- არსებული გამოცდილებიდან გამომდინარე - არა. პირველი ვიცე-პრეზიდენტის ფუნქცია არსებობს. ამ შემთხვევაში მთავარია, საკითხის გადაჭრა როგორ ხდება, როდესაც პრეზიდენტი არ არის. მგონი, ეს უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე ის, ვიღაც პირველი პრეზიდენტი იქნება, თუ პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელი, მაგრამ ეროვნული ბანკი ყოველთვის ზრუნავდა, რომ აქ ვაკუუმი არ გაჩენილიყო.

- ამ კანონპროექტზე ეროვნული ბანკის შენიშვნებიდან ერთ-ერთი შეეხებოდა წინააღმდეგობას საქართველოს ხელისუფლებისა და საერთაშორისო სავალუტო ფონდის შეთანხმებულ პროგრამასთან - “შესაძლებელია ქვეყანაში საერთაშორისო სავალუტო ფონდის მიერ მხარდაჭერილი 3-წლიანი პროგრამის შეფერხება“ - თუ ვეტო დაძლია პარლამენტმა პროგრამის შეფერხება რეალურია?

- ეს ჩანაწერი იმ დათქმასთან არის დაკავშირებული, რომელიც საერთაშორისო სავალუტო ფონდის მიერ მხარდაჭერილი პროგრამის დოკუმენტშია, რომელიც ამბობს, რომ ისეთი ცვლილებები, რომელიც ეკონომიკურ საკითხებს ეხება და პროგრამასთან არის დაკავშირებული, თუ აქ მნიშვნელოვანი ცვლილებები მოხდა, საერთაშორისო სავალუტო ფონდთან კონსულტაციები უნდა იქნას გავლილი. აქედან გამომდინარე, უფრო მიზანშეწონილი იქნებოდა ეს განხილვები ყოფილიყო, რადგან ჩვენ ეროვნული მმართველობითი მოდელის შეფასებას თავადაც ვაკეთებდით. დაახლოებით, ერთი წელია ამაზე საერთაშორისო სავალუტო ფონდთან ვმუშაობთ, რადგან გვინდოდა, შეგვეხედა რამდენად უპასუხებს თანამედროვე გამოწვევებს ის მოდელი, რომელიც ეროვნულ ბანკს აქვს. ამას რა გავლენა ექნება, სავალუტო ფონდის თანამშრომლები იმსჯელებენ, მაგრამ დიდი იმედი მაქვს, რომ საქმე აქამდე <პროგრამის შეჩერებამდე> არ მივა.